უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო პროფესორ გოჩა ბარნოვს სასულიერო სემინარია-აკადემიაში ულტიმატუმს უყენებენ, ან უკან წაიღებს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს და სინანულს გამოხატავს, ან მას ლექციების წაკითხვას აუკრძალავენ. სემინარიის პრორექტორის განცხადებით, ყველაფერი გადაწყდება ორშაბათს და მიზეზი ისაა, რომ ბარნოვი მღვდელმთავრებს სამარცხვინოს უწოდებს და ამით შეურაცხყოფას აყენებს.
თავად თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ ის განცხადებების უარყოფას არ აპირებს და მას განსხვავებული აზრისთვის სჯიან. არ პატიობენ ერთი - ერთი უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერას და მეორე - იმას, რომ სტუდენტებს უცხოეთში განათლების მისაღებად აგზავნის, დასავლეთში განათლებამიღებული თეოლოგები და განსხვავებული აზრი კი სემინარიაში არ მოსწონთ.
უფრო მეტიც, გოჩა ბარნოვს არა მარტო ლექციებს უჩერებენ, არამედ შესაძლოა არც აზიარონ, - ამის შესახებ „რეზონანსთან" სასულიერო სემინარიის პროფესორი თეიმურაზ ბუაძე საუბრობს.
„სამეცნიერო საბჭოს წევრებმა გამოაგზავნეს „ესემესები", მეც მომივიდა, რომ გოჩა ბარნოვს ლექციები შეუჩერეს. ასევე მითხრეს, რომ რამოდენიმე გამოთქვა სურვილი, რომ საერთოდ ზიარებიდან ჩამოაშორონ. გოჩა ბარნოვს დიდი ხანია ამრეზით უყურებენ იმის გამო, რომ სტუდენტებს უცხოეთში უშვებს", - აცხადებს თეიმურაზ ბუაძე: - „საერთო არ იყო უკრაინის ავტოკეფალიაზე საუბარი, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ ბარნოვი პატრიარქს ებრძვის, მისი ჩამოგდება უნდა და თითქოს ამის განხორციელებას უცხოეთში გაშვებული სტუდენტების საშუალებით აპირებს. ეს გააჟღერა კიდეც ედიშერ ქარჩავამ. ახლა კი სამეცნიერო საბჭოზე უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებები წაიკითხეს და დაასკვნეს, რომ ბარნოვი არის პატრიარქის პირადი მტერი".
სასულიერო სემინარიაში პროფესორი გოჩა ბარნოვის საქმის შესწავლა ხუთშაბათს მოხდა, სადაც გადაწყდა, რომ პროფესორს ლექციების წაკითხვა უნდა შეუჩერდეს.
ხუთშაბათს საღამოს თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა „ფეისბუქში" დაწერა, რომ სასულიერო სემინარიიდან გაათავისუფლეს და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ლექციები იმ საბაბით შეუჩერეს, რომ ის პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების "მტერია".
მისი ვრცელი პოსტის შემდეგ სასულიერო სემინარიის წარმომადგნელებმა თქვეს, რომ გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მხოლოდ იმსჯელეს და წაიკითხეს ის განცხადებები, რაც ბარნოვის სახელით „ფეისბუქში" თუ სხვადასხვა მედიაში ქვეყნდება.
„რეზონანსთან" საუბარში სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პრორექტორი ბესარიონ ცინცაძე აცხადებს, რომ ბარნოვი ორშაბათს უნდა შეხვდეს სპეციალურ 5-კაციან კომისიას და იქ ან დაადასტუროს ან უარყოს მისი სახელით გავრცელებულ „ცილისმწამებლური განცხადებები", რის შემდეგ გადაწყდება, გაათავისუფლებენ თუ არა. მისი მტკიცებით, მიზეზი არა უკრაინის მხარდაჭერაა, არამედ ცილისწამება და ლანძღვა, რომ საქართველოს ეკლესია პრორუსულია.
„ხუთშაბათს შეიკრიბა სამეცნიერო საბჭო, 30 კაცზე მეტი, სადაც გოჩა ბარნოვი მოვიწვიეთ სწორედ იმისთვის, რომ გაგვერკვია რა ხდება. იდება პოსტები მისი სახელით. აქ ლაპარაკი განსხვავებულ აზრზე კი არ არის, არამედ ცილისწამებაზე, გამონათქვამებზე, რაც არასწორია. მღვდელმთავრების, წმინდა სინოდის მიმართ, რომ თითქოს პრორუსულია. ბარნოვი ჩვენი პედაგოგია და მოვსთხოვეთ პასუხი, რა ხდება. ბარნოვი არ მოვიდა, მაგრამ მისი წერილები განვიხილეთ, არავინ არ მოიწონა მისი ქმედება. ის გაშვებული არ არის, სანამ არ გაირკვევა მისი პოზიცია. ამიტომ ორშაბათს დავიბარეთ და თუ ეს პოსტები მისი დადებულია და თუ სინანულს გამოხატავს, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვექნება. შეიძლება თქვას, რომ ეს შეხედულება არასწორია და ვიღაც უვრცელებს,"- ამბობს პრორექტორი.
მისი თქმით, ბარნოვი მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს და ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ პედაგოგისგან სინოდის წევრების ლანძღვა არ შეიძლება.
„ბატონი გოჩა ამბობს, რომ მღვდელმთავრები სამარცხვინო პოზიციას იკავებენ, ჯერ ერთი პოზიციას არ არის დაფიქსირებული, არც საქართველოსი, არც სხვა ქვეყნების და როგორ შეიძლება წინასწარ ასეთი განცხადება გააკეთო და სამარცხვინო უწოდო მღვდელმთავრებს. ასევე ამბობს, რომ საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. როგორ შეიძლება „საღ ჭკუაზე მყოფი" - ასე ილაპარაკო? ეს დამოკიდებულებაა არასწორია. ბატონ გოჩასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო შეგონება, მეგობრული, კოლეგიალური, გაფრთხილება იყო. ეს პირველი არ არის. ამასთან, ამბობს, რომ უკვე გაშვებულია. ჯერ ეს არსად დაფიქსირებულა, ჯერ მის პოზიციას მოვისმენთ,"- ამბობს დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი საპასუხოდ ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღეს, თუმც მას შემდეგ რაც მედია დაინტერესდა ამ თემით, შეცვალეს.
„ხუთშაბათს საბჭოს რამდენიმე წევრმა მომწერა, რომ ლექციების შემიჩერეს. დღეს ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ორშაბათს უნდა შევხვდე საბჭოს წევრებს. ჩემი დასჯის მიზეზია უკრაინის თემასთან გამოთქმული ჩემი თამამი მოსაზრებებია. მე თეოლოგებთან ერთად ხელი მოვაწერე კიდეც წერილს, სადაც ეპიფანეს აღსაყდრება მივულოცე. მეორე მიზეზი სტუდენტების თემაა. დიდი ხანია ასევე ბრალად მდებენ რომ სტუდენტებს უცხოეთში სასწავლებლად იმიტომ ვუშვებ, რომ შემდეგ პატრიარქი შევცვალოთ. ოღონდ როგორ უნდა შევცვალო, არ ვიცი,"- ამბობს ბარნოვი.
ის უკრაინის თემაზე საკუთარი განცხადების უკან წაღებას არ აპირებს.
„ჩვენი ეკლესია პრორუსულია და ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის, რომ 3 თებერვალს, როცა იყო უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტის ეპიფანეს აღსაყდრების დღე, იმავე დღეს საქართველოს ეკლესიიდან უკრაინაში 3 მღვდელი მიავლინეს ონოფრისთან, რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიის ფრთას წარმოადგენს და მასთან დაესწრნენ წირვას. ეს არ ნიშნავს გაცხადებულად უარის თქმას უკრაინის ავტოკეფალიაზე და რუსული ფრთისკენ დადგომას? ასევე ძალიან საინტერესო თემაა, რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის იუბილეს ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია და იქ იყო აფხაზეთიდან ბესარიონ აპლია, ჩვენებს არც გაუპროტესტებიათ მისი იქ ყოფნა და საერთოდ, აპლია რატომ არ არის განკვეთილი ჩვენი ეკლესიის მხრიდან? მე არ ვაპირებ განცხადებების უარყოფას. ნამდვილად უღირსი საქციელი იქნება, თუ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ ვაღიარებთ, ორშაბათს ჩემი გაშვება გაფორმდება,"- აცხადებს ბარნოვი.