ელზა პაპოშვილი
06.02.2019

 მიდიან თუ რჩებიან, რა მინიშნება გააკეთა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების მისამართით და ვის მიუთითეს ირიბად ღია კარისკენ - ესაა კითხვები, რომელიც „ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ დარჩა.

როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ და მისმა მეგობრებმა ივანიშვილისგან მიიღეს მინიშნება, რომ, თუ გუნდის წესებით არ ითამაშებენ და პარტიისთვის გარედან დარტყმას განაგრძობენ, მაშინ მათი ადგილი გუნდში აღარ რჩება. ბესელიამ და მისმა მეგობრებმა დატოვონ თუ არა პარტია, ამის მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე აიღეს.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ბესელია და მისი თანამოაზრეები ისედაც განწირულები არიან და ისინი იძულებულები არიან პარტიიდან წასვლაზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღონ, რადგანაც მათ ადრე თუ გვიან გუნდის დატოვება მაინც მოუწევთ. მათი აზრით, პარტიაში მხოლოდ ერთი მასპინძელი - ივანიშვილია, რომელიც თავადვე გადაწყვეტს, ვინ სტუმარია, ვინ მასპინძელი და ვინ კიდევ მდგმური.

„ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრებს შორის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტია.

ბესელია ამბობს, რომ დადგა გადაწყვეტილების ეტაპი. ამიტომ მან პირადად, რამდენიმე დღე აიღო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

„ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა, თუ ვერა.

"ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, სწორედ იქიდან გამომდინარე, არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2012 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება.

"ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო - ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას", იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი", - განაცხადა ბესელიამ.

არაკორექტულია ის, რომ იყო გუნდის შიგნით და ურტყამდე გუნდს გარედან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან" არავის გარიცხვა არ იგეგმება და არც არავის თავისუფლება იზღუდება.

„გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში დღევანდელ დღეს. კერძოდ, გავაგრძელეთ მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა, კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და საკუთარი სინდისით და ღირსებით იმოქმედებს კვალიფიციურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მისადაგებისას. შესაბამისად, ვიმსჯელეთ შემდეგ საქმიანობაზე.

"არავის გარიცხვაზე არ გვისაუბრია, თუმცა, აღინიშნა, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა არის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ეს წესები გაიზიარო. იმის თაობაზე, რომ სამართლიანი წესები უნდა არსებობდეს ყველა მიმართულებით, ამას ყველა დაეთანხმა. მიხარია, რომ „ქართული ოცნება" შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს საზოგადოებას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის სისტემის გადარჩენას ცდილობს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველაფრის ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს. მისი აზრით ივანიშვილს ორი გამოსავალი ჰქონდა - ან ბაბილონის გოდოლს ბოლომდე ჩაშჭიდებოდა ან ვალების გადახდა ბოლომდე დაეწყო. თუმცა მან მევალეების გადაგდება გადაწყვიტა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება სისტემის სასარგებლოდ მიიღო.

„მან ხომ კოლექტიურად მურუსიძესთან კონტრაქტი დადო და ხელი ჩაჭიდა. პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ უკვე ცნობილი იყო ბესელია რასაც იტყოდა. „ოცნების" ელიტამ წითელი ხაზი გადაკვეთა.

"მათ გვითხრეს, რომ მურუსიძესთან კონტრაქტი გვაქვს დადებული და ქართველი ხალხი არ გვაინტერესებს. გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" სისტემა გადაიბარა. კოლექტიური მურუსიძის სახით „ნაციონალებთან", როგორც სისტემასთან, კონტრაქტი გაფორმდა. რა იყო სააკაშვილის რეჟიმი? მარტო სააკაშვილი? სწორედ ეს კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე და სისტემა იყო, რომელთანაც „ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებებით ხელშეკრულება საბოლოოდ გააფორმა", - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, გამოგვიცხადეს, რომ 2000 წლის შემდეგ, სავლე იქცა პავლედ და ახლა მურუსიძე-ჩინჩალაძე ჭეშმარიტ რელიგიას ქადაგებენ. ესაა კობახიძის ლოგიკა, რასაც ის საუბრობს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მმართველმა პარტიამ თავი თვითიზოლაციაში მოიქცია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში ერთ კაცს ვერ იპოვნიან, რომელიც იტყვის, რომ მურუსიძე პატიოსანი მოსამართლეა. მისი აზრით, ივანიშვილი დილემის წაინაშე იყო და მას სისტემის დაშლა არ შეუძლია.

„ის დავალებას იძლევა და ასრულებენ. ცვლილებები რომ დაეწყო, შესაძლოა მოვლენები ხელიდან გაქცეოდა. ეს გზა უპერსპექტივოა. თვითიზოლაციაში იქცევს თავს. მას პარტიაშიც აღარ აქვს ავტორიტეტი. ვიღაცა ფულს და თანამდებობას ელოდება, მას სხვა ბერკეტიც აღარ აქვს. შიგნით ვიღაცას რაღაცა გადაუგდეს, ზოგს კომპრომატებით დაემუქრება და ასე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ასევე უსაფრთხოების სამსახურებს გააძლერებს, ესაა ახლა მისი მთავარი მიზანი",- აცხადებს ხუხაშვილი.

უფლებადამცველი და პოლიტოლოგი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეკა ბესელიას და მის მომხრეებს ივანიშვილმა ჯერჯერობით კორექტულად და ირიბად მიუთითა, რომ თუ მის მიერ დაწესებული წესებით არ ითამაშებენ, მაშინ, მათი ადგილი გუნდში აღარ არის. მუხაშავრია ფიქრობს, რომ ბესელიამ კარგად იცის, თავად თუ არ დატოვებს პარტიას, მაინც გაუშვებენ. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და ის იძულებეულია პარტია საკუთარი სურვილით დატოვოს.

„ქართულ ოცნებას" ახლა უზენაეს სასამართლოში ეს მოსამართლეები უსიკვდილოდ სჭირდება. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ 2020 წლისთვის ესენი აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და მისი გაყალბება მოუწევთ. ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ამ სარჩელებს მურუსიძე-ჩინჩალაძე და ის მოსამართლეები უნდა დახვდნენ, რომელთა იმედიც ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება" ხელისუფლებას დაკარგავს.

"ახლა ივანიშვილს სასწორზე ეს საკითხი უდევს და ამისთვის ყველაფერზე წავა. გასაკვირი აქ არაფერი იქნება, თუ წარმოვიდგენთ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის რაზე შეიძლება „ოცნება" წამსვლელი იყოს.

"ბესელიას უმრავლესობის უმრავლესობაც რომ გაყვეს, ივანიშვილი მის ჩამნაცვლებლებს უცბად იპოვის და სრულიად ახალი სახეებით პარტიას შეავსებს. არ მგონია, რომ ივანიშვილისთვის ახლა მისი პარტიიდან წასვლა დაბრკოლება იყოს. ბესელიას ისეთი წონა და ავტორიტეტი არა აქვს, რომ ივანიშვილს ასე ღიად დაუპირისპირდეს. ის ამ ბრძოლას ივანიშვილთან ვერ მოიგებს. მე მეჩვენება, რომ ბესელია თავის კრიტიკას არბილებს", - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან".

მისივე თქმით, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ბესელიას პარტიას დაატოვებინებენ. მუხაშავრია ამბობს, რომ ის შეეცადა მოსამართლეების თემა სათავისოდ გამოეყენებინა, თუმცა ახლა მას კარგად ესმის, რომ ან კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, ან კიდევ ჩათრევას ჩაყოლა სჯობია.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ივანიშვილს ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია აღარ აღელვებს, რადგანაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სახელმწიფო ბერკეტს გამოიყენებს. მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს და მათი დახმარებით ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×