ელზა პაპოშვილი
05.02.2019

 საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა საქართველო აღარ დატოვოს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი  შეხვდა.  შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. 

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია. ასევე დათუნაშვილის პრობლემების მოგვარების პირობას „რეზონანსთან“ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დებს. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ამ დონის სპორტსმენმა ქვეყანა დატოვოს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველა წინაპირობის განხილვა უნდა მოხდეს. 

ხაბელოვი ამბობს, რომ ის დათუნაშვილის სპორტულ კარიერას თვალს პირადად მიადევნებს და მას ოლიმპიური კომიტეტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმისთვის, რომ ივარჯიშოს და ოლიმპიადაზე გასასვლელი ლიცენზია მოიპოვოს. 

„რეზონანსთან“ საუბრისას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი კი აცხადებს, რომ დაპირისპირებულ მახრეებს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს და რომელიმე მხარემ აუცილებლად უნდა დათმოს. ხაბარელი ფიქრობს, რომ დათუნაშვილმა ქვეყანა არაფრით არ უნდა დატოვოს და მას კარიერის გასაგრძელებლად მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. 

„საკმაოდ ბევრი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, მიდგომებია შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა. ზედამხედველობის თვალსაზრისით სამინისტროსთან ერთად უნდა დავიწყოთ მოკვლევა, რომ გაჯანსაღდეს გარემო და ზურასაც შეეძლოს ასპარეზობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, დათუნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ ყაველაშვილისგან დაპირება მიიღო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი პრობლემების და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას“, - განაცხადა დათუნაშვილმა. 

ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი კი  ორი დღის წინ კვლავ დახმარებას ითხოვდა. ის  საზოგადოებას, სპორტულ სამყაროს და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემის გაზიარებისკენ მოუწოდებდა. დათუნაშვილი ამბობდა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტს გეგა გეგეშიძე თუ არ დატოვებს, მას მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს, წავიდეს სპორტიდან ან კიდევ კარიერა სხვა ქვეყნის სახელით განაგრძოს. 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.  საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  გეგეშიძე ევროპის ჩემპიონის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი კი „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ ამ კრიზისული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მათი შერიგება და დიალოგია. ხაბარელი ამბობს, რომ არ შეიძლება დათუნაშვილის მსგავსი სპორტსმენები ქვეყნიდან წავიდნენ და მას არ ჰქონდეს საშუალება, რომ თავის ქვეყანაში კარიერა გააგრძელოს. 

თუმცა ხაბარელი მიიჩნევს, რომ სიტუაციის კიდევ ამ დონემდე გამწვავება მიუღებელია და რომელიმე მხარემ უნდა დათმოს. მათ შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს და რაღაც კონსენსუსამდე  მივიდნენ. 

„ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი. აქედან ერთადერთ გამოსავლად დიალოგი და ურთიერთკომუნიკაცია მგონია. სხვაგვარად არაფერი გამოვა. რომელიმე მხარემ უნდა დათმოს. 

„ძალიან ცუდია, როდესაც დათუნაშვილის მსგავსი მოჭიდავე ასეთ რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. მინდა, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და დაილაპარაკონ. არ ვიცი სხვა გამოსავალი არსებობს. ფედერაციაშივე უნდა მოგავრდეს ეს საკითხი. დაჯდომა და გარკვევა სჭირდება. ძალიან არ მინდა რომ ასეთი კარგი სპორტსმენი სხვა ქვეყანაში წავიდეს და ჩვენ ამას ვერაფრით შევუშალოთ ხელი“, - აცხადებს შოთა ხაბარელი „რეზონანსთან“.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის იქნება პირადად პასუხისმგებელი, რომ ზურაბ დათუნაშვილის როგორც სპორტსმენის დაჩაგვრა არ მოხდეს. მისი თქმით, ოლიმპური კომიტეტიდან რაც არის და რაც იყო გასაკეთებელი, მათ გააკეთეს. 

ხაბელოვი ამბობს, რომ დათუნაშვილი საერთაშორისო ოლიმპიურ სტიპენდიას იღებს. მისი თქმით, დათუნაშვილი ლიცენზიას აუცილებლად აიღებს და შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდება და მის  დაჩაგვრას ვერავინ შეძლებს. 

„ჩვენი მხრიდან დათუნაშვილის არანაირი დაჩაგვრა არ იქნება, პირიქით მას ხელს ვუწყობთ, რომ ლიცენზია აიღოს და ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს. გასაგებია, მესმის მისი, რომ მას გეგეშიძესთან ერთად მუშაობის გაგრძელება არ უნდა. თუმცა ის პრეზიდენტია და დათუნაშვილს მასთან ფაქტობრივად არანაირი ურთიერთობა არ უწევს. 

„ის ხელმძღვანელია და ცალკეა, დათუნაშვლი ურთიერთობს მწვრთნელთან. ჩვენ შეიძლება პოლიტიკურ ცხოვრებაში ვიღაც არ მოგვწონს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ეს ჩვენ გვინდა?!

„გეგეშიძე არჩეული პრეზიდენტია, მითუმეტეს საქმე საქალაქო  სასამართლოში იხილება. აღმასკომი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, იქ განვიხილოთ ის საკითხები რაც დათუნაშვილმა დააყენა. ჩვენ არანაირად არ გვინდა, რომ ეს მაღალი კლასის სპორტსმენი დაიჩაგროს და მან თავისი ქვეყანა ღირსეულად ვერ წარადგინოს. ივარჯიშოს და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად აჩვენოს“, - აცხადებს ხაბელოვი „რეზონანსთან“. 

მიისივე თქმით, თუ გამოსავლის პოვნა გვინდა, მაშინ წესდებას უნდა გავყვეთ და აღმასკომის სხდომას დაველოდოთ, სადაც ამ საკითხების განხილვა მოხდება. 

მითუმეტეს ხაბელოვი ამბობს, რომ საქმე საქალაქო სასამართლოში იხილება და მის  დასრულებასაც უნდა დაველოდოთ. სხვაგვარად ულტიმატუმების ენით საუბრით პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×