„ანრის კანდიდატურას მხარს დავუჭერ იმიტომ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდაა და მშრომელი პიროვნებაა", - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა იურიდილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენა.
ერთერთი მთავარი საკითხი, რომელმაც ბოლო პერიოდში უმრავლესობის წარმომადგენელებს შორის მწვავე უთანხმოება გამოიწვია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის წარდგენა გახდა. 2 თებერვალს გამართულ უმრავლესობის დახურული სხდომაზე კომიტეტის თავჯდომარეობის კანდიდატად ოხანაშვილი დაასახელეს. თუმცა, კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.
„რეზონანსთან" საუბრისას, უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მისი თანაპრტიელების უმრავლესობის ინიციატივას იზიარებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის დანიშვნას მხარს დაუჭერს:
„სამწუხაროდ, არ ვესწრებოდი (საპარლამენტო უმრავლესობი დახურულ სხდომას). მაგრამ ანრის კანდიდატურას მხარს დავუჭერ იმიტომ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდაა და მშრომელი პიროვნება", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას პოზიციას, მან განაცხადა, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან გოგიჩაიშვილის დანიშვნას ემხრობა და ოხანაშვილის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია, რადგან ოხანაშვილი არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც საჭიროა თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად:
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის სწორედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში.
„ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვასა და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ. ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ", - თქვა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ასრულებს.