"მილიონი ხელმოწერის შეგროვების რა მოგახსენოთ, მაგრამ ოპოზიციის ეს ნაბიჯი შეიძლება საარჩევნო კამპანიის კომპონენტად ჩავთვალოთ, რომელიც არჩევნების დროს გამოადგება" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყავრელიძე ოპოზიციის მიერ დაწყებულ კამპანიას "მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად".
"რეზონანსი": ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება "მილიონი ხმის" შემოტევას ვერ გაუძლებს და ივანიშვილი უნდა შეეგუოს, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
რამაზ საყვარელიძე: მოსახლეობაში პროპორციული საარჩევნო სისტემის არსი იმდენად ბუნდოვანია, რომ მილიონის რა მოგახსენოთ, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ხელმოწერებს შეაგროვებენ. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ოპოზიციის ეს ნაბიჯი უფრო პიარხერხი ან საარჩევნო კამპანიის კომპონენტია, რომელიც არჩევნების დროს გამოადგება, კერძოდ ხელმოწერების დროს მოსახლეობასთან შეხვედრები და გაშინაურება.
"რ": წავა ამ დათმობაზე ხელისუფლება?
რ.ს: პროპორციული საარჩენვო სისტემა პარტიების ინტერესშია და გამორიცხული არ არის, რომ თავად მმართველ პარტისაც აწყობდეს. თუმცა გადაჭრით, რომ ოპოზიცია ამ საკითხს გაიტანს, ვერ გეტყვით, რადგან ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ხელისუფლებას კი პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. თუ პარლამენტი ამ საკითხს მაინც მიიღებს, მაშინ ოპოზიცია ამას "ოცნების" სისუსტის არგუმენტად გამოიყენებს, ამიტომ, შეიძლება ხელისუფლება ამ დათმობაზე არ წავიდეს.
"რ": ოპოზიცია იმასაც აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება გაჯიუტდება, პროცესები ქუჩაში გადავა...
რ.ს: ქუჩის მუქარაზე, არა მგონია, რომ ხელისუფლებას რეაქცია ჰქონდეს, რადგან ხედავენ, რომ ოპოზიცია ქუჩას ვერ მართავს. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ამ 21 პარტიის შეკრებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ყველაზე მონდომებული თავყრილობა რომ გააკეთა, 5 ათას კაცს ვერ გასცდა. არც მოსახლეობაში არის ის განწობა - მოდი გვაგდოთ "ოცნება" და მოვიყვანოთ ეს ოპოზიციაო. მოსახლეობისთვის ქუჩის აქციები უფრო გასაგები იქნებოდა ამ პარტიებს მაღალი რეიტინგი რომ ჰქონდეთ. ამიტომ, დიდი ალბათობით, მოსალოდნელ ქუჩის აქციებში მონაწილეობას მხოლოდ "პარტაქტივი" მიიღებს.