"როცა ასეთი ძლიერი კომპანია დგას პრობლემის წინაშე, აღარაა გასაკვირი, რომ დომინოს პრინციპით გაქრნენ უფრო პატარები"
თამარ მუკბანიანი
06.02.2019

 "ტექნო ბუმი" გაკოტრდა. მფლობელმა განცხადება სასამართლოში უკვე შეიტანა და საქმის წარმოებაც დაიწყო. მიზეზი საბანკო რეგულაციებია, რომელთა გამოც ქსელს განვადებები 70%-ით შეუმცირდა. როცა ტექნიკის გაყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსგავსი პრობლემის წინაშეა, ბუნებრივია, უფრო მძიმე მდგომარეობაშია პატარა მაღაზიები. რეგულაციებს შეწირული ბიზნესი ქვეყანაში უმუშევრობის დონესაც ასწევს.

"ტექნო ბუმის" განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიიღეს, მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. როგორც საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით შპს "ტექნო ბუმის" წარმომადგენელმა ლელა ნადიბაიძემ მიმართა, რომელმაც მოითხოვა შპს "ტექნო ბუმის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, "ტექნო ბუმს" რომ პრობლემები შეექმნა და გაყიდვები შეუმცირდა, კომპანიის დამფუძნებელი "რეზონანსთან" წინა კვირასაც საუბრობდა.

"შეიძლება ითქვას, რომ 70%-ით არის განვადება შემცირებული იანვრის მდგომარეობით. 2018 წლის მაისამდე სრულ გაყიდვებში განვადება შეადგენდა 65%-ს, დღეს კი 20%-ს არ აღემატება მთლიან რეალიზაციაში.

გადარჩენის გზა ამ შემთხვევაში შიგა განვადების სისტემის დანერგვაა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ამიტომაც გარკვეულ რეგიონებში მაღაზიების შემცირებაც მოგვიწევს, ეს უკვე ვიცით", - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ქოქოლაძე.

სასამართლოს განჩინებით, კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

"სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში", - აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.

"ტექნო ბუმის" დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებულმა გაყიდვებმა კომპანიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება აიძულა.

"საბანკო რეგულაციების ფონზე შეგვიმცირდა რეალიზაცია. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწყობში. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, თუმცა უკვე ვთანხმდებით გრაფიკზე და შესაბამისად, კომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და დაიწყება რეაბილიტაციის პროცესიც", - განუცხადა "ბიპიენს" ქოქოლაძემ.

"ტექნო ბუმი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელია. შესაბამისად, მაშინ, როცა მას პრობლემები აქვს და გაკოტრებაზე შეაქვს განცხადება, ადვილად წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში არიან მცირე მაღაზიები და შედარებით პატარა ქსელები. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან საბანკო რეგულაციები სრულად მხოლოდ 1 თვის წინ ამოქმედდა და მისი რეალური შედეგის ანალიზი 6 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ბიზნესსამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნიკის მაღაზიათა ქსელს გაკოტრების პრობლემა უდგას და აღარაა გასაკვირი, რომ მცირე მაღაზიები სავაჭრო ქსელებიდან დომინოს პრინციპით გაქრნენ.

"საბანკო რეგულაციების პირველი ტალღის დაანონსებისთანავე, ვამბობდი, რომ შედეგი იქნებოდა ის, რაც დღეს "ტექნო ბუმთან" დაკავშირებითაა. ამ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, გადარჩენის ერთადერთი გზა მათი უმეტესობისათვის გაერთიანებაა, ამაში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც იმას, რაც "ალტა ოქეისა" და "სმაილის" შემთხვევაში მოხდა.

"ტექნო ბუმი" საკმაოდ ძლიერად იყო ადგილობრივ ბაზარზე ფეხმოკიდებული და როცა ის დგება ასეთი პრობლემის წინაშე, აღარაა გასაკვირი, რომ დომინოს პრინციპით გაქრნენ სავაჭრო ცენტრებიდან და ხალხმრავალი ადგილებიდან მცირე მაღაზიები", - აცხადებს "რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×