21 ოპოზიციური პარტია მაჟორიტარობის გასაუქმებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ეკატერინე ბასილაია
15.02.2019

 21 ოპოზიციური პარტია 1 მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს მოთხოვნით, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თემა დახურულია და მაჟორიტარობა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდება.

ხუთშაბათს 21 ოპოზიციური პარტია შეიკრიბა და გადაწყდა, რომ უნდა დაიწყონ აქტიური პოლიტიკური ბრძოლა, რათა მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება გაუქმდეს არა 2024 წელს, რა დათქმაც არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, არამედ 2020 წელსვე. ოპოზიცია გეგმავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პარლამენტში კანონპროექტი შეიტანოს.

საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნას, კანონის თანახმად, 200 000 ხელმოწერა სჭირდება და ოპოზიცია გეგმავს, ხელმოწერების რაოდენობა 1-მილიონამდე გაზარდოს, რათა ხელისუფლებას არ დარჩეს არგუმენტი, ხალხის გადაწყვეტილებას უარი უთხრას.

21 ოპოზიციური პარტია იწყებს კამპანიას "მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად". საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უკვე მიმართეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ ხელმოწერების ფურცლის ნიმუშები მიიღონ და უკვე ამის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყება.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერ მამუკა კაციტაძის განცხადებით, მათ ხელმოწერების შესაგროვებლად 4 თვე აქვთ. მისი თქმით, საკითხი მარტივად დგას, თუ რაღაც კარგია 2024 წელს, რატომ არ შეიძლება ეს განხორციელდეს 2020 წელს, რატომ უნდა მოიპაროს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მანდატები.

"საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა. ჩვენი მიზანია, მორიგი წარმატებული მცდელობა განვახორციელოთ უვარგისი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს და საბოლოოდ დასრულდეს ე.წ მაჟორიტარული სისტემა. მარტივად დგას საკითხი, თუ რაღაც კარგია 2024 წელს, რატომ არ შეიძლება ეს კარგი განხორციელდეს 2020 წელს. რატომ უნდა მოიპაროს კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ დაახლოებით მანდატების 25%, როცა ეს შეიძლება გამოვასწოროთ. ჩვენ ველოდებით ხელმოწერების ბლანკის გადმოცემას. გვეძლევა ოთხი თვე, რათა შეგროვდეს ხმები და ჩავაბაროთ პარლამენტს, რათა დაიწყოს საერთო საჯარო განხილვის პროცესი და შემდგომ საპარლამენტო მოსმენა," - განაცხადა კაციტაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა და მილიონი მოქალაქის მოთხოვნის გაზიარება აუცილებლად მოუწევს.

"მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, მათ შორის ისინიც, ვინც გამარჯობას არ ვეუბნებოდით გუშინწინ ერთმანეთს და ვთანხმდებით, რომ 2020 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო სისტემით. მხოლოდ ივანიშვილს სურს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება იმიტომ, რომ მილიონერი მაჟორიტარების იმედი აქვს და წარმოიდგინეთ, ეს სისტემა რომ გაუქმდეს, რაც მოუწევს მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ივანიშვილი არის საფრთხის წინაშე, რომ მილიონერი მაჟორიტარები მას დაუპირისპირდებიან. ამის გაკეთება მას არ უნდა.

"მთავარია - ხალხს არ უნდა მაჟორიტარული სისტემა. რამდენი კვლევა ჩატარებულა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ ვიცი, ვინ არის ჩემი მაჟორიტარიო. 4 წელიწადში ერთხელ გამოანათებენ, დახარჯავენ 10-15 მილიონ ლარს და მორჩა. ხალხს არ უნდა და ამის დასადასტურებლად ჩვენ მილიონ ხელმოწერას დავდებთ. გაუძლებს ამ წინააღმდეგობას "ქართული ოცნება"?! მე დარწმუნებული ვარ - ვერა. მას დათმობაზე წამოსვლა და ანგარიშის გაწევა მოუწევს მილიონი თანამოქალაქის მიმართ," - აცხადებს მელია.

ოპოზიციის გააქტიურებას პასუხობენ "ოცნებაშიც".

"ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუმცა ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, მოგვიწია ორსაფეხურიანი სისტემით გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. რეფორმა დასრულებულია, ეს თემა არის დახურული," - ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 1 მილიონი ხელმოწერა ვერაფერს შეცვლის.

"ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი მას შემდეგ, რაც დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმა. მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს უწოდებდა ზუსტად ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფერენდუმს. იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ. ჩვენ ძალიან მყარად მოვიგეთ მუნიციპალური არჩევნები," - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2017 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს მხოლოდ 2024 წლიდან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი კვლავ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით უნდა ჩატარდეს.

2017 წელს "ქართული ოცნების" ლიდერებმა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შესთავაზეს ერთგვარი ულტიმატუმი, თუ ისინი კონსტიტუციაში შესატან ყველა ცვლილებას დაუჭერდნენ მხარს, მაშინ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ჩაიწერებოდა 2020 წლისთვის და ამით ერთგვარად მოიხსნებოდა კიდეც ერთპარტიულ კონსტიტუციაზე საუბარი. თუმცა ოპოზიციამ კონსტიტუციის ცვლილებისთვის მხარის დაჭერა არ ისურვა, "ოცნებამ" კი განაცხადა, რომ მმართველ გუნდში 2020 წლისთვის მაჟორიტარობის გაუქმებას "ოცნების" მაჟორიტარები არ უჭერდნენ მხარს და ამ ცვლილებას ვერ შემოიღებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×