თამარ შუკვანი
07.02.2019

 „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გრძელდება, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა საკითხზე კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, თანამოაზრე კოლეგებთან ერთად, პარლამენტს მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს და როგორც თავად ბესელია აცხადებს, პარლამენტში ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა.

„საჭიროა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ. აღნიშნულ ინიციატივას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ ჩაიკეტოს და მოსამართლეთა უვადოდ განმწესება სრულად არ მოხდეს," - განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

კანონპროექტს ხელს აწერენ გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

მანამდე ბესელიამ „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, წავა თუ არა უმრავლესობიდან:

„ჩვენ ვისაუბრეთ შიდა საკითხებზე, შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ სვლას თუ ვერა.

„სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა ჩემი რაიმე ნაბიჯით ხელი შვეუწყო სააკაშვილის და მისი სისტემის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2020 წელს, ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, შევძლებთ ერთად ამ ფასეულობების ირგვლიავ გაერთიანებას თუ ვერა, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, რომლის დამფუძნებელი ვარ და 7 წელია ჩემ ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია,"- აღნიშნა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ბესელია გუნდიდან არ უნდა წავიდეს და მიმდინარე პროცესს „ჩვეულებრივს" უწოდებს.

„ჩემი გადმოსახედიდან, ეკა ბესელია არ უნდა წავიდეს უმრავლესობიდან, მას „ქართული ოცნების" წარმატებაში დიდი დამსახურება აქვს და აქედან გამომიდინარე, ის გუნდში უნდა დარჩეს.

„არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, - არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე დაშლასთან ან დაპირისპირებასთან იყოს დაკავშირებული, ეს ჩვეულებრივი პროცესია," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

შეგახსენეთ, რომ „ქართულ ოცნებაში" მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სია გახდა, რომლის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელია გადადგა.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×