თამარ შუკვანი
08.02.2019

 „ბატონი ბიძინასთვის დამახასიათებელია სრული თავისუფლების მიცემა მისი გუნდის თითოეული წევრისათვის. მაინცდამაინც ეს გააკეთე, ან ის გააკეთე, - ასე არ არის. არჩევანის საშუალებას აძლევს, - თუ უნდა დარჩეს, თუ უნდა წავიდეს. ადრეც მომისმენია მისგან ეს ჩვენ გუნდში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე ივანიშვილის მიერ გედევან ფოფხაძისთვის წაყენებულ ულტიმატუმს.

მედიის ცნობით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან ერთგვარი ულტიმატუმი მიიღო, - თუკი წასვლა უნდა, წავიდეს, თუ დარჩენა სურს, შეუძლია დარჩეს, მაგრამ თუკი მას პარტიიდან გარიცხვის ფორმით სურს წასვლა, - გარიცხავენ კიდევაც.

ამის დადასტურებისგან ფოფხაძემ თავი შეიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს, როგორც მათ სურთ ისე მოიქცნენ, მათ არჩევანში პარტიის თავმჯდომარე არ ერევა და ივანიშვილის ამგვარ წინადადებას „ჩვეულებრივს" უწოდებს.

„თუ გინდა, რომ შენ აარჩიო ეს გზა, მაშინ თავისუფლად შეგიძლია ეს გააკეთო. არიქა, დაახრჩობს და რაღაცა, ეს წინა ხელისუფლების ლიდერისათვის იყო დამახასიათებელი. პრაქტიკაში არ გამიგია, რომ ამის შემდეგ ბატონი ბიძინას რომელიმეზე შური ეძიოს. ეს ურთიერთობა მისთვის ჩვეულებრივია და ვფიქრობ, არ არის ეს ცუდი, გარკვეული დემოკრატიის თვალსაზრისით," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას 2020 წელს, გარდა „ქართული ოცნებისა," ვერავინ მიიღებს და „კარის გაჯახუნებით" წასვლა მიუღებელია.

„ის მიმდინარე პროცესები, რაც დღეს „ოცნებაში" არსებობს, პირობითად პოლიტიკურ დუღილს დავარქმევდი, - ალბათ ახალი ძალა დაიბადება და არა მარტო „ოცნებაში," მის გარეთაც. თუ „ქართული ოცნება" გაიყოფა და ახალი ფრაქცია გაჩნდება პარლამენტში და მას შეუერთდება, არ იქნება ცუდი.

„ვინც არ უნდა იყოს კარი არ უნდა გაიჯახუნოს ისე, რომ შემდეგ უკან მოხედვის შერცხვეს. კარის გაჯახუნებას არ ვემხრობი. თუ ორად გაიყოფა ეს ჯანსაღი პროცესია და მთლიანად „ქართული ოცნებისათვის" სასარგებლოა, - 2020 წლისთვის კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერავინ მიიღებს და შესაძლოა ვერც უმრავლესობა მიიღოს ვერავინ," - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×