„ანრი ოხანაშვილი თავისთავად ძალიან აზრიანი ადამიანია, მაგრამ ერთერთი მნიშვნელოვანი ტვირთი იქნება მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობა ანუ რამდენად ნეიტრალური იქნება ეს ადამიანი ამ წესზე მუშაობის დროს, რა პოზიციას დაიკავებს და ა.შ.", - აცხადებს „რეზონანსთან" გასულ შაბათს საპარლამენტო უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების კომენტირებისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის შაბათის სხდომაზე გადაწყდა, რომ მმართველი პარტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას წამოაყენებს. ასევე გადაწყვეტილია, რომ პარლამენტში 2024 წლამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი იქნება ინიცირებული.
ამ და სხვა საკითხებზე „რეზონანსი" რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„რეზონანსი": თვექნი აზრით, რამდენად გამართლებულია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება 2024 წლამდე?
რამაზ საყვარელიძე: მაქსიმალურად დადებითად ვაფასებ გადატანის თემას, მაგრამ დადებითად ვაფასებ ამ საკითხს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ვადისთვის საკითხი დამუშავდება საჭიროებისამებრ.
აქამდეც უნდა დამუშავებულიყო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, მაგრამ ვერ გააკეთეს. თუ 2024 წლისთვის ისევ დაუმუშავებელი აღმოჩნდება, მაშინაც ნაადრევი იქნება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.
ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა სახელმწიფოში, სადაც ავტორიტარული სისტემა ჩაანაცვლა დემოკრატიულმა, ეს ერთერთი ურთულესი საკითხია. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების გამოცდილებაა გასათვალისწინებელი. მაგალითად, ფაშისტური გერმანია ავტორიტარული სისტემის იყო და როდესაც გადავიდნენ დემოკრატიულ რეჟიმზე, მათთვის ერთერთი ყველაზე მწვავე საკითხი მოსამართლეთა დანიშვნის პრობლემა იყო. ეს ყველაფერი გასაანალიზებელი, გასათვალისწინებელი და ჩვენს რეალობაზე მოსარგებია.
„რ.": ასევე სერიოზული უთახმოებაა იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატთა კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია მოსაზრება, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის დაუშვებელია ცნობილ სკანდალური სიაში შემავალი მომასართლეების ყოფნა?
რ.ს.: ამერიკის კონსტიტუციაზე მუშაობისას, იმათ, ვინც კონსტიტუციაზე მუშაობდა აუკრძალეს 5 წლის განმავლობაში პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილიყო და მათ კონსტიტუციაზე არ ემუშავათ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა არ გაგვიაზრებია კონსტიტუციაზე მუშაობის დროს და, ფაქტობრივად, კონსტიტუციაზე მუშაობდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ კონსტიტუციის მიმართ ინტერესი ჰქონდა.
ახლაც იგივე საკითხი დგას - არ ვიაზრებთ იმ პრობლემას, რომ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი იყოს. მოსამართლეთა შერჩევის წესზე ის ადამიანები აპირებენ მუშაობას, რომლებიც შესაძლოა ამ კონკურსში აღმოჩნდნენ ჩართული, რაც დაუშვებელია.
„რ.": უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას დააყენებს, თუმცა, მას თავად „ოცნებაში" ჰყავს მოწინააღმდეგეები...
რ.ს.: ანრი ოხანაშვილი თავისთავად ძალიან აზრიანი ადამიანია, მაგრამ ერთერთი მნიშვნელოვანი ტვირთი იქნება მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობა, ანუ რამდენად ნეიტრალური იქნება ეს ადამიანი ამ წესზე მუშაობის დროს, რა პოზიციას დაიკავებს და ა.შ.
„რ.": რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირიდან 7 მათგანის გირაოს გადახდის შემდეგ განთავისუფლება, ხოლო ერთის პატიმრობაში დატოვება?
რ.ს.: ძიების დეტალები უცნობია, მაგრამ ზოგადად არც ერთი მათგანი არ უარყოფს ბრალს და იმას, რომ, ასე ვთქვათ, ჩახედეს ამ მასალებს. მემგონი, ანალოგიური პრობლემა უკვე დასჯადი უნდა იყოს, რადგან პათოლოგიური სახე მიიღო ამ ყველაფერმა. სანამ მოსახლეობას არ გაუჯდება იმის სტანდარტები, რომ ნებისმიერ ასეთი ინფორმაცია მოიშოროს თავიდან, ასეთ პროცესში უმცირესი ჩართვაც კი, ალბათ, სასურველია, რომ აღიკვეთოს.
„რ.": 10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან აპირებს შეხვედრას და მათთან ერთად სამომავლოდ, საქართველოში ჩამოსვლის გეგმის დასახვას. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია მისი ეს მიზნები და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს?
რ.ს.: საქართველოში ახლახანს იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ცნობილია რა პოზიციას იკავებდა სააკაშვილი, ცნობილია როგორ გეგმებს აწყობდა იგი ამ არჩევნების თაობაზე და შედეგიც თვალსაჩინოა. ხალხისთვის სწორედ სააკაშვილის გამო იყო მიუღებელი ვაშაძის კანდიდატურა. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხალხისათვის მიუღებელია „ენ-დი-აი"-ს კვლევებითაც დადგინდა - ყველაზე უფრო მიუღებელ პარტიად დასახელდა.
ამ ფონზე რამდენად რეალურია ემიგრანტების არმიის დაძვრა საქართველოსკენ მაშინ, როდესაც საქართველო თავად ეუბნება, რომ „მიუღებელი ხარო", მგონია, რომ კითხვაზე პასუხი უკვე ცხადია. გამარჯვების რეალური შანსი ამ მოძრაობას არ აქვს, მაგრამ შანსი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობასა და ემიგრაციას შორის ნაპრალი გააჩინოს, არსებობს, რაც თავისთავად ძალიან სამწუხარო იქნება.