„ჩვენი კონსტიტუციით ეს პირდაპირ არ მიეწერება პრემიერს. შესაბამისად, მას ამის უფლება არა აქვს. ეს ჯერ კიდევ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ „ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ეს მოარგოს თავის გემოვნებას; ასე არ ხდება სახელმწიფოს მოწყობა, განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის უშიშროება და უსაფრთხოება," - აცხადებს უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია იმაზე, რამდენად გამართლებულია კონსტიტუციურად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩართვა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები იქნა შეტანილი, რის შედეგადაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. პრეზიდენტი კი ამ საბჭოს მუშაობაში ჩართვას ითხოვს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციურად გამართლებული არ იქნებოდა პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ჩართვა.
„დღეს არსებული მოდელით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ამ საბჭოს შემადგენლობაში. თუმცა არ ვიცი, ალბათ, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ ჯგუფში, თუ აქვს პრეზიდენტს სურვილი და კიდევ დამატებით თუ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციებიდან მიზანშეწონილი იქნება თუ არა ამ მიმართულებით პრეზიდენტის დამატება. მზა პასუხი ნამდვილად არ მაქვს და ვერ გეტყვით," - განაცხადა სოფო კილაძემ
ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ საკითხის ასე დაყენება, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული.
„კონსტიტუციის ინტერპრეტაციას ჩვენთან პარლამენტი ახდენს, რომელსაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს და რასაც უნდა იმას აკეთებს; ეს საკითხი ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან, როდესაც უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებზეა საუბარი, უნდა იყოს მკაფიოდ დადგენილი კონსტიტუციით და კანონით, ვინ არის ის უფლებამოსილი პირი, რომელიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს გადაუდებელ სიტუაციებში."
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ,,საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება".
კონკრეტულად, რა ღონისძიება უნდა გატარდეს იმისათვის, რომ პრეზიდენტი საბჭოს შემადგენლობაში მოხვდეს?
მუხაშავრიას აზრით, პრეზიდენტის საბჭოში შეყვანა, წესით, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუმცა ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რაც მისთვის მიუღებელია. ამბობს, რომ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება უკვე დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო.
„პრეზიდენტის იქ მოხვედრაზე არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა, უბრალოდ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება; თავის დროზე ეს გააკეთეს იმისთვის, რომ მარგველაშვილისთვის წაერთმიათ ეს უფლებამოსილება და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩიხური სიტუაცია;
„ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ აუცილებლად იქნებოდა კონფლიქტი პრეზიდენტსა და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს შორის და ეს ყველაზე სამწუხარო საკითხია, რომელზედაც შეიძლება ეს კონფლიქტი წარმოიშვას და განვითარდეს, რადგან სახელმწიფო, პირველ რიგში, მოქალაქეებს იმისთვის გვინდა, რომ ხელისუფლებამ მკაფიო ადგილი მიუჩინოს ყველას, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებში. როდესაც ჩვენ რეგიონში გაუგებრობა არის, ასე ინტენსიურად მსოფლიო მოვლენების ბობოქარ პერიოდში, ეს ძალიან სახიფათო და საშიშია," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.