თამარ შუკვანი
12.02.2019

 „თუ გავითავალისწინებთ იმას, რომ ეს იყო, როგორც თავად განაცხადეს, მთელი ემიგრაციის შეკრება, ამ კონტექსტში რაოდენობა საკმაოდ მცირე და მწირი იყო. უფრო დიდი აჟიოტაჟია ქართულ მედიაში ატეხილი, ვიდრე ეს შეხვედრა იმსახურებდა. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთ რამეზე ღირდეს მტკივნეული რეაგირება.

„თუ ხელისუფლება ცდილობს პროვოცირების ხელშწყობას, ეს არის მცდარი ნაბიჯი. იმ შემთხვევაში, თუკი ამ პროცესებს არავინ შეუშლიდა ხელს, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი," - ასე აფასებს კვირას ლიეჟში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„რეზონანსი": არსებობს თუ არა დღეს იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს? ან რამდენად რეალურია, რომ მან ეს უახლოეს მომავალში შეძლოს?

ვახტანგ ზაბირაძე: ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე. თუკი ხელისუფლება რეალურად შეხედავს პროცესებს და რეალურად აღიქვამს, ამის არანაირი შანსი არ არსებობს. პრობლემა იქ მომხადრი ინციდენტები კი არაა, არამედ მათი ტირაჟირება საქართველოში. თუ ასე გაგრძელდება, დაპირისპირებას გამოიწვევს და ეს უკვე პრობლემაა.

დღეს მოსახლეობაში ეს დაპირისპირება არ არის, ძალიან მშვიდად და წყნარად იტანენ ისინი, ვინც მიშას მომხრეა და ისინი, ვინც მიშას მოწინააღმდეგეა, მაგრამ თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა და იმ დაპირისპირების გადმონერგვა მოხდება, რაც იდეაში საქართველოს რეალობაში იყო, მაშინ პრობლემა გახდება.

რაც შეეხება მიშას ჩამოსვლას, არცერთი ემიგრანტები, ვინც სამუშაოდაა წასული, მიშას არ გამოყვება და არ დაიწყებს საქართველოში შემოსვლას. აქ შეიძლება მოხდეს ის, რომ აქედან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის" რაღაც აქტივი გვერდში დაუდგეს და წამოყვეს მიშას. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამას ის ვერ გაბედავს და ამიტომაც ითქვა, რომ ჯერ არ არის სიტუაცია მომწიფებული.

სიტუაციის მომწიფებაში ალბათ იგულისხმა, რომ ქვეყანაში თუ ხელისუფლების ცვლილება მოხდება, შემდეგ ჩამოვა. მანამდე, ძალიან გამიკვირდება, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს.

„რ": ეკა ბესელიამ პარლამენტში ახალი ინიციატივის შეიტანა 2024 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ. როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს და როგორ ფიქრობთ რითი დასრულდება ეს ყველაფერი?

ვ.ძ.: თუ პოლიტიკური რეალობიდან და მიზანშეწონილობიდან გამოვალთ, ხელისუფლებისთვის უარის თქმა ამ შეთავაზებაზე და ზოგადად, უვადოდ დანიშვნის საკითხის გაგრძელება პოლიტიკური თვალსაზრისით მოსამართლეეებისთვის წამგებიანია. იშვიათად მინახავს საკითხი, როდესაც მთლიან საზოგადოებაში ყოფილიყო ასეთი დიდი კონსენსუსი ასეთ დიდ პრობლემასთან დაკავშირებით, - საზოგადოების ვერცერთ წევრსა თუ ჯგუფს ვერ ნახავთ, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის პროცესს მხარს უჭერდეს, გარდა გარკვეული მოსამართლეებისა და გარკვეული პატარა ჯგუფისა პარლამენრტში.

„პატარას" იმიტომ ვამბობ, რომ გულწრფელად ეს შესაძლოა რამდენიმე კაცს უნდოდეს, დანარჩენი ივანიშვილისგან ნიშანს ელოდება. თუკი ივანიშვილი იტყვის, ეს ჯგუფიც კი თანახმა იქნება გადავადებაზე. რეალობა ასეთია, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ეს რთული სათქმელია.

ბოლო პერიოდებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, „ქართული ოცნება" ან რეალურად ვერ აფასებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარებას, ან უფრო უარესი - სპეციალურად დგამს ნაბიჯებს იქით, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს და ძალაუფლება თუ არ დაკარგოს, ყოველ შემთხვევაში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ქუჩაში გადაინაცვლოს.

„რ": და ეს პროცესები როგორ აისახება საპარლამენტო არჩევნებზე? „ქართული ოცნების" ახლანდელი რეიტინგის გათვალისწინებით, ვისი შანსები შეიძლება გაიზარდოს 2020 წლისათვის?

ვ.ძ.: თუ ავიღებთ ორ პოლიტიკურ პოლუსს - „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძარობას" - პროპორციულ სისტემით არჩევნების შემთხვევაში შანსები თანაბარია; ოღონდ, თუ ჯამურად ავიღებთ ოპოზიციას, მაშინ ოპოზიციას მეტი მხარდაჭერა ექნება პროპორციული სისტემით, ვიდრე ხელისუფლებას.

თუ „ქართული ოცნება" იმოქმედებს აქტიურად და მიზანმიმართულად, მას შეუძლია გაზარდოს შანსები 2020 წლამდე, ოღონდ ამისათვის ძალიან მცირე დრო აქვს. მან გადაწყვეტილებები გაზაფხულის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. შემდეგ მთელი წელი დაიწყოს გადაწყვეტილებების რეალიზაცია.

არსებობს მეორე ვარიანტიც - თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შანსები შემცირდება და შესაბამისად, ოპოზიციის შანსები გაიზრდება. ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, „ქართული ოცნებიდან" წასული ამომრჩეველი გადაიხრება „ნაციონალური მოძრაობისკენ", თუ „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებზე გადანაწილდება მათი ხმები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×