ელზა პაპოშვილი
08.02.2019

 უახლოეს პერიოდში, შსს-ს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ნებისმიერი სახით  სისხლის სამართლის წესით დაისჯება. 

დავის გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობისთვის კანონი გაითვალისწინებს როგორც საჯარიმო სანქციას, ისე პატიმრობას - ვადით 2 წლამდე. 

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონით ისჯება როგორც აქტიური მონაწილეობა ასეთ გარჩევაში,  ისე პასიური მონაწილეობაც და დასწრებაც, ოღონდ წინასწარი შეცნობით:

"ანუ პირი თუ აცნობიერებს, რაში იღებს მონაწილეობას და თავისი აქტიური ქმედებებით მხარდაჭერას გამოხატავს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, მარტივად რომ ვთქვათ, ადგილზე ყოფნაც - გააჩნია ადამიანების რაოდენობას - მსხვერპლში შიშის განცდას იწვევს-ხოლმე", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

კანონპროექტის  დამტკიცების შემდეგ ქუჩური გარჩევის, ისევე როგორც სხვა დანაშაულის დასჯას  შსს-ს საპატრულო ეკიპაჟები აღასრულებენ. 

ქუჩური გარჩევის პრევენციაში ჩართულები იქნებიან მართლწესრიგის ოფიცრები. ის ინსიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც უკვე გამოჩნდნენ დედაქალაქის ქუჩებში. ეს ადამიანები მოქალაქეებთან დანაშაულის პრევენციის მიზნით იმუშავებენ. 

ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ გამოცხადებული  უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებაა. მისი მიზანი ქვეყანაში ქურდული სამაყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრაა.

ამ პოლიტიკის შედეგად 2018 წლიდან დღემდე დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 200-მდე წევრი და 12 ე.წ. კანონიერი ქურდი.  

ქუდულ სამყაროსთან ბრძოლის ფარგლებში შსს-ის ინიციტივით კანონში ცვლილებებიც შევიდა. გაფართოვდა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. სისხლის სამართლით დასჯადი გახდა - "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა; ქურდული სამყაროს წევრისათვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა; ქურდულ შეკრებაშაში მონაწილეობა; სულ მალე კი დასჯადი გახდება ქუჩური გარჩევა, რომელიც ასევე  კრიმინალური მენტალიტეტის ერთგვარი გამოვლინებაა. " 

მეზვრიშვილის თქმით, გარდა პატიმრობისა, არის ალტერნატიული სანქციებიც ჯარიმის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით.

„კანონპროექტს მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე წარვადგენთ, შემდეგ პროცედურულად პარლამენტში წავა და იქ დაიწყება განხილვები. ეს არის ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის თემა, ასე ვუწოდებდი ამ კანონს, რომელიც ქუჩური გარჩევების საკითხს არეგულირებს და ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ახდენს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი დაჯგუფება ქუჩაში შეიკრიბა და ძალადობის, ძალადობის მუქარის, ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ცდილობს ერთმანეთში არსებული დაპირისპირების გადაჭრას. ამ ტიპის ქმედებებზე სს კოდექსში ცალკე მუხლი არ არსებობს. გვაქვს ხულიგნობა, იარაღის ტარება, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ ამის მარეგულირებელი სპეციალური მუხლი არ არსებობს.

დაჯგუფებები, რომლებიც ქუჩაში დაიწყებენ დაპირისპირების გარჩევას და ამ გარჩევის დროს გამოიყენებენ უკანონო მეთოდებს, დაისჯებიან სს წესით, რაზეც კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სანქციებია გათვალისწინებული. მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ასევე, არის ალტერნატიული სანქციები - ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თანხის მინიმალური ოდენობა კონკრეტული მუხლებით განსაზღვრული არ არის, გვაქვს სს კოდექსი, სადაც ზოგადად ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის განსაზღვრული, მაქსიმალური ოდენობა დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეს შეუძლია ნებისმიერი ოდენობის ჯარიმა გამოიყენოს პირის მიმართ.

ქმედების შინაარსიდან გამომდინარე, ამას თუ მძიმე შედეგი მოჰყვა, მაგალითად, დაიწყო გარჩევა, ერთმანეთის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და ძალადობას მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დამატებითი კვალიფიკაცია მოხდება შესაბამისი მუხლით.

სანქციის 2 წელზე მეტ ვადაზე გაზრდა მიზანშეწონილი არ იყო პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ ძალადობას დაჭრა მოჰყვა, შესაბამისი მუხლები გვაქვს, რასაც ეს დაემატება და სანქცია უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ერთმანეთისგან ჩვეულებრივი ჩხუბისა და კრიმინალური გარჩევის გამიჯვნა, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ამას მტკიცებულებებით შეძლებენ.

„ყველაფერი მტკიცების თემაა. თუ მტკიცებულებებით დავადასტურებთ, რომ რეალურად გარჩევას ჰქონდა ადგილი და დავის უკანონოდ გადაწყვეტის პროცესში მოხდა უკანონო მეთოდების გამოყენება, რაც ნორმალურ საუბარს თან არ სდევს ხოლმე, მაგალითად, ნორმალურ საუბარში ფიზიკური ძალადობა, მუქარა არ ხდება. თუ ეს ყველაფერი თან არ ახლავს, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ თუ მტკიცებულებებით ამას ვადასტურებთ, ეს პირები დაისჯებიან“, - აღნიშნა მან.

თუ როგორ მოხდება მტკიცებულებების მოპოვება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამის რეცეპტი არ არსებობს.

„როგორც ყველა სისხლის სამართლის საქმეში, პირების გამოკითხვა, საჭიროების შემთხვევაში მაგისტრანტ მოსამართლესთან დაკითხვა, ჩხრეკა, ამოცნობა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები არსებობს, რომელსაც რეცეპტი კონკრეტულ მუხლზე რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, არ აქვს“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ. 

საქართველოში კანონიერი ქურდებისა და ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა 2004 წლის 24 ივნისის დაიწყო, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ ხელი მოაწერა.  აღნიშნული კანონის თანახმად, დასჯადი გახდა ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა და კანონიერი ქურდობა. აგრეთვე, ქურდული სამყაროს წევრების ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.   

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×