„აშშ-ის ამგვარი ნაბიჯი მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, ვენესუელაში დაპირისპირებას ისეთი სახით მივიღებთ, როგორიცაა დღეს არსებული ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მსხვერპლი.
„ამ შეირაღებული დაპირისპირების აღკვეთისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შეიარაღებული ძალა, მაგრამ აუცილებელი არაა ეს ამერიკის სამხედროების კონტიგენტი იყოს. ეს შეიძლება მეზობელი სახელმწიფოების მონაწილეობით მოხდეს, თუმცა, აშშ-ის შეიარაღებისა და რესურსების გამოყენებით," - ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს „რეზონანსსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ასე აფასებს.
ვენესუელაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სამოქალაქო ომში გადასვლას, ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არ გამორიცხავს:
„ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოელი იმპერიისა და მისი დასავლელი მოკავშირეების აგრესიულობის და სიგიჟის გრადუსზე," - ამის შესახებ Deutsche Welle-ს წერს.
მადუროს განცხადებით, ოფიციალურ კარაკასს სურს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში არავინ ჩაერიოს. „მზად ვართ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ," - აღნიშნა მადურომ.
მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ნიკოლას მადურო მზადაა ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.
მადუროს ამ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება; ვენესუელაში მიმდინარე პროცესებში ჩარევას და სამხედრო ძალის გამოყენებას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, არ გამორიცხავს, - ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია „სიბიესისთვის" მიცემულ ინტერვიუში, კვირას გადაცემაში განაცხადა.
„არ მსურს ამაზე საუბარი. თუმცა, სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება," - განაცხადა მან.
ინტერვიუს დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ ნიკოლას მადურომ მას შეხვედრა სთხოვა, რაზეც მადურომ ტრამპისგან უარი მიიღო.
მენაღარიშვილის აზრით, აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა ამ პროცესებში, თუკი ამჟამინდელი ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას ძალისმიერი მეთოდით დაშლის, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვეს.
„ეს თეორიული მოსაზრება და ვარაუდია. ამ ნაბიჯის გადადგმამდე სხვა საშუალებებიც არსებობს და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა, გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც ამ რეჟიმს აიძულებს ვენესუელაში იმოქმედოს დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.
„შედეგი უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, - შიგნით მოვლენების განვითარებაზე, სამხედროების პოზიციასა და ა.შ. მაგრამ, რეალურად ამ ყველაფრის მიზანი ძალადობის აღკვეთა იქნება, - ამ რეჟიმის მიერ ძალის გამოყენების აღკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ," - აღნიშნა მან.
შესაძლოა თუ არა რუსეთმა მადუროს რეჟიმს სამხედრო დახმარება გაუწიოს, როგორც სირიის შემთხვევაში მოხდა?
მენაღარიშვილის თქმით, რუსეთი ვენესუელაში, როგორც დღეს მოქმედ ხელისუფლებას, მის წინა მმართველსაც უწევდა დახმარებას, თუმცა, ამის შესახებ არცერთი მხარე არ საუბრობს.
„არსებობს არცთუ ისეთი უსაფუძვლო ეჭვი, რომ რუსეთი უკვე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, ცნობილი ხდება ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის" მებრძოლების ჩართვის შესახებ ვენესუელაში.
„მართალია, ამას ყველა მხარე, რომელიც საქმეში ჩართულია, კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისას არავინ აღიარებას არ ჩქარობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში მსგავს კერძო სტრუქტურებს, რომელიც რეალურად რუსეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების ნიღაბს წარმოადგენს, შესაძლებლობა ასეთი ნაბიჯები რეალურად არსებობს.
„ამასთანავე, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ჩავესს და შემდეგ მადუროს, რუსეთი დიდი ხანია ამარაგებს იარაღით, მათ შორის კრედტშიც, ანუ ანაზღაურების გარეშე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი სამხედრო სცენაზე გარკვეულ როლს ასრულებს," - დასძინა მან.
რამდენად რეალურია, რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებმა საბოლოოდ მეორე ვიეტნამი განმეორდეს, რაზეც მადურომ ტრამპს ამ ფაქტის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
„ტრამპმა ლათინურ ამერიკაში ვიეტნამი არ უნდა გაიმეოროს," - დასძინა მან.
მადურომ განაცხადა, რომ თუ აშშ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს ტრამპი „ხელებს სისხლში გაისვრის". ამის შესახებ მან ესპანურ Lasexta-სთან საუბრისას აღნიშნა.
„შეჩერდი, შეჩერდი დონალდ ტრამპ, შეცდომებს უშვებ, რაც ხელებს სისხლში გაგისვრის და შენი პრეზიდენტობაც სისხლით იქნება შეღებილი," - აცხადებს ის.
მენაღარიშვილი იგივე სცენის განმეორებას გამორიცხავს, - მისი თქმით, შეუძლებელია აშშ-ისა და რუსეთის ომის მიზეზი და ეპიცენტრი ვენესუელა გახდეს.
„ვენესუელა არ არის ის სცენა, სადაც ამერიკა და რუსეთი შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს. ყველა, ვინც ამ თემაზე მსჯელობს, ვიეტნამის ისტორია ახსენდება. არამგონია, რომ ეს ასე იყოს. ეს ბევრად უფრო ადვილად გადასაწვეტი საკითხი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუკი ძალიან არ გამოიდეს თავი მადუროს რეჟიმის მხარდამჭერებმა," - განაცხადა მენაღარიშვილმა.
ვენესუელაში მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ხელისუფლების შეცვლის მხარეზეა.
„ვენესუელაში მთელი ხალხი ფეხზეა დამდგარი. მიუხედავად ამისა, მადუროს ხელისუფლება ცდილობს იმ ხაფანგიდან თავის დაღწევას, რომელშიც საკუთარი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა.
„ცივილიზებული სამყარო, ფაქტობრივად ერთხმად უჭერს მხარს ხელისუფლებაში ცვლილებას, - აქ საუბარი არ არის ერთი რეჟიმის მეორე ხელისუფლებით შეცვლაზე, არამედ სერიოზული საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ახალი არჩევნების გამართვაზე, რომელმაც უნდა მისცეს ვენესუელელ ხალხს საშუალება ხელისუფლება ჩააბაროს იმას, ვისაც ღირსად თვლის," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
4 თებერვალს გარდა გერმანიისა, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, პოლონეთმა, დანიამ და შვედეთმა აღიარეს.
ცნობისათვის, 26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა ნიკოლას მადუროს რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ რვა დღის ვადაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ხუან გუადო დროებით პრეზიდენტად იქნებოდა აღიარებული.
დღეს უკვე მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ, გუაიდოს ლეგიტიმურობა აღიარა.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესულების პრეზიდენტად, ხოლო ნიკოას მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.