„მეზღვაურები კვლავ საპყრობილეში არიან და არც გემების დაბრუნებაზეა საუბარი. რუსეთმა, თავისი ჭკუით, ამით გასცა პასუხი. სანქციები სწორედ ამას ეხება; რუსეთი კვლავ უკანონოდ ამყოფებს უკრაინელ მეზღვაურებს ციხეში, - ისინი გადაყვანილნი არიან "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების სამსახური) ციხეში, რაც მათ კიდევ უფრო უმძიმებს პირობებს," - გასული წლის 25 ნოემბერს რუსული ხომალდების მიერ 24 უკრაინელი მეზღვაურის გატაცებასა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არც უკრაინელი მეზღვაურებისა და არც მიტაცებული უკრაინული ხომალდების დაბურუნებას არ აპირებს, თუმცა მაისაია არ გამორცხავს, რომ მხარეებს შორის მოხდეს ერთგვარი გაცვლა.
„დღევანდელი პუტინის რეჟიმი ძალიან მკაცრია; ისინი არ აპირებენ მეზღვაურების გათავისუფლებას. შეიძლება დააყენონ საკითხი, - გადაცვალონ დონბასისა და სხვა ტიპის სეპარატისტებზე, როგორც ამას თავად ამბობენ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით რუსეთი არ აპირებს მათ გათავისუფლებას," - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ახალი სანქციები ამოქმედდება - აშშ და ვეროკავშირი ახალ სანქციებს ამზადებენ. ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოს ორ თვეში დააწესებენ. ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკავშირედება, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ფაინანშალ თაიმსი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბრიტანულ გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ახალი სანქციები იმ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შეეხებათ, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტში უშუალოდ გარეული იყვნენ.
რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ იანვარში იყო საუბარი, რომლის შესახებაც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სანქციებს იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუ რუსეთი უკრაინელი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებას არ დათანხმდებოდა.
მაისაიას განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, კვლავ რჩება ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც „ზურგს უმაგრებს" ჩინეთი. მისი თქმით, ჩინეთი აშშ-ის ალტერნატივას წარმოადგენს და არანაკლები გავლენებით სარგებლობს.
ამასთანავე, მაისაია რუსეთსა და ჩინეთს შორის გაღრმავებულ და განვითარებულ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს, რაც რეალურად რუსეთს ხელს აძლევს, თავისი გავლენები გაამყაროს.
„რუსეთმა ამ სანქციების მიუხედავად, გარკვეულწილად მაინც მოახერხა მისადაგება და ადაპტაცია, - ეს სანქციები ეკონომიკური კუთხით, მაინცდამაინც დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს, რადგან რასაც ვხედავთ, რუსეთი უფრო აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს. ამასთანავე, ჩვენი საზღვრის სიახლოვეს აპირებს, რომ ორი დივიზია განათავსოს.
„ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განვითარებამ და დამატებით კიდევ, აღმოსავლეთით გადასვლამ, გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია, - რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეკონომიკური ზრდა 2-3%-ით შეინიშნება. რუსეთმა, ფაქტობრივად, მოახდინა ექსპორტშემცვლელი საქონლის ჩანაცვლება და ამით დააბალანსა თავისი ბაზარი და სტიმულირებაც გაუკეთა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა. თუ ადრე ამერიკასთან იყო ყველაფერი მიბმული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების კუთხით და ითვლებოდა მთავარ ამოსავალ წერტილად, დღეს უკვე სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია; რუსეთს შველის ჩინეთთან თანამშრომლობა და ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება.
„დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ უკვე დაახლოებით 100 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. ჩინეთთან, რომელიც დღეს უკვე არის ამერიკასთან ალტერნატიული და არანაკლებ ძლიერი პოლიტიკური გავლენის ცენტრი, აშკარად კარგად არის გათამაშებული," - აცხადებს ის.
მისი თქმით, ქერჩი სრუტეში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, მეტიც, - სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, რაზეც უშუალოდ რუსეთის ქმედებები მიგვანიშნებს;
„ეს არის უბრალოდ სიმბოლურად გამოხატული პოლიტიკური ზეწოლის ფორმები, რაც აუცილებელი მომენტია. ქერჩის სრუტეში, აზოვის ზღვაში რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა თავის სამხედრო პოტენციალი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების, სავაჭრო გემების და მესაზღვრეთა თევზსაჭერი გემების მიმართ კიდევ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს.
„სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ეს სანქციებიც, რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება. ამიტომაცაა, რომ ევროკავშირი და ამერიკა ამას ეხმიანებიან. ევროკავშირი და ამერიკა აპირებენ კიდევ უფრო გაამკაცრონ სანქციები და იმ რუსულ ეკონომიკის მამოძრავებელ ინსტიტუტებს შეეხონ, როგორიც არის "გაზპრომი" და სხვა მნიშვნელოვანი ტიპის სახელმწიფო და საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორაციები, რომელიც დღეს რუსეთის ეკონომიკას ასულდგმულებენ და ავითარებენ," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.