თეოლოგი მიიჩნევს, რომ სინოდიმა ყველა პრობლემური საკითხი უნდა დაარეგულიროს
ელზა პაპოშვილი
14.02.2019

 "სასულიერო პირი უბრალოებისა და უპოვარების მაგალითს უნდა იძლეოდეს. ეს არის მათი მოწოდება. რა თქმა უნდა, მამაოს, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ავტომობილი უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს მისთვის ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს, ეს მისთვის საჭიროება უნდა იყოს და არა განცხრომა," - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი "რეზონანსთან" ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სასულიერო პირების ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილებას ეხება.

თეოლოგი ამბობს, რომ მამაოების დამოკიდებულება სიმდიდრესა და ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ მრევლში რწმენის რყევას იწვევს და ეკლესიის მიმართ ნდობას აკარგვინებს. მისი თქმით, სინოდმა ეს პრობლემური საკითხი სასწრაფოდ უნდა დაარეგულიროს. სასულიერო პირი კი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის არის მოციქულთა მემკვიდრე და ქრისტეს მსახური, რომელიც ვალდებულია, რომ უბრალოებისკენ და სისადავისკენ იყოს მოწოდებული.

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში პოპულარულია ერთ-ერთი მამაოს ფოტო, რომელიც თბილისში "ბენტლით" მოძრაობდა. საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ვინ არის იგი და რა სახსრებით შეძლო ასეთი ავტომობილის ყიდვა.

რამდენიმედღიანი განსჯის შემდეგ კი მამაომ თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბენტლი" მისი საკუთრება არ არის, მის ახლობელს ეკუთვნის. ამ ავტომობილზე მხოლოდ ინტერესის გამო დაჯდა და ახლობელისგან ცოტა ხნით ითხოვა. გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მამა ათანასე (კაპანაძე) შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"მოგესალმებით ყველას, ჩემს "ფეისბუქის" მეგობრებსა და სრულიად ფეისბუქის მომხმარებლებს. გუშინ, შუადღეს, დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე "რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006 წლის "ბენტლი", რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა. ხვალ რომ "პორშეს" საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს, ე.ი. ჩემია?

"ხალხო, ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს, ვინმე რამეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ, მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს.

"ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება, შეგიძლიათ, "ფეისბუქზე" ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ, ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება. ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია.

"მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი, რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ალპურ ზონაში, სადაც აღვიკვეცე და 8 წელი დავყავი, რა იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო." ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე."

საკითხს მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. როგორც იგი აღნიშნავს, ისეთ სასულიერო პირებს იცნობს, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ.

"არ ვიცი, "ბენტლი" ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ. თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთის მსახურებს კატეგორიებად, მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად, სხვას კი სასაცილოდ იგდებენ.

"ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე. ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი, სამწუხაროდ, იმდენი ჩამოყალიბდა, რამდენიც მღვდელია - ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და "ბენტლით" ჩავუარო, დარწმუნებული ვარ, გაჩერების სურვილი არ ექნება - ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს!" - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ძვირადღირებულ ავტომობილებზე მსხდომი სასულიერო პირები საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. სასულიერო პირთა უმრავლესობა თავის მოწოდებას და პროფილურ დანიშნულებას ვერ ათვიცნობიერებს.

"ჩემი აზრით, სასულიერო პირი უბრალოებისა და უპოვარების მაგალითს უნდა იძლეოდეს. ეს არის მათი მოწოდება. რა თქმა უნდა, მამაოს, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ავტომობილი უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს მისთვის ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს, მის ღირებულებას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ეს მისთვის საჭიროება უნდა იყოს და არა განცხრომა," - აცხადებს ტიგინაშვილი "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×