ტატა შოშიაშვილი
12.02.2019

 „სანამ იუსტიციის საბჭოში, რომელიც დღეს არის და, რომ იტყვიან „მოაჯდა მოსამართლეთა კორპუსს", ეგ ადამიანები იქნებიან, ვფიქრობ, რომ მათ მიერ დანიშნული მოსამართლეები ავტომატურად დისკრედიტირებულები არიან..." - ასე შეაფასა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივა, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.

ბესელიამ ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა, თუმცა მისი დეტალები არ დააკონკრეტა. მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს მთელ რიგ რეგულაციებს, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. იგი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ექნება კონსულტაციები და ინიციატივის დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებს.

„რეზონანსი" დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რას შეეხება ეკა ბესელიას ახალი ინიციატივა. ჭიჭინაძის განცხადებით, ჯერჯერობით ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, რადგან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს:

„დაველოდოთ, მუშავდება ინიციატივა. უბრალოდ, რაღაცები მუშავდება, თანხმდება და ამზადებენ კანონპროექტს და როდესაც უკვე მზად იქნება, შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დანიშნული მოსამართლეებიც შესაძლებელია პრობლემად იქცეს ჩვენი ქვეყნისთვის და ვიღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეს, ვფიქრობ, რომ მისაღებია ეს კანონი და სერთოდ, მე თუ მკითხავთ, უვადოდ დანიშვნაც გადასახედია, მითუმეტეს 2024 წლამდე", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

იგი არ გამორიცხავს, რომ ეკა ბესელიას მიერ დაანონსებული კანონპროექტი ითვალისწინებდეს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა გადარჩევას და მათს დაქვემდებარებას უვადოდ ასარჩევი მოსამართლისთვის საჭირო კრიტერიუმებისთვის:

„საერთოდ, მიმაჩნია, რომ სანამ იუსტიციის საბჭოში, რომელიც დღეს არის და, რომ იტყვიან „მოაჯდა მოსამართლეთა კორპუსს", ეგ ადამიანები იქნებიან, ვფიქრობ, მათ მიერ დანიშნული მოსამართლეები ავტომატურად დისკრედიტირებულები არიან. ამიტომ, უნდა შეჩერდეს ეს პროცესი, ჩამოყალიბდეს ახალი კრიტერიუმები, უნდა მოხდეს იუსტიციის სკოლის რეფორმირება, ჩატარდეს სრულყოფილი რეფორმა, შემდეგ იუსტიციის საბჭოში აირჩეს ახალი წარმომადგენლობა და ამის შემდეგ დაიწყოს დანიშვნები.

„აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, არასამთავრობოებისთვის, რადგან საყოველთაო სახალხო კონსენსუსის ხარჯზე უნდა მოხდეს და არა რომელიმე ჯგუფის ლობირებით. შესაბამისად, თუ არიან ვიღაცეების დანიშნული, თუ მოასწრეს ვიღაცეებმა და ისარგებლეს ამ რეფორმით, ვფიქრობ, რომ ესეც გამოსასწორებელია და დიდი ხარვეზია „ქართული ოცნების" ხელისუფლების.

„რაც შეეხება ეკა ბესელიას მიერ წარსადგენ კანონპროექტს, ალბათ, იქაც იქნება ეს გაწერილი, რადგან დაახლოებით მაგაზე იყო საუბარი - როგორ და რა მექანიზმით მოხდება ამ ყველაფრის თავიდან ამოქმედება", - განმართა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ჩაიდება თუ არა კანონპროექტში მექანიზმი, რომელიც უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის სტატუსის შეწყვეტას ითვალისწინებს:

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეგ იურისტების საკითხია, მე კი პოლიტიკურად ვუყურებ ამას. თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ - სწორი იქნება, მაგრამ იურიდიულად რამდენადაა ეს შესაძლებელი, ამაზე იურისტები მუშაობენ და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კანონიც დაიწერება და მისი ინიცირებაც მოხდება", - განაცხადა დეპუტატმა ჭიჭინაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×