საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია ,,რედკოსთან" და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან" თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.
,,რედკოსა" და ,,ანაგს" შორის პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე, კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს დეველოპერული კომპანია ,,რედკოს" მიმდინარე და ახალ პროექტებს.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ვასილ ხოდელის შეფასებით, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას.
,,მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ვფიქრობთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება როგორც რეგიონის, ასევე ადგილობრივი სამშენებლო სექტორის და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას", - განაცხადა ვასილ ხოდელმა და დასძინა, რომ დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა, ხელს უწყობს ასევე ტურიზმის სფეროს განვითარებას ქვეყანაში.
კერძო სექტორის განვითარებაში საქართველოს ბანკის წვლილზე გააკეთა აქცენტი კომპანია ,,ანაგის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლაშვილმა, რომლის შეფასებითაც, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს კერძო სექტორს, რომლის ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანია",
,,ანაგი" 30 წელია, ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, ბათუმის ჰილტონი, თბილისი გარდენსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორც ,,რედკო" და საქართველოს ბანკია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონალური ბიზნესის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. ახალ გუდაურში, ფაქტობრივად, ჩვენ ვართ კომპანია, რომელმაც უნდა განავითაროს უზარმაზარი ტერიტორია და შექმნას ევროპული დონის კურორტი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რაც ამასთანავე გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ჩვენი ხედვა და უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხი და ერთიანი სტილი.
საქართველოს ბანკი ჩვენი საიმედო პარტნიორია. მას ესმის ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა და ცდილობს, მოერგოს ჩვენს მოთხოვნებს. ჩემი აზრით, საქართველოს ბანკი დღეისათვის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ", - აღნიშნა ირაკლი გოგოლაშვილმა.
,,რედკო" ზრუნავს საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე. ახლა კი ამას, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს", - განაცხადა კომპანია ,,რედკოს" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა.
გენერალური გეგმის მიხედვით, როგორც მან აღნიშნა, ,,რედკო" გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, რედისონ ბლუ გუდაურს. ასევე 2019 წლის გაზაფხულისთვის ,,რედკო" გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ დე ქერიდიენ-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად ,,რედკომ" 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო.
,,ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადავედით. ,,ანაგთან", ფაქტობრივად, დღეს დავიწყეთ თანამშრომლობა და ვგეგმავთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას გუდაურის ტერიტორიაზე, თუმცა დღეისთვის სამშენებლო პროექტებს გადაიბარებს ,,ანაგი", რაც შეეხება ,,საქართველოს ბანკს", დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ და ამიერიდან გვექნება უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობა. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები ნიშნავს მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტ სამუშაო ადგილს და მეტ დასრულებულ ობიექტს, რაც თავის მხრივ გულისხმობს მეტ ფინანსურ რესურსს ეკონომიკაში, რაც ბიზნესისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საწინდარია", - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.
მთის კურორტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა თამაზ გამცემლიძემ.
,,გუდაურს, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენ კურორტს, აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. ძალიან საინტერესო პროექტია, მით უმეტეს ისეთ გამოცდილ კომპანიასთან, როგორიც არიან ,,რედკო" და ,,ანაგი". სამწუხაროდ, მთის კურორტებზე პრობლემა არსებობს, მაგრამ მთავარია, გაცნობიერებული გვაქვს ეს გამოწვევა და მოკლე დროში ერთობლივად მოვაგვარებთ. ძირითადი პრობლემა პარკინგების სიმცირეს, საცობებს, დასუფთავების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება და ყოველ წელიწადს განსხვავებული კურორტები დაგვხვდება საქართველოში. სატრანსპორტო გეგმა აუცილებლად შეიცვლება, ძირითადი აქცენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთდება. ზუსტად ანალოგიური მიდგომა გვაქვს გუდაურთან მიმართებაშიც. რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯება იმისთვის, რომ აღნიშნულ კურორტებში არსებული პრობლემა მოგვარდეს", - განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.
(ბიზნესპრესი)