რეზონანსი
03.02.2019

 პანკისის მოსახლეობა სოფელ ბირკიანში ჰესების მშენებლობის მიმართ საკმაოდ აგრესიულადაა განწყობილი, თუმცა იმის შანსი, რომ პროტესტმა სახიფათო სახე მიიღოს, არც ისე მაღალია. ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

შაბათს სოფელ ბირკიანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ამას წინ უძღოდა პანკისის უხუცესების შეკრება ამავე საკითხზე.

თავად პანკისელების ცნობით, უხუცესთა ბოლო შეკრება 29 იანვარს შედგა, რის შემდეგაც პოლიციამ უხუცესები განყოფილებაში დაიბარა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება სცადა. მოსახლეობის თქმით, მათზე, ძალოვანი უწყებებიდან ზეწოლას სისტემატური ხასიათი აქვს.

მოსახლეობის პროტესტის იმას უკავშირდება, რომ, მათი შეფასებით, ჰესების მშენებლობა რეგიონში ეკოლოგიურ ვითარებას გააუარესებს. მამუკა არეშიძის ინფორმაციით, პანკისელებს სპეციალისტებიც შეხვდნენ და მათ გადარწმუნებას შეეცადნენ, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ, რადგან რეგიონში აქციები არ შეწყვეტილა.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება აუცილებელია. ხეობაში, ეკოლოგიურ საფრთხეებსა და კომპენსაციებზე, რომლებიც ჰესების მშენებლობას მოჰყვება, უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, თბილისში, ენერგეტიკოსებისა და ეკოლოგების მიერ უნდა განიხილებოდეს და დასკვნების გაკეთება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება. პოლიციისა და უშიშროების ჩარევით ეს საკითხი არ მოგვარდება", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

პანკისის ხეობაში, ადგილობრივი მოქალაქეები, უკვე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მთავრობის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ემსახურება. თუმცა, ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი, ხეობის ეკოლოგიურ მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნის და სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის მარაგის დეფიციტი შეიქმნება.

მარიამ ბოლქვაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×