(რეზონანსი) თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე თათია შარანგიას გადაცემა "სთორის" სტუმარი იყო, სადაც მისი ცხოვრების დეტალებზე გულახდილად ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, როგორ ახერხებს ოთხი შვილის დედა იყოს იდეალურ ფორმაში, თბილისის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მისი წონა გენეტიკის და ბევრი მოძრაობის დამსახურებაა. "სამწუხაროდ, ვარჯიში ჩემთვის არ შეიძლება, რადგან საკეისრო მაქვს გაკეთებული, მაგრამ ფეხით ბევრს დავდივარ, რაც წონის შენარჩუნებაში მეხმარება", - აღნიშნა ანუკი არეშეძემ.
ანუკი არეშიძემ მეუღლის გაცნობის დეტალებზეც ისაუბრა.
"ერთმანეთი მილანში გავიცანით, ჩვენი დაკავშირება ოჯახის ახლობლის საშუალებით მოხდა. მაშინ ძალიან პატარა, 18 წლის ვიყავი. კახი ჩემზე 11 წლით არის დიდი. უბრალოდ შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი. პარიზიდან ერთხელ მქონდა პირდაპირი ჩართვა, მაშინ უყურებია და მოვწონებივარ. მერე გამახსენა, შენ ის გოგო ხარ, რომელიც მომეწონაო. ჩვენი გაცნობიდან ორ თვეში მივხვდი, რომ კახა ის ადამიანი იყო, რომელსაც მე მთელ ცხოვრებას დავუკავშირებდი. მაგრამ ჩემ თავს არ ვუტყდებოდი. ოჯახი ექვს თვეში შევქმენით", - იხსენებს არეშიძე გადაცემაში.
კითხვაზე, რა არის მისი მიზანი, რის შემდეგაც შეაქებს საკუთარ თავს, ანუკიმ ასეთი პასუხი გასცა:
"ჩემს თავს შევაქებ ალბათ, როცა მექნება ძლიერი ბრენდი. როდესაც ჩემი შვილები კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. 50-60 წლის ასაკში ალბათ მექნება ჩემი პირადი, ვენახი, ბაღი და ბოსტანი. მეყოლება ცხენები. მეოთხე შვილის შემდეგ, უფრო მეტად მიზიდავს ბუნება და მინდა ქალაქისგან შორს ვიყო. მაღალმთიან სოფელში ვიცხოვრებდი, სადაც ძროხების ზარის ხმა გამაღვიძებდა ყოველ დილით. დღესვე წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში, მაგრამ მეუღლე და შვილები ახლა ამის საშუალებას არ მაძლევენ", - განაცხადა ანუკი არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე