დეკანოზ გიორგი მამალაძის სულიერი მდგომარეობა მძიმეა - ოჯახი მის ზიარებას და სინოდის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს
ელზა პაპოშვილი
04.02.2019

ე.წ. ციანიდის საქმე და წმინდა სინოდის დუმილი ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე - მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციებს იწყებენ. 

ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს და აცხადებს, რომ დაკავებულის სულიერი მდგომარეობა მძიმეა. კონკრეტულად, მამალაძე ამბობს, რომ  მისი ინფორმაციით, დეკანოზს  გულთან დაკავშირებით  პრობლემები აქვს. მისივე განცხადებით, მძიმეა მისი სულიერი მდგომარეობა.

საპატრიარქოსთან გამართულ აქციას  ასევე  ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შეუერთდა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, „რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და რომელიც დაამტკიცებს დეკანოზის უდანაშაულობას“. 

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მეორე წელია „ციანიდის საქმეზე“ წმინდა სინოდისგან ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას უშედეგოდ ელოდება.

სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულად ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზის ოჯახს არ უნდოდა საპროტესტო აქციების მოწყობა, თუმცა მათ სხვა გზა აღარ დარჩათ.

„ამ ორი წლის მანძილზე ვცდილობდი კომუნიკაცია დამემყარებინა საპატრიარქოსთან და მიმეღწია იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებიც ჩემი ძმის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. პლუს ამას, მათ სჯერათ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, არაერთხელ უთქვამთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, თავად პატრიარქსაც, თავად მეუფე შიოსაც, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა და მათ სჯერათ, რომ ჩემს ძმას არავის მოკვლა არ უნდოდა.

“ელემენტარულად ზიარებას ვითხოვდით, დაგვირეკეს და გვითხრეს მეუფე დიმიტრის წარმომადგენლებმა, რომ ვაზიარებთ შობამდეო, მაგრამ შემდეგ რაღაცეები შეცვალეს და ასე რომ ვთქვათ, გვეთამაშებიან. აქედან გამომდინარე, ოჯახი გამოვალთ საპატრიარქოსთან და დავიწყებთ აქციებს,“ - ამბობს მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.  

მამალაძის ძმა ამბობს, რომ აქციის დაწყებამდე ის იმყოფებოდა პატიმრის სანახავად, რომელიც წინააღმდეგი იყო ამ შეკრების გამართვის. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი მოთხოვნაა დეკანოზის ზიარება.

„ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებიდან, მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს შევხვდი ჩემს ძმას. ჩემი ძმის პოზიცია იყო ამ აქციასთან დაკავშირებით, ასე რომ ვთქვათ, ეს ეხება ეკლესიას და ჩემი ძმა სასულიერო პირია და იგი ცდილობდა გადაერწმუნებინა ჩემთვის ეს აქცია. 

“მაგრამ მე ვარ ძმა,  მე ვარ ოჯახის წევრი, მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მე ვფიქრობ მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოზიცია. მე ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყოველთვის საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია დამემყარებინა და მომეგვარებინა, ასე რომ ვთქვათ, შიგნიდან თავიანთი პრობლემა მაგრამ სამწუხაროდ ამ ორი წლის მანძილზე არანაირი დადებითი ნაბიჯი არ  გადადგმულა,“ - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ოჯახის აქციას სინოდის წევრებიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს გარდა.  ე.წ. ციანიდის საქმეზე წმინდა სინოდის ორწლიან დუმილს მის გარდა კვლავ არავინ არღვევს. 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. 

მეუფე  ასევე ეხმაურება მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის გადაწყვეტილებას, რომლებმაც საპატრიარქოსთან აქციები დაიწყეს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ  დეკანოზის მიმართ უსამართლოა ბრალდება და განაჩენი, თუმცა მისი აზრით, საზოგადოება აუცილებლად მოითხოვს ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

„როგორც თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი, არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე და აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ მავანნი, სამწუხაროდ. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის“ - ამბობს მეუფე პეტრე. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×