თამარ შუკვანი
14.02.2019

 „როდესაც ნატო-ს მხრიდან უკრაინაზეა საუბარი, საქართველოც მოიაზრება. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი უკრაინაა, რადგან იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ომი. აქედან გამომდინარე, ნატო დაინტერესებულია სტაბილიზაცია მოხდეს და სიტუაცია, რაც დღეს დონბასში არის შექმნილი, არ გადაიზარდოს პირდაპირ ომში რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამიტომაც არის, რომ დიდი ყურადღება უკრაინას ექცევა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკთან არაფორმალური საუზმე გამართეს, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს რუსეთისადმი მოწოდება უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ.

„ნატო უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ახლა განვიხილავთ თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასევე განვიხილავთ შავ ზღვაში ნატო-ს დასწრების შემდგომ გაზრდას. უახლოეს დღეებში შავ ზღვაში ჩვენი ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კაკაჩიას განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების საკითხთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც იქნება გათვალისწინებული და განხილული.

„ამასთანავე, სტოლტენბერგის განცხადებაში ჩანს, რომ არა მარტო უკრაინის საკითხი, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია ნატო-სთვის და ბუნებრივია, რომ აქ საქართველოსაც გარკვეული როლი აკისრია; ამ კუთხით ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის პირა ქვეყნების უსაფრთხოებაზე იქნება გათვლილი, აუცილებლად საქართველოც იქნება ჩართული.

„ნატო-მ ოფიციალურ და მაღალ დონეზე რამდენჯერმე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ შეეწყვიტა ყირიმის ოკუპაცია და ამასთანავე, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს და ზოგადად, ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

„უკრაინა არ არის ამ ორგანიზაციის წევრი, ნატო-ს არ შეუძლია პირდაპირი დახმარება გაუწიოს მას. ერთადერთი, რაც მას შეუძლია და რასაც აკეთებს, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და სხვადასხვა ფორუმებსა და პოლიტიკური შეხვედრების დროს დღის წესრიგში დააყენოს უკრაინის უსაფრთხოების საკითხი. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციები არის იმ მხარდაჭერის გამოხატულება, რომელიც უკრაინას აქვს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×