თამარ შუკვანი
07.02.2019

 „რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფაევის განცხადება ძალზედ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაკორექტული იყო მოძმეთა ეკლესიის მიმართ. ამ შემთხვევაში საქართველოს ეპისკოპატი, ბუნებრივია, გამოხატავს უკმაყოფილებას," - საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, რომელმაც რუსი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ილარიონი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა და რუსული სპეცსამსახრების აგენტი უწოდა, მის განცხადებასა და თავად რუსი მღვდელთმთავრის ერთგვარ მუქარას, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ასე აფასებს.

მეუფე იაკობის გაღიზიანება მიტროპოლიტ ილარიონ ალფაევის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთგვარი მუქარა შემოუთვალა, - თუკი საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.

მეუფე იაკობმა რუსი მღვდელთმთავრი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა და საპასუხოდ ერთგვარი მჯუქარაც შეუთვალა:

„ჩვენმა მასმედიამ როცა ის სიტყვები დაწერა, მე მეგონა ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან პარტიამ თქვა მაგისამ. სამარცხვინოა, თან საგარეო ის რომ აბარია. მაგენი ვერ შეეშვნენ იმას რა, როგორც იყვნენ ძველად ქოპერპროკურორების იმის ქვეშ, მერე კაგებეს ქვეშ იყვნენ, ახლა ფეესბეს და გრუს და იმის ქვეშ არიან.

„თბილისში თუ ჩამობრძანდა, მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები რა, ვიღაცა ალფაევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. მაგი კარგად იცოდეთ. შოვინიზმი და ყველაფერი იყო მაგასთან. არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო როცა ლაპარაკობდა მაგას. ამიტომ მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები, იმიტომ რომ უტვინო განცხადება გააკეთა როგორც ყოველთვის," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ის პოზიცია, რაც საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ღიად დააფიქსირა, სრულიად ლოგიკური იყო, რადგან მსგავსი განცხადებების გაკეთება ყოვლად მიუღებელია.

მისი თქმით, რუსეთის ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივება.

„წმინდა სინოდის რამდენიმე წარმომადგენელმა დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც იყო სავსებით ნორმალური რეაქცია, რამეთუ მან, გარკვეულწილად მუქარის ტონით, ისე როგორც ეს კრემლის ჩინოსნებს ჩვევიათ, - თითის დაქნევით, რაც ამაზრზენი და ყოვლად გაუგებარი იყო, რამეთუ შეუძლებელია ერთი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი, მეორე ეკლესიის იერარქიას ამგვარი ტონით ელაპარაკებოდეს.

„ამავდროულად, მან კათოლიკოს პატრიარქთან კონფრონტაციაში დაადანაშაულა ყველა ის მღვდელთმთავარი, ვინც უკრაინის ეკლესიას მხარს უჭერს, ეს იყო ცილისწამება და არარეალური ბრალდება, რომელიც არ იყო დასაბუთებული. შესაბამისად, რუსეთის ეკლესიის ინტერესებში შედის საქართველოს ეკლესიაში ძალთა შორის დაპირისპირება, შუღლი და შფოთი.

„ამდენად, ეს არ იყო გასაკვირი და მოულოდნელი; საქართველოს ეკლესიის ეპისკოპატის წარმომადგენლები გააქტიურდნენ, - ისინი გამოხატავენ ღიად მხარდაჭერას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით და რუსეთისათვის ეს ერთგვარი გზავნილი იყო, რომ საქართველო შესაძლოა დეკლალირებულად თუ კონსპირაციულად იყოს რუსეთთან თანამშრომლობის ფორმატში, მაგრამ რეალურად ამ ტრენდს საკმაოდ დიდი ოპოზიცია ჰყავს, იგივე წმინდა სინოდში," - აცხადებს ის.

მისი თქმით, გარკვეული ნაწილი რუსეთს ემხრობა, თუმცა მეტი ნაწილი, - უფრო პროგრესულად მოაზროვნე ჯგუფს წარმოადგენს და ეს ჯგუფი რუსეთის გავლენებს საქართველოში არ იზიარებს.

„უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიას, როგორც სატელიტს, როგორც რუსული ორბიტის წარმომადგენელს, ისე აღიქვამენ საერთაშორისო არენაზე, რაც ძალიან სამწუხარო რეალობაა, რამეთუ ყოველთვის ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიციები უმისონში იყო რუსეთის ეკლესიის განცხადებებთან, ქმედებებთან თუ განწყობებთან ერთად.

„აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ რეალურად, სადღეისოდ რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება, რადგან წმინდა სინდოდში, ფაქტობრივად, არსებობს ძალიან სერიოზული ძალთა გადანაწილება; არსებობს ჯგუფები, რომელიც ემხრობიან რუსეთს, მაგრამ არსებობს უფრო მეტი რაოდენობა ისეთი მღვდელთმთავრებისა, რომელთაც ბევრად უფრო პროგრესული, თავისუფალი და ჯანსაღი დამოკიდებულებები აქვს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ ემხრობიან რუსეთის გავლენებს საქართველოს ეკლესიაში," - აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, მეუფე იაკობის საპასუხო განცხადება შესაძლოა ლეგიტიმურად მივიჩნიოთ, თუმცა ეტიკეტი სხვა რამეზე მიგვანიშნებს;

„მეუფე იაკობის პასუხი ერთის მხრივ იყო ლეგიტიმური და ლოგიკური, ხოლო მეორეს მხრივ, ცხადია უმჯობესი იქნება, რომ ჩვენ არ დავემსგავსოთ მომხდურს და შეურაცხმყოფელს, და ამგვარი რიტორიკა არ მოვიხსენიოთ, - ის, რასაც შესაძლოა იმსახურებდეს, მაგრამ ეტიკეტი არ ითვალისწინებდეს.

„პირადად ჩემთვის, მოულოდნელი არ ყოფილა მეუფე იაკობის რეაქცია, თუმცა ფრაზეოლოგია და ტერმინოლოგია, ალბათ, აჯობებდა, რომ ბევრად უფრო გაფილტრული და აკადემიური ყოფილიყო," - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×