პოლიტიკის გამო „დასჯილი“ შენობა - რა ბედი ეწევა საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე მსჯელობა სპეცილურად შექმნილმა ჯგუფმა დაიწყო. სამუშაო ჯგუფში 7 დეპუტატია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ჯგუფს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.
რამდენიმე ვერსია და მოსაზრება უკვე არსებობს, თუ რა უნდა განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში. მმართველი პარტია ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის შესაძლებლობაზე ფიქრობს. ეს თემა განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მიიღებენ.
საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. დეპუტატების თქმით, არის კიდევ ერთი ვერსია, რომ სასახლე მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად იქნას გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე იმთავითვე „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს თვალში არ მოსდიოდა. მიზეზად კი ის ყველაზე ხშირად დიდ საბიუჯეტო ხარჯებს ახსენებდა. ჯერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა, დაეტოვებინა ავლაბრის სასახლე, მოგიანებით უკვე ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების ხაზი პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის თემაზე გადიოდა.
საქართველოს მე- 5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კი მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენცია მაღალი რანგის ვიზიტების მასპინძლობისთვის იქნება გამოყენებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა „რეზონანსთან“ განაცხადა.
მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ შენობას აქვს ისეთი ფუნქციური დატვირთვა, რომ თავისუფლად შეუძლია მაღალი რანგის ვიზიტების მასპინძლობა, როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერს და მთავრობის სხვა წევრებს.
შენობის გამოყენება, პრეზიდენტის აზრით, მრავალი ფუნქციით შეიძლება და არც ის იქნება პრობლემა, თუ ის პარალელურად სამუზეუმო დანიშნულების იქნება. მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ეს არის პრეზიდენტის წინადადება და მას სურს, რომ ავლაბრის რეზიდენციას მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქციაც დარჩეს.
„ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, რომ რეზიდენცია შენარჩუნებული იყოს მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად. ეს შეიძლება იყოს, როგორც პრეზიდენტთან მოსული სტუმრები, ასევე პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან. შეიძლება ეს საპარლამენტო დელეგაციაც იყოს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ესტუმრება ჩვენს ქვეყანას.
„ასევე კარგ აზრად მიაჩნია ისიც, რომ იქ რაღაც კულტურული ცენტრიც განთავსდეს. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები არ ვართ, უბრალოდ ამ ინციატივას მივესალმებით. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება თავად სამუშაო ჯგუფმა უნდა მიიღოს.
„თუ რეზიდენციას აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსება, თუმცა ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი პარამეტრები და სტანდარტები. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, ავლაბრის რეზიდენციას მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქცია დარჩეს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა „რეზონანსთან“.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსება განიხილება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს. თუმცა, მდინარაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთი ვერსია არ არის და ისინი სხვადასხვა ვარიანტებზეც საუბრობენ. თუ რაზე შეჯერდებიან საბოლოოდ, ამას საზოგადოება უახლოვეს მომავალში აუცილებლად შეიტყობს.
„ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები. შემიძლია თანაავტორადაც კი დავასახელო თავი ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი, მაგრამ საზოგადოება რომ შეცდომაში არ შევიყვანო, დავაკონკრეტებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსია იმ ვერსიებს შორის, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი სიტყვებით, „პირობითი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შეხვდება“ და „უახლოეს დღეებში ძალიან პოზიტიური გადაწყეტილება იქნება მიღებული“.
თბილისში, მ. აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და მასში მუშაობდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მან ავლაბრის სასახლეში შესვლაზე უარი განაცხადა და ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადავიდა.
მშენებლობაზე დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია. სხვადასხვა დროს დასახელებული თანხა 40 მილიონი დოლარიდან 800 მილიონ დოლარამდე მერყეობს.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი კომენტარის თანახმად, რომელიც მან 2009 წელს გააკეთა „სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში“.