თამარ შუკვანი
02.02.2019

 რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა შეიარაღებაში მიიღო ვიზუალურ-ოპტიკური ხარვეზების გამომწვევი სისტემა 5პ-42 „ფილინი", რომელსაც მოწინააღმდეგის „დაბრმავება" და ჰალუცინაციების გამოწვევა შეუძლია. ასეთი ეფექტი დაბალ სიხშირეზე სინათლის სიკაშკაშის ცვლილებით მიიღწევა, რაც თავის მხრივ ადამიანის მხედველობით ნერვზე ახდენს ზემოქმედებას.

ამის შესახებ რუსული „რია ნოვოსტი" წერს. მათი ცნობით, ახალი საბრძლო სისტემა, რომელიც სახელმწიფო ხილდიგ „როსელეკტრონიკაშ" დაამზადეს, უკვე დამონტაჟდა ორ რუსულ ფრეგატზე - „საბჭოთა კავშრის ფლოტის ადმირალი გორშკოვი" და „ფლოტის ადმირალი „კასატონოვი". გარდა ამისა, 5პ-42 „ფილინი" ასევე დამონტაჟდება კიდევ 2 რუსულ ფრეგატზე, რომელთა მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს.

რა ახალ სამხედრო სისტემაზეა საუბარი, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს და რამდენად ეფექტურია ის - აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი" ჟურნალ „არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს გაესაუბრა.

მან იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც რუსეთის სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში ამ ახალი სამხედრო სისტემის მიღებას შეიძლება მოყვეს.

მისი თქმით, თუკი რუსეთი შეიარაღებაში ამ ახალი სისტემას მიიღებს, ეს გასათვალისიწინებელი ფაქტორი იქნება, რადგან ამ მოწყობილობას ეფექტურობა გააჩნია, რაც განსაკუთრებით ღამით იკვეთება.

„ფილინი" წარმოადგენს ვიზუალურ-ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული ხარვეზების შესაქმნელ აპარატს. უფრო ღამის პერიოდში ხდება ამ აპარატის მიერ გამოსხივება სხვადასხვა ტალღეებზე. მოწინააღმდეგეს, რომელიც მიზანში ჰყავს ამოღებული, მის თვალებზე ზემოქმედება ამ შუქის გამოსხივებით ხდება, რის შემდეგადაც მოწინააღმდეგეს უჭირს დამიზნება.

„ფილინი" ასევე მოქმედებს ღამის ხედვის მოწყობილობებზე, ლაზერულ მომნიშვნელებსა და ინფრაწითელ სისტემებზე, ამასთანავე ტანკსაწინააღმდეგო მართავდი რაკეტების დამიზნების სისტემებზეც.

„თუკი ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება, ეს მეტ-ნაკლებად სერიოზული შეიარაღების ახალი სახეობაა. აქამდე იყო ცნობილი ლაზერული გამომსხივებლები, რომელიც მოქმედებდა მოწინააღმდეგის თვალებზე, თუ ისინი ამ დროს ბინოკლში იყურებოდნენ. ამ შემთხვევაში, ალბათ ესეც გასათვალისწინებელია. ეს არაა მომაკვდინებელი, თუმცა თუ იმოქმედა შეიძლება იყოს ეფექტური იმ მომენტში, განსაკუთრებით ღამის პირობებში," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×