ვითარება არათუ გამოსწორებისკენ მიდის, არამედ, პირიქით, უარესდება
მარი ჩიტაია
05.02.2019

 სტატისტიკური მონაცემებისა და ემპირიული დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში 250 000 ოჯახზე მეტი უკვე გაკოტრებულია. ეს არის უშემოსავლო, ვალებში ჩაფლული ხალხი, რომელიც, ფაქტობრივად, სესხებით ცხოვრობს და ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სხვა გამოსავალი არ აქვს. ერთი შეხედვით, ხელისუფლება აქცენტს ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი ხდება იმისთვის, რომ მოქალაქეების მდგომარეობა გამოსწორდეს. ხელფასების დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას ხმარდება და ხალხს ფული ელემენტარული პირობებისთვისაც არ რჩება.

ჭარბვალიანობამ, ლარის გაუფასურებამ, პროდუქტების გაძვირებამ და ინფლაციამ ქვეყანაში უამრავ ოჯახს ფინანსური პრობლემა შეუქმნა. თავის დროზე ამას შეეწირა გიორგი კვირიკაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის კარიერაც, თუმცა ვითარება არ გაუმჯობესებულა.

ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები, ერთად აღებული, დაახლოებით 10%-ია. აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც, ასევე, 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას. ამათგან კი დაახლოებით 25-30%-ს ფული ლუკმაპურის შესაძენადაც არ ყოფნის.

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ჩვენთან მნიშვნელოვნად იზრდება იმ ოჯახების რაოდენობაც, სადაც არც ერთი წევრი არ იღებს სტაბილურ გასამრჯელოს. ეს კატეგორია შემოსავლის მიმღებთა დაახლოებით 40%-ია და დიდია რისკი, რომ ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ საკუთარი შემოსავლით მოქალაქეები ვერ უზრუნველყოფენ მოთხოვნილებებს და ამ პრობლემის მოგვარებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

"საქართველოში ხალხი სესხს მიმდინარე შემოსავლის არასაკმარისი რაოდენობის გამო სწორედ სურსათის შესაძენად იღებს. ეს კატეგორია მოსახლეობისა უკიდურეს ღარიბთა რაოდენობას უნდა მივაკუთვნოთ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სესხის ამღებთა თანაფარდობა მოსახლეობასთან 75%-ია, ამ კატეგორიიდან დაახლოებით 30%-ს ვალის აღება პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით უწევს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 250 000 ოჯახი, უფრო სწორად, შინამეურნეობაა, რომელიც გაღატაკებულად შეიძლება ჩავთვალოთ. ჩვენი სტატისტიკა ვერ ითვლის, თუმცა ევროპულში კარგად ჩანს არა მარტო ღარიბთა მთლიანი კონტინგენტი, არამედ პროცენტულად იმ ოჯახების რაოდენობაც, ვინც შეიძლება ღარიბთა რიცხვში აღმოჩნდეს, ანუ რისკის ქვეშ მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა. შესაბამისად, მათ მიმართ გარკვეული პრევენციული ზომები ტარდება.

ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი გაიზარდა, მაინც თანაფარდობა ხელფასების მიმღები მოსახლეობისა შინამეურნეობებთან 3/4-ზე ნაკლებია, დაახლოებით 74%. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ოჯახში 3 ან მეტი წევრი მუშაობს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად იზრდება იმ ოჯახების რაოდენობაც, სადაც არც ერთი წევრი არ იღებს სტაბილურ გასამრჯელოს. ეს კატეგორია დაახლოებით 40%-ია და ისინი პირველ რიგში უნდა ჩავთვალოთ მოწყვლად ჯგუფში სიღარიბესთან მიმართებით", - აცხადებს არჩვაძე.

მისი შეფასებით, პრობლემა ძირითადად არის იმის გამო, რომ ქვეყანაში შემოსავალი უთანასწოროდაა განაწილებული და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის დრამატული ბრძოლა უწევს.

"ჩვენს ხელისუფლებას კურსი ეკონომიკური განვითარებისკენ აქვს აღებული. წლების განმავლობაში საუბრობდნენ მშპ-ს ზრდაზე, მაგრამ ბოლო დროს პოლიტიკოსები, სოციოლოგები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ქვეყნის კეთილდღეობა მარტო ეკონომიკური მაჩვენებლებით არ იზომება. აუცილებელია სხვა გარემო პირობებიც - ეკოლოგია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის და სხვა ბევრი ფაქტორიც.

აყველა ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს არა იმით, რომ ქვეყნის დოვლათი იზრდება, არამედ ამ დოვლათის შექმნაში მისი მონაწილეობა უფრო აქტიური და ინტენსიური გახდეს. აქცენტი ამაზე უნდა იყოს და, წესით, ამისკენ მივდივართ, მაგრამ ფაქტია, რომ საკმარისი არ არის.

საჭიროა, რომ მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი ამ ფაქტორების გათვალისწინებით იყოს 7-8%, კიდევ მეტი მობილიზაცია და ძალისხმევა გვინდა, რათა არა მარტო სტატისტიკურ ციფრებში გვქონდეს წინსვლა, არამედ თითოეული ოჯახი ვითარების გაუმჯობესებას საკუთარ კეთილდღეობაზე გრძნობდეს," - ამბობს სტატისტიკოსი.

სპეციალისტების შეფასებით, წინ უმძიმესი წელი გველოდება და ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურული ცვლილების გარეშე ვითარება ვერ გამოსწორდება.

"ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ხალხს ფული ელემენტარული ხარჯის გასაწევადაც არ ჰყოფნის. საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს შესაბამისი სისტემური ცვლილება. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მხოლოდ ბანკირები უნდა ცხოვრობდნენ კარგად. ამ ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ არა მოსახლეობის 9% იყოს ზემდიდარი, არამედ საშუალო ფენა ჩამოყალიბდეს, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი წარმმართველი ძალა, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტს.

განსახორციელებელია რეფორმები აგრარულ საკითხებში. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მომავალში ინდუსტრიული და ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე შედეგს მივიღებთ, რაც ისევ ღარიბ მოსახლეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია დასაქმება და შემოსავლის ზრდა. დარგობრივი სტრატეგია თუ არ შევიმუშავეთ, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები არ განვსაზღვრეთ, კატასტროფა გველის," - ამბობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ უახლოეს კვირებში ადგილობრივი სურსათის მარაგი ამოიწურება, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს და უამრავ ოჯახს შეუქმნის პრობლემას.

"სიღარიბე მძვინვარებს და არაფერი ხდება ამ პროცესის მოსათოკად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობის რიგმა მინისტრებმა არ იციან, თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. აგფლაციაა ქვეყანაში (სურსათზე ფასების ზრდა) და რამდენიმე კვირაში კიდევ დამძიმდება ვითარება. ის, რაც წინასაარჩევნოდ დადეს პირობა, უნდა შეასრულონ.

მალე მშიერი გაზაფხული დაიწყება და საქართველოს მოსახლეობა უმძიმესად იგრძნობს სიდუხჭირეს. ხალხი არსებობისთვის იბრძვის და ბევრი ოჯახი შიმშილს ვერ ამარცხებს. ჩვენი მოსახლეობის 80% სიღარიბეში ცხოვრობს. სესხით აღებული თანხით ცდილობენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, როცა ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება, ამით უამრავ ოჯახს შეექმნება პრობლემა," - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" კოღუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×