ელზა პაპოშვილი
15.02.2019

 უსაფრთხოების სისტემის მოშლა და გაუგებარი ცვლილება - ასე აფასებენ ექსპერტები პრემიერს დაქვემდებარებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნება პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თქვეს, უსაფრთხოების საბჭო პრემიერს დაქვემდებარებული სათათბირო ორგანო იქნება და იქ არ არის პრეზიდენტის ადგილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ მოიძებნება კანონიერი ფორმა, რითაც მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამ მიზნით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან გეგმავენ კონსულტაციებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განხილვის პროცესს. ახალი კონსტიტუციის პირობებში საერთოდ მოშლილია უსაფრთხოების სიტემა და ახლა ცდილობენ, რაღაცა ფასადი შექმნან.

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა კონსტიტუციური ცვლილებები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში. გაუქმდა მუხლი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

14 თებერვალს პარლამენტში დაიწყეს მსჯელობა "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებაზე. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების საბჭო იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და უშუალოდ მთავრობის მეთაურს დაექვემდებარება.

კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებად სახელდებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, შს, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური. მუდმივმოქმედ წევრთა შორის არ არის პრეზიდენტი, რაც ექსპერტთა კრიტიკის საგნად იქცა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, მოქმედი კონსტიტუციით, საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

მათი თქმით, როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მიმდინარეობს ბორდერიზაცია, მცოცავი ანექსია, ჰიბრიდული ომი - თუკი ამ სახით არის ომი და საომარი მდგომარეობა არ ცხადდება, სად არის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში?

"გვინდა, პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღეს მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ბუნებრივია, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მას უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში," - აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

"სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, სადაც ეს მეთოდი აპრობირებულია, გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა. ალბათ შევთავაზებთ პარლამენტს, რომ გაჩნდეს ჩანაწერი "პრეზიდენტი უფლებამოსილია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს", ანუ ეს დისკრეცია პრეზიდენტს დავუტოვოთ და ამით დაბალანსდება ყველაფერი. მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ მან ეფექტურად განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება."

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა შეიძლება მართალი იყოს კონსტიტუციურად, მაგრამ, მეორე მხრივ, სჯობს, მისნაირი არაპროგნოზირებადი პიროვნება საერთოდ არ მიეკაროს არაფერს .

"ეს ქალი მთავრობას არ უნდა მიეკაროს. ზოგადად კი, პრეზიდენტი მაღალი ლეგიტიმაციისაა, აქვს მთავარსარდლის ფუნქცია, ამიტომ სესიაშვილის პოზიცია და არგუმენტი მიუღებელია. ბოდიში და, პრემიერ-მინისტრი ვინ არის საერთოდ?! პრემიერ-მინისტრი, ძალიან ჩვეულებრივად, შეიძლება დღეს-ხვალ მოხსნას ბიძინა ივანიშვილმა - ამით ყველაფერია ნათქვამი. ხოლო პრეზიდენტი ხუთი წელი იქნება. პრემიერს ლეგიტიმაცია არ აქვს, ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს," - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რისთვისაც უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა შესაბამის ინფორმაციასა და ანალიტიკურ მასალაზე.

"უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კი უნდა იყოს პრემიერის "ჩრდილი და აჩრდილი" უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებში შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპლექსურ ურთიერთობაში. ამ საქმეს ყოველდღიურად სჭირდება მაღალი რანგის პროფესიონალის 24 საათი და არა რომელიმე მინისტრის გამოძებნილი 24 წუთი," - აცხადებს უსუფაშვილი და დასძენს, რომ "წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკანმოუბრუნებლად გადარბენილ შავ კატას სწორედ "უშიშროების საბჭო" ეწერა ზურგზე. იმედია, ვსწავლობთ გაკვეთილებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×