თამარ შუკვანი
13.02.2019

 „ბრექსიტი მხოლოდ ევროპისთვის არ არის დიდი მოვლენა, - ეს ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი სერიოზული ფაქტია. ევროკავშირი, თითქოს სუსტდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ახალი შესაძლებლობა - ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებს ბრიტანეთი ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელსაც უშლიდა" - ასე აფასებს იმ შესაძლო მოვლენებს, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მოჰყვება, ანალიტიკოსი და „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა სურს, - შეთახმების თანახმად, პროცესი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დასრულდეს. რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას, - ვისთვის იქნება მომგებიანი და ვისთვის პირიქით, - წამგებიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლით აზიანებს, როგორც საკუთარ ეკონომიკას, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესსაც.

„ბევრი არ დაეთანხმება, იმას, ვისაც მიაჩნია, რომ ბრიტანეთის ამგვარი „დამოუკიდებლობა" მისივე ინტერესებს შეესაბამება. ამით ბრიტანეთის ეკონომიკაც და მთელი ევროპული ინტეგრაციის პროცესის ზარალდება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ევროკავშირი ბრექსიტის საკითხის გადახედვაზე კვლავ უარს აცხადებს, თუმცა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას ეს არ გამორიცხავს, - თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი ჩიხიდან გამოვიდეს, თებერვალში ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერისა და ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის განცხადებაშია ნათქვამი.

ჟან კლოდ იუნკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სურს შეთანხმება გადაიხედოს, ეს არ მოხდება, თუმცა დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

„სირთულეების მიუხედავად, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმის შესახებ, რათა წინ წასვლის გზა მოიძებნოს, რომელიც მხადაჭერას მოიპოვებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და დაიცავს ევროპის საბჭოს მიერ შეთანხმებულ მითითებებს," -აღნიშნულია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში უფრო მეტად გააქტიურდება, რაც საქართველოზეც დადებით ასახვას ჰპოვებს.

„ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში გერმანიას, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ ინტეგრაცია მაღალ დონეზე აიყვანონ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრიტანეთი აბალანსებდა საფრანგეთსა და გერმანიას ევროკავშირის შიგნით და ნახევრად მხარს უჭერდა ევროკავშირის გაფართოებას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.

„მისი გასვლის შემდეგ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ასეთი ყურადღების ცენტრში შესაძლოა აღარ იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასვლის შემდეგაც, ბრიტანეთი კვლავ ევროპაში რჩება და უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გაატარებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში.

"შეიძლება ეს უფრო საინტერესოც აღმოჩნდეს, რადგან ახლა ის არ იქნება შებოჭილი ევროკავშირის ხედვებით და შეძლებს ორმხრივი ურთიერთობები აწარმოოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, - უფრო მეტი დახმარება გაუწიოს ამ ქვეყნებს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ სტაბილურობის შენარჩუნება რთული იქნება.

„გასაგებია ზოგიერთი რამ, რაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ მოჰყვება, მაგრამ, მნიშვნელოვანი, შორს მიმავალი პერსპექტივიდან მარტივი არ გახლავთ, - რეალურად აქ მოგებული არავინ დარჩება, არც საქართველო.

"სტაბილური, უფრო გაღმავებული ინტეგრაციული მახასიათებლების მქონე ევროკავშირი იყო მნიშვნლოვანი და მომავალშიც ასე იქნება. გარკვეული დროით, სანამ ბრიტანეთი კავშირის გარეთ იქნება, ეს სიტუაცია არ იქნება იდეალური," - აცხადებს მენაღარიშვილი.

კაკაჩიას განცხადებით, ბრექსიტის შემდეგ საქართველომ და უკრაინამ შესაძლოა „სოლიდარობის ხმა" ვერ გაიგონოს.

„როგორც ჩვენთვის, უკრაინისთვის და მოლდოვეთისთვის, - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, სასიამოვნო მაინცდამაინც არ არის - ჩრდილოატლანტიკური სოლიდარობის ხმა დააკლდება ამ ქვეყნებს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×