თამარ შუკვანი
08.02.2019

 „არსებობს ორი მიზეზი; ერთია, თუ გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა საკითხზე ჩვენ კომპრომისს ვერ ვაღწევთ, და მეორე, საპენსიო რეფორმა, რომელიც პარლამენტში წარვადგინე და არანაკლები მნიშვნელობისაა," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ.

ბექა ნაცვლიშვილი: ჩემი მიზანი არ არის, რომ ვინმემ რამე დატოვოს, ჩემი მიზანია, უფრო თავისუფლად დავაყენო დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანად მიმაჩნია. თუ ასეთი განსხვავებაა ჩვენ შორის და ეს განსხვავება შენარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ მომავალში, როდესაც სხვა საკითხები დადგება, ასე ყველა საკითხზე გუნდისა და მთავრობის კრიტიკა, როდესაც შენ უმრავლესობის ნაწილი ხარ, არ არის ეთიკური.

მირჩევნია, უფრო მეტი თავისუფლება მქონდეს და უფრო ეთიკური პოზიცია დავიკავო. შესაბამისაად, არა როგორც უმრავლესობის წევრს, შემიძლია დღის წესრიგში ისეთი საკითხები დავაყენო, რომელიც საჭირბოროტოდ მიმაჩნია. ბევრად უფრო მეტად თავისუფალი ვიქნები.

„რ": წასვლის შემთხვევაში, ფიქრობთ თუ არა ახალი პოლიტიკურ პარტიის შექმნას?

ბ.ნ: არა, ჯერ ამაზე არ არის საუბარი. ეს არ არის მიზანი. ზოგადად, მიზანი არის, რომ მქონდეს მეტი თავისუფლება, ჩემი კრიტიკული პოზიცია გამოვთქვა და ეს იყოს გამართლებული ყველანაირი თვალსაზრისით. როდესაც ხარ უმრავლესობაში და გაქვს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიცია, ეს ხომ არ არის რაღაცა საკითხი, მაგალითად საკითხი მოძრაობის დარეგულირებაზე?! ეს არის საპენსიო რეფორმა, რომელიც ყველა მოქალაქეს და მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ინტერესებს ეხება.

საპენსიო რეფორმა ძალიან ბევრ შესაძლებლობას ქმნის ზოგადად ფონდის განვითარებისთვის. მე თუ ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა მაქვს, მაშინ ეს ხდება საფუძველი იმისა, რომ ჩემი პოზიცია უფრო მკაფიოდ დავაფიქსირო უკვე უმრავლესობის გარეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×