"ვინც ამ სამარცხვინო კადრებს იღებს, ყველანი მოედანზე უნდა გაიყვანო და დაწვა. 4-ჯერ უნდა დაწვა, ვინც ამ საზიზღრობას უკვეთავს და მერე იყენებს" - ასე ეხმიანება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ამ ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.
"ეს ამბავი რომ მოვისმინე, მეგობარს ბებია ჰყავს, 89 წლის ულამაზესი ქალბატონი და თანაც ძალიან იპრანჭება, მივედი და ვუთხარი, ცოტა ფრთხილად იყავი, ვინმესთან სექსი არ გქონდეს, თორემ გადაგიღებენ, დაიღუპები და ჩვენც შევრცხვებით-მეთქი. ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის. თორემ კარგად რომ დაფიქრდე, გული გაგისკდება, რაც ჩვენს თავს ხდება. ქვეყანა თავზე გვექცევა, ხალხი შიმშილობს, საჭმელს ნაგავში ეძებს, ჩვენ კი იმას დავდევთ, ვინ ვისთან რას აკეთებს. აქედან მორალი, ჩვენ სახელმწიფოდ ვერ შევდექით, ვართ ბრბო, რომელიც მარტო სხვისი ცხოვრებით ერთობა.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რა გითხრათ, როცა გაანადგურეს, ვამბობდი, რომ ეს სწორი პოზიცია იყო, არავის რომ აღარ გაებედა შემდგომში ამ უმსგავსობის გაკეთება. დღეს კი ისევ ვრცელდება. ჩემი ნება რომ იყოს, ვინც ამ ჩანაწერებს აკეთებს, ყველა უნდა გაიყვანო მოედანზე და დაწვა. 4-ჯერ უნდა დაწვა, ვინც ამ სიბინძურეს უკვეთავს და შემდეგ იყენებს. მაგრამ ვინ დაისჯება, მხოლოდ ის, ვინც უპატრონოა, ვისაც პატრონი ჰყავს, ის გადარჩება. ასეა ამ ქვეყანაში.
ახლა ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს ოპოზიცია თუ ხელისუფლება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გააკეთა, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ, ორივე ერთნაირია. მხოლოდ ერთი რამის იმედი მაქვს, გამოჩნდება მესამე ძალა, პატიოსანი და საქმის მკეთებელი, ალბათ დალაგდება ქვეყანა, ასე განწირულები არ ვიქნებით," - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.