ეკატერინე ბასილაია
14.02.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები იზრდება და მიუხედავად დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებისა, რომ მოსახლეობის დაცვა "მეზობელ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვით" შეძლეს, ცხინვალის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლება 20 თებერვლამდე შეწყვეტილია ბავშვების 77%-ში ვირუსის გავრცელების გამო, ხოლო სოხუმში ერთი მოზარდი გარდაიცვალა, რასაც არ ახმაურებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქარაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით სოხუმში ერთი მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს მიაწოდეს.

"არაოფიციალური ინფორმაცია მაქვს, რომ აფხაზეთში რ#ტ# ვირუსით რამდენიმე ათეული ადამიანია დაავადებული და მათ შორის დღეს ერთი მოზარდი გარდაიცვალა სოხუმში. გარდაცვლილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა რ#ტ# , თუმცა სოხუმში ე.წ. ოფიციალური წყარო გრიპის ვირუსით ბავშვის გარდაცვალებას არ ადასტურებს," - ამბობს ბაქარაძე.მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი მიმოსვლა 5 თებერვალს აღადგინა და ენგურის ხიდი გახსნა, თუმცა ხიდზე დგას სასწრაფოს მანქანა რენტგენის აპარატით, სადაც ზუგდიდიდან ოკუპირებულ მხარეს შესული ყველა ადამიანი მოწმდება, ხომ არ აქვს გრიპის ვირუსი.

"აფხაზეთში კარანტინი 10 იანვარს გამოცხადდა და ჩაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი. ენგურის ხიდი 5 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ხიდზე დააყენეს მანქანა, მოძრავი ფლუროგრაფი, სადაც გალის ექიმები მუშაობენ და ყველამ, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და შედის ოკუპირებულ აფხაზეთში, აუცილებლად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. უტარდებათ ფლუროგრაფიული კვლევა, ფილტვებს უსმენს ექიმი და თუ დარწმუნდება, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ და დაავადების შეტანის საშიშროება არ არის, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ აფხაზეთში შესვლის უფლება. ეს გრძელდება დღესაც," - ამბობს ბაქარაძე.

მისი თქმით, აფხაზეთში გრიპის თემა ძალიან აქტუალურია და ადგილობრივი მედიის მთავარი თემაა. დე ფაქტო ხელმძღვანელები კი მუდმივად აცხადებენ, როგორ გადაარჩინეს მოსახლეობა ვირუსისგან იმით, რომ "მეზობელ ქვეყანასთან - საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტეს."

"მუდმივად საუბარია, რამდენად საშიში ვირუსია და როგორ მძვინვარებს ის საქართველოში, მათ კი მოსახლეობა ამ ვირუსისგან გადაარჩინეს.

"ახლა, როცა დადასტურდა ვირუსის ცირკულირება, ისევ შემოიღებენ თუ არა კარანტინს, არ ვიცი, ყველაფერი მოსალოდნელია. მით უფრო, რომ ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ წითელას ვირუსი მძვინვარებს საქართველოში. ისინი ყველანაირ მიზეზს ჩაეჭიდებიან, რომ გალის მოსახლეობას მიმოსვლა შეუზღუდონ," - აცხადებს ბაქარაძე.

აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1-ლი იანვრიდან 13 თებერვლამდე "რესპუბლიკაში" ე.წ. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა გამოვლინდა. აფხაზეთის მთავარი სანიტარიული ექიმი ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ "გრიპით დაავადებულები ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები სჭარბობენ".

მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება და მოსახლეობას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი მოსახლეობა სანიტარიული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ეს დაავადება საერთოდ არ იქნებოდა," - განაცხადა სკორიკმა.

აფხაზეთისაგან განსხვავებით, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა 11 იანვრიდან დღემდე ისევ ჩაკეტილი აქვს ცხინვალის რეჟიმს. გარდა ამისა, ე.წ. ხელისუფლებამ ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში კარანტინი გამოაცხადა და 20 თებერვლამდე სწავლება ყველგან შეწყდა "ღორის გრიპის" ვირუსის გავრცელების გამო.

ცხინვალის მთავარი სანიტარიული ექიმი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ გრიპის ვირუსით 14 წლამდე ბავშვების 77%-ია დაავადებული, სკოლებში მოსწავლეების 20% ვირუსის გამო არ დადიოდა და ამიტომაც გადაწყდა კარანტინის გამოცხადება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

"მოზარდებში არის პნევმონიის შემთხვევები და ექიმებს უმეტესად გართულებისას მიმართავენ, ამიტომ მკურნალობა გართულებულია," - აცხადებს კოჩიევა.

მან მიმართა მშობლებს, რომ დაავადებული ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, ასევე, მიმართა პედაგოგებსაც, რომ ვისაც ვირუსი აქვს, სამსახურში არ გამოცხადდნენ, რათა სხვებს არ გადადონ ვირუსი.

კოჩიევა აცხადებს, რომ ბევრად რთულადაა სიტუაცია მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში, "მეზობელ საქართველოში" და ცხინვალში გართულება თავიდან აიცილეს იმის გამო, რომ საქართველოსთან "საზღვარი ჩაკეტეს."

"სიტუაცია არ გამწვავდა იმის გამო, რომ საზღვარი (საქართველოსთან) დაიხურა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან აქტიურად სტუმრობს ჩრდილოეთ ოსეთს და ინფექცია, შესაძლოა, ვლადიკავკაზიდან შემოვიდეს," - განაცხადა მან.

მისი თქმით, ზოგადად, "რესპუბლიკაში" სიტუაცია საშინელი და კრიტიკული არ არის. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამხრეთ ოსეთში გრიპის ვირუსის შემთხვევები სერიოზული შეშფოთების საგანი არ არის.

იანვარში შემთხვევების რაოდენობა კი გაიზარდა, თუმცა ეს პროგნოზირებული იყო. ამასთან, ვრცელდება საავადმყოფოში ბოლო სამი დღის მიმართვის მონაცემები და ნათქვამია, რომ ორშაბათს საბავშო პოლიკლინიკას მიმართა 75-მა ბავშვმა, სამშაბათს-ერთით ნაკლებმა, ოთხშაბათს კი - 45-მა ბავშვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×