"მეშვიდე წელია, მიდის "ტიტანების" ბრძოლა - სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესია ხელისუფლებაში დაბრუნება, ივანიშვილის ამოცანაა, შეინარჩუნოს ძალაუფლება "ოცნების" ფარგლებში," - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": რა ვითარებაა დღეს პოლიტიკურ ბაზარზე, რაიმე სიახლე ხომ არ შეინიშნება?
არჩილ გამზარდია: 2012 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ ვთქვი, რომ სანამ არსებობს ფუნქციურ დონეზე "ტიტანების" ბრძოლა, პოლიტიკური პროცესი არ შეიცვლება და უკვე 7 წელია, მიდის "ტიტანების" ბრძოლა ორ ყოფილ პარტნიორს შორის, რომლებიც მტრებად იქცნენ.
სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ნათელია, მას ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა და ცდილობს, საიდანაც შეუძლია, აქტიური იყოს. ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, ძალაუფლება შეინარჩუნოს "ოცნების" ფარგლებში, მაგრამ პოლიტიკური პროცესი წავიდა ისე, რომ პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად სააკაშვილი ძალიან სჭირდება, მის ფონზე "ოცნება" დადებითად რომ გამოჩნდეს. ამიტომაც არ აღიარებენ არც ერთ სხვა პარტიას და მუდამ "ნაციონალებზე" ფოკუსირებენ.
"რ": ანუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესში არ შედის "ოცნებაში" ცვლილება?
ა.გ: როგორც ჩანს, ივანიშვილს არ უნდა, რაიმე შეცვალოს "ოცნებაში", სხვა პარტიებზე კი ფსონებს ალბათ იმიტომ არ დებს, რომ სადაც ფსონი დადო, ყველგან წააგო. ხელისუფლებაში ალიანსის სახით მოვიდა, მაგრამ შემდეგ თითქმის ყველა პარტია გადაიმტერა და ალბათ აღარ უნდა, კიდევ მეტი გადაიმტეროს "ქართული ოცნებიდან". თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა, მაქსიმალურად შეინარჩუნოს გაბანკროტებული სუბიექტები.
"რ": სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება "გაერთიანებული ოპოზიციის" ფარგლებში სურს, თუ მის გეგმებში "ალტერნატიული მთავრობა" შედის, რომელსაც ახლა ქმნის?
ა.გ: ამ ეტაპზე სააკაშვილი თავისი პოლიტიკური ძალიდანაც გაირიცხა, "ნაციონალებს" პარლამენტში უმცირესობა ჰყავთ. თუმცა იგი შეეცდება, ყველა, ვინც გაბრაზებულია, შემოიკრიბოს. როგორც წესი, თამაშგარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები ეძებენ ლოკომოტივს, ოღონდ სააკაშვილი თუ ამ პარტიებს ლოკომოტივის სიძლიერეში დაარწმუნებს, დაეხმარება მათ, დროებით პოლიტიკური სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მაგრამ ესეც დროებითი იქნება.
გვახსოვს მისი პოლიტიკური წარსული. ხელისუფლებაში ალიანსის სახით მოვიდა, მაგამ პირველსავე ვადის დასრულების შემდეგ, "ნაციონალების" გარდა, ყველა პარტია თამაშმიღმა დატოვა, რომლებიც შემდეგ მის წინააღმდეგ წავიდნენ.
"რ": ახლა თუ ხედავთ ახალი ალიანსის შექმნის ნიშნებს?
ა.გ: ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეიძლება რამდენიმე სუბიექტი წავიდეს ამ ცდუნებაზე, რადგან, როგორც წესი, ჩვენში ინსტიტუციურად განვითარებული პარტიები არ არის. საერთოდაც, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ვერ განვითარდა კოალიციური თანამშრომლობისთვის.
"რ": ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის პერსპექტივას თუ ხედავთ?
ა.გ: რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც არც "ოცნებასთან" და არც "ნაციონალებთან" არ სურთ გაერთიანება, მაგრამ ეს როდის მოხერხდება, ვერ გეტყვით. არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც "ნაციონალები" აცხადებენ, "ოცნება" დასრულდაო და არც ისე, როგორც "ოცნება" ამბობს - "ნაციონალებიო". ჯერ ასე ნამდვილად არ არის.
საზოგადოებაც ძალიან პასიურია, მხედველობაში მაქვს არჩევნებზე დაბალი აქტივობა - "თუ ის წასულია და ის რჩება, ჩემს აზრს რაღა მნიშვნელობა აქვს."