ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 „ოცნების" დეპუტატების ე.წ. ახლებსა და ე.წ. ძველების გუნდებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი არა და არ წყდება და ამჯერად დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს შორის გრძელდება.

„ახლებსა" და „ძველებს" შორის გუნდურობის შენარჩუნება, ოპონენტების დასანახად გარეგნულად მაინც, ვერა და ვერ ხდება ყველაზე მძიმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემის ირგვლივაც კი.

ეკა ბესელიმ სოფო კილაძე ფარულ ჩანაწერების თემაზე გაკეთებული განცხადების გამო არაგუნდურობაში დაადანაშაულა.

ბესელიას თქმით, კილაძის განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის მაგალითი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე როგორ არ უნდა საუბრობდეს

„დღეს პარალამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოვისმინე, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი! როგორ ღიად იცავს მოსამართლეთა ამ ჯგუფს და როგორ გადმოაქვს კრიტიკა ჩემ მიმართ, თუ როგორ ვთქვი ასეთი რამ. ეს კომენტარი არის კლასიკა, თუ როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს", - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

რაც შეეხება გამოძიებას, ბესელიას თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი სურვილი და გააკეთონ ყველაფერი, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი. ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სავარაუდო პირთა წრე, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული, არც თუ ისე დიდია.

მანამდე კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბესელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევააში დაადანაშაულა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელია მიანიშნებს, რომ კადრები შესაძლოა გავრცელებული ყოფილიყო მოსამართლეების მხრიდან ან "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" პორტირებული პირებისგან, კილაძემ საპასუხოდ თქვა, რომ ეს არაკორექტულია და ამგვარ ბრალდებებს გუნდში დისონანსი შემოაქვს.

„ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება. იმ ჯგუფებს, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი", - განაცხადა კილაძე

ბესელიასა და კილაძეს შორის დაპირისპირება ბოლო დროს ძალიან თვალშისაცემია. ბესელია და კილაძე ძალიან მწვავე განცხადებებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გასული წლის დეკემბერში, იურიდიული კომიტეტის იმ სხდომაზე, სადაც ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომაზე გააკეთა განცხადება და ზარდიაშვილი დაადანაშაულა უზენაეს სასამართლოში წარსადგენი უვადო მოსამართლეების 10-კაციანი სიის ლობირებაში. მაშინ კილაძესა და ბესელიას ურთიერთშელაპარაკება მოხდა, შემდეგ კილაძემ გააპროტესტა, რომ ბესელია მას სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევდა და პროტესტის ნიშნად სხდომაც დატოვა.

მათი დაპირისპირების მეორე ტალღა კი ფარული კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 28 და 31 იანვარს გავრცელდა. ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი "იუთუბიზე" ატვირთა.

ეკა ბესელიამ მაშინ განაცხადა, რომ მას ამ აკრძალული მეთოდებით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თემაზე დაწყებული ბრძოლის გამო ებრძვიან და იმ პირთა წრე დაასახელა, ვინც, სავარაუდოდ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა, მათ შორის არ გამორიცხა მასთან დაპირისპირებული თანაგუნდელები და მოსამართლეები.

როგორც ბესელიამ თქვა, ამ ადამიანებს თანაგუნდელებად არ მიიჩნევს - „მივიჩნევ ასეთ ადამიანებს ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებად, ან მათ გამგრძელებლად, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ არიან. პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ, ესაა სააკაშვილის ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით".

„ახლების" გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ კადრები „ნაციონალებმა" გაავრცელეს და გუნდიდან მსგავს რამეს არავინ იზამდა. უფრო მეტიც, სოფო კილაძემ ამ ვარაუდის გამო ბესელია გუნდში დისონანსის შეტანასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაშიც დაადანაშაულა.

ბესელიას მომხრე. ე.წ. ძველების გუნდიდან კი გედევან ფოფხაძე თვლის, რომ „ნაციონალებს" ნაკლებად ჰქონდათ მოტივაცია, ბესელიას ჩანაწერები გაევრცელებინათ. მისი ვარაუდით, კადრების გავრცელება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბესელიას პოზიციას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×