თამარ შუკვანი
02.02.2019

 ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს შესაბამისი ლეგიტიმაცია არ აქვს, ის კანონის დარღვევით - კონკურსის გარეშე დაინიშნა. ანა ნაცვლიშვილმა კი „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს ასე არ მომხდარა.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, კონკურსი იყო გამოცხადებული და ჩატარდა კიდეც. როგორ ჩატარდა, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ დროს კონკურსი გამოცხადებული იყო," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გვრიტიშვილი სამ ძირითად მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არალეგიტიმურ წევრად:

„იცით, რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის?

„1) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11-პრიმა პუნქტის თანახმად, პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს ის კონკურსის წესით უნდა დაენიშნა. გაგიგიათ ვინმეს ასეთი კონკურსის ჩატარების შესახებ? მე არა! ანუ - თუ ანა დოლიძე უკონკურსოდ დაინიშნა, ჩადენილია კანონდარღვევა და მისი დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი ბათილია!

„2) თითქმის ყველა უწყებას და პროფესიულ ჯგუფს აქვს ეთიკური წესები, რომელიც უნდა დაიცვას ამ უწყებაში დასაქმებულმა ან პროფესიულ ჯგუფში გაწევრიანებულმა პირმა. ეთიკური წესები კი ამ პირს პირველ რიგში ავალდებულებს - იზრუნოს უწყების/პროფესიული ჯგუფის ინტერესების დაცვასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე.

„ანა დოლიძე კი რას აკეთებს? შანსს არ უშვებს - ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლებას და დააკნინოს საზოგადოების, უცხოელების თვალში! იტყუება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, სასამართლოს დისკრედიტაციის ხარჯზე! შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იფერებს ხოლმე, როცა ვინმე დაუწერს: ,,ანა, თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდით!" და გულაჩუყებული უხდის მადლობებს.

„3) ანა დოლიძე არ მონაწილეობს არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან სასამართლოს დადებითად წარმოაჩენს! იქ კი, სადაც სასამართლოს ლანძღავენ, ის პირველი მიდის!

„სწორედ ამ სამი გარემოების გამო, ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის," - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.

ნაცვლიშვილის განცხადებით, გვრიტიშვილს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ დოლიძე არალეგიტიმურ წევრად იქნა მიჩნეული და საჭირო გახდეს თუნდაც მისი საბჭოდან გაწვევა. მისივე თქმით, დოლიძე კონკურსის მიხედვით არის დანიშნული და გვრიტიშვილის განცხადებას „სასაცილოს" უწოდებს.

„ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მგონია, რომ ძალიან სასაცილოა ახლა ამ სიტუაციაში, როდესაც გვრიტიშვილი ამ საკითხს აყენებს.

„დეტალურად, ალბათ, ანა მოგიყვებათ ამ პროცედურის შესახებ, რომელიც მან გაიარა, მაგრამ თვითონ კანონშიც, როგორც მახსოვს, პირდაპირ დასახელება წერია, თუმცა პრეზიდენტის შიდა აქტით არის დადგენილი კონკურსი, რომელიც ჩატარდა, როგორც ვახტანგ მჭედლიშვილის შერჩევის დროს, ასევე ანა დოლიძის შერჩევის დროსაც," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×