ტატა შოშიაშვილი
12.02.2019

 ნატო-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში ჩატარდება, საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებაზე მოწვევა უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ნატო-მ უნდა მოიწვიოს საქართველოს ალიანსში შემდეგ სამიტზე. მე მყარად ვარ ამაში დარწმუნებული, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი ჩემს აზრს არ იზიარებს", - თქვა გენერალმა ჰოჯესმა.

მან იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში:

არსებობს გარკვეული დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. მაგრამ ასეთი ქვეყნის ნატო-ს წევრობის პრეცენდენტი არსებობს - ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ დასავლეთ გერმანია მაინც მიიღო თავის რიგებში. ამიტომ მგონია, რომ საქართველოს საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია", - განმარტა ბენ ჰოჯესმა.

მისი თქმით, საქართველომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ალიანსის წევრობის ღირსია. ახლა კი დროა, რომ ნატო-მ საპასუხო ნაბიჯები გადადგას და მიიღოს ქვეყანა საკუთარ რიგებში:

მამაცმა ქართველმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ახლა ალიანსის ჯერი დადგა - მან უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ალიანსში დაპატიჟოს. მე მჯერა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული", - აღნიშნა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×