ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 „ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი აღარ არის, როგორც ჩანს, ისე მაღალი და ის მანევრებს ატარებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებზე დაკავდნენ, სხედან და იმით არიან დაკავებულები - ბესელია მოერევა თუ კობახიძე.

"მიაქციეთ ყურადღება, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რა კომენტარი გაკეთდა? თურმე ხელისუფლება იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. მე კითხვას ვსვამ - ძალიან მაინტერესებს, აქამდე რის ფარგლებში მოქმედებდნენ? მითხარით, ეს ტრაგიკომედია არ არის?!"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი": ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. „ოცნებიდან" სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ეს არასერიოზული დისკუსიაა, რადგან კონსტიტუციით 2024 წლიდან გადავდივართ პროპორციულ წესზე. ოპოზიციას აქვს შანსი, შედეგს მიაღწიოს?

გია ხუხაშვილი: კილაძემ დღეს ისეთები ილაპარაკა, საერთოდ ვურჩევდი, ცოტა ხანს დაწყნარებულიყო. ეს მოთხოვნა არ არის ოპოზციის და „ნაციონალების" მოთხოვნა. ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს და ამას თვითონ ხელისუფლებაც ეთანხმება.

უბრალოდ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ კიდევ 4 წელი გვაცადეთ ამ სიამ-ტკბილობაში ვიყოთ და ეს მანკიერება - მაჟორიტარები გამოვიყენო. ანუ, რაიონების ყანდურები გამოვიყენო, რომ 2020-შიც მიყიდონ არჩევნები და 2024 წლიდან, კი ბატონო, გავხდები კარგი ბიჭი.

ფაქტობრივად, ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებაა იზოლაციაშია. კონსტიტუციაში წერია, რომ პროპორციულზე გადავდივართ და საუბარი იმაზე კი არ არის, რომ კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი შეიტანონ, არამედ იმაზე, რომ ეს ახალი წესი როდის შევიდეს ძალაში, 2020-ში თუ 2024 -ში.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც არა მხოლოდ ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს, არამედ მთლიანად საზოგადოებამ უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ თუ დემოკრატიულ გზაზე სიარული და მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება გვინდა, ამის გადადება 4 წლით არ ივარგებს.

კილაძემ დამისახელოს ამ საზოგადოებაში ვინმე, ვინც ამას არ ეთანხმება, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ისტერიულად ებღაუჭებიან ძალაუფლებას. ეს საკითხი უნდა გახდეს ფართომასშტაბიანი, მრავალკომპონენტიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიაღწიოს ამას.

„რ": დიდი განხილვის თემაა ასევე უზენაესში უვადო მოსამართლეების დანიშვნა. უმრავლესობაში მესამე შეხვედრა შედგა და ისევ ვერ გავიგეთ, გადაიდება თუ არა 2024 წლამდე უვადოდ დანიშვნები. გადავადება იქნება ერთგვარი გამოსავალი?

გ.ხ: ესეც არ მგონია მე გამოსავალი. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან დიდი სისტემური პრობლემა გვაქვს და კი, ბატონო, კარგია უვადოდ დანიშვნების გადადება, მაგრამ, მთავარია, რეფორმა სასამართლო კორპუსში.

იმდენი შემაშფოთებელი რამ ვნახეთ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოსამართლეების შესრულებით, ზოგს ფსიქიკაც არ აქვს მაინცდამაინც წესრიგში, როგორც მათი რიტორიკიდან ირკვევა და მათ მიერ გამოტანილ განაჩენებს რამდენი ხანი უნდა ვუყუროთ?!

აქიდან გამომდინარე, სისტემური რეფორმის გეგმაა დასადები, იუსტიციის ეს საბჭოა გასახვეტი. კომლექსური მიდგომით დიდი რეფორმაა გასატარებელი, სხვანაირად აქ ეს - კოსმეტიკით და გადავადებებით არაფერი არ ეშველება.

„რ": ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრიტერიუმები შემუშავდება და შემდეგ განიხილება მოსამართლეების დანიშვნაც...

გ.ხ: დიდი ბოდიში, მაგრამ კრიტერიუმების შემუშავებაზე ვინ მუშაობს? იგივე დისკრედიტირებული ხალხი და ესაა შემაშფოთებელი. ისევ კოლექტიური მურუსიძე ზის და ის წერს, როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე და საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ შეიმუშავებენ ამ კრიტერიუმებს.

უკუღმართი პროცესი დაიწყო. უკვე იმდენად არაჯანსაღად მიდის, გასაგებია, რაზეც იქნება ლაპარაკი. ან ეს 10-კაციანი სია რომ შეიცვლება, ეს არ არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, სხვა ახალი 10-კაციანი სია შემოვა.

პრობლემა ძალიან მძიმე ხასიათს ატარებს და ეს გამოჩნდა მოსამართლეთა კონფერენციაზეც, კომპარტიის ყრილობა რომ ჩაგვიტარეს, მქუხარე ტაშებით. სანამ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება, ვინმეს აქვს ილუზია, რომ უკეთეს სიას შემოგვთავაზებენ? რა წესითაც ეს ყველაფერი მიდის, ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება.

„რ": უმრავლესობაში სამჯერ იყო უკვე ამ თემის განხილვა და თქვენი აზრით, ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე და მორჩა?

გ.ხ: არ ვიცი. მე ფიქრობ, რომ ივანიშვილს საკითხების ასე ცალსახად გადაწყვეტა უკვე აღარ შეუძლია. მის ავტორიტეტი აღარ არის, როგორც ჩანს, ისე მაღალი და ის მანევრებს ატარებს.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებზე დაკავდნენ, სხედან და იმით არიან დაკავებულები ბესელია მოერევა თუ კობახიძე.

მიაქციეთ ყურადღება, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რა კომენტარი გაკეთდა? თურმე ხელისუფლება იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. მე კითხვას ვსვამ - ძალიან მაინტერესებს, აქამდე რის ფარგლებში მოქმედებდნენ? ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, მრავალსაათიანი მსჯელობის შემდეგ ერთადერთ დასკვნას აკეთებს, რომ თურმე კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედონ. მითხარით, ეს ტრაგიკომედია არ არის?!

„რ": ასევე ბესელია-კილაძის დაპირისპირებაზე მინდა გკითხოთ. ბესელიამ ეჭვი გამოთქვა, რომ მას კადრები გაუვრცელა იმ ადამიანებმა, ვინც მოსამართლეებს თემაზე უპირისპირდებიან. კილაძემ კი უპასუხა, რომ ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და ბესელიას გუნდში დისონანსი შეაქვს. რატომ ვერ ახერხებენ, რომ გარეგნულად მაინც შეინარჩუნონ გუნდურობა მწვავე საკითხებზე მაინც?

გ.ხ: ქალბატონი კილაძე ეტყობა ლოგიკაზე მწყრალად არის. ბესელიას მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და იქვე, მეორე წინადადებაში, თვითონ იგივეს აკეთებს, იშვერს ხელს „ნაციონალებისკენ". სად არის აქ ლოგიკა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს? მათი ამბიცია აბსოლუტურად არ შეესაბამება მათ კომპეტენციას და ათას სისულელეს ამბობენ. რომ აუხსნა, ვერც გაიგებს რა შეეშალა.

„ოცნების" ერთიანობა არის ანტაგონიზმზე დაფუძნებული ძალიან ეკლექტური. ისინი თანამოაზრეები არც არასდროს ყოფილან, უბრალოდ ეს ადრე გარეთ არ გამოდიოდა, რადგან არსებობდა ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილის სახით.

თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მითი ივანიშვილის შეუმცდარობაზე და უცვლელობის ფაქტობრივად დაიმსხვრა და ყველაფერი გარეთ გადმოიღვარა. უმრავლესობაში აღარავინ არ არის თანახმა კობახიძის მოტანილი წერილებით პულტზე ხელი აჭიროს და ყველა თავის პირობას აყენებს. ყველამ თავისი ბოსტნის გაფართოება მოინდომა. ყველა თავის წილს ითხოვს და ამისთვის მიდის ბრძოლა, თორემ ახლა გაიგეს, რომ მურუსიძე სასამართლოში მუშაობს?! რამდენი წელია ამაზე გავყვირით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×