სკოლებში ე.წ. ანონიმური ყუთების განთავსების ინიციატივას გივი სიხარულიძე ამორალურად და მიუღებლად მიიჩნევს. „ეს ბავშვების გახრწნაა“, - განაცხადა მან „რეზონანსთან“ საუბრისას.
„ენის მიტანა, ვინმეს დაბეზღება როგორ შეიძლება?! მალე, ქართული ენიდან სიტყვა „ვაჟკაცი“ გაქრება. ეს ყველაფერი იქით მიდის, რომ ქართველმა კაცმა რაინდული სულისკვეთება დაკარგოს“, - აცხადებს საყვარელიძე.
გივი სიხარულიძის თქმით, ახლანდელი თაობის ახალგაზრდობა, მისი თაობისგან რადიკალურად განსხვავდება.
„მახსოვს, პატარა ვიყავი და მე და ჩემს მეგობარს ჩხუბი მოგვიხდა. შინ დაბრუნებულმა მშობლებთან ეს ამბავი ჩემს მეგობარს გადავაბრალე. ამის გამო დედაჩემმა ცემით კინაღამ მომკლა - „როგორ გაბედე და სხვას რაიმე დააბრალე, შენ კაცად არ გაიზრდებიო“. ჩემი დედ-მამა ასე მზრდიდა და მომავალი თაობაც ზუსტად ასე უნდა აღვზარდოთ“, - განაცხადა მსახიობმა.
კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი ყუთების არსებობა თუნდაც ისეთი მოვლენების პრევენციის თვალსაზრისით, როგორიც ხორავას ქუჩის ტრაგედია იყო, სიხარულიძემ აცხადებს, რომ ამაზე პედაგოგებმა უნდა იზრუნონ.
„ბიჭები კაცებად, გოგონები კი კდემამოსილ ქალებად უნდა აღვზარდოთ. ბავშვებში ზნეობის დანერგვაზე პედაგოგებმა უნდა იზრუნონ. სკოლებში ანონიმური ყუთების არსებობა პრობლემებს ვერ აღმოფხვრის და ვერც ტრაგედიებს აგვარიდებს თავიდან. პირიქით, ყველაფერს უფრო გაართულებს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
ცნობისათვის, განათლების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს საჯარო სკოლების ყოველ სართულზე, ე.წ. ანონიმური ყუთები განთავსდება, რომლებშიც მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წერილების განთავსებას შეძლებენ. სკოლის ადმინისტრაცია ყუთებს ყოველდღიურად შეამოწმებს და ზემოაღნიშნული საკითხების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მანდატურს/უფლებამოსილ პირს აცნობებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებული პრობლემის შესახებ, მრჩეველთა საბჭოს შეატყობინებს, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი და სკოლის დირექცია, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
მარიამ ბოლქვაძე