თამარ შუკვანი
15.02.2019

 „ჩვენთან ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ასეთი უცნაური პროცესები სულ მიდის; იგივე, იმ კომპანიაში, სადაც ვმუშოაბდი, „იბერიასა" და „ომეგას" ვგულისხმობ. ზოგადად, ბიზნესს სექტორის წარმომადგენლები უჩივიან, რომ ხელისუფლების თანამონაწილეობა თუ როლი, ძალიან უცნაური ხდება-ხოლმე. კითხვები ჩნდება იგივე გახარიას როლზე, - ძალიან ხშირად იკვეთება მისი გვარი ბიზნესის მომრიგებელი სტატუსით. მერამდენედ მოხდა, რომ გახარიას გვარი ფიგურირებს წილების დათმობისა და მოლაპარაკებების თემაზე," - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ, რასაც „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამზარდია აცხადებს, რომ თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები შესაძლოა მივიჩნიოთ ხელისუფლების მაღალ ეშელონებსა და გავლენიანი ბიზნესმენების შორის მიმდინარე ფინანსურ ორთაბრძოლად.

„ეს ფაქტები იმატებს და შედეგიც ისეთი ჩნდება, რომ ეს კულუარული გარიგებების ჭორული ხასიათი, რა ინფორმაციაც გამოდის, დამაჯერებელი უფრო მეტად ხდება. ჩვენ ამ პროცესს ვხედავთ არა გამჭირვალედ და არა პირდაპირ პროცესად. სადაც ასეთი შიდა დინებები არსებობს, რაც დალაგებულ სამართლებრივ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს, თავისთავად ეჭვი ძლერდება.

„ფინანსური ინტერესები იჩენს-ხოლმე თავს ხელისუფლების ცალკეულ გავლენიან პირებსა და გავლენიან ბიზნესმენებს შორის, რისი მოცემულობა არაერთხელ გვქონდა. პოლიტიკურ დევნაზე მეტად უფრო ძალაუფლებასა და გავლენის ჯგუფებს შორის გარკვეული ბრძოლა არსებობს, ფინანსებთან დაკავშირებით. ამას უფრო ფინანსურ ომს ვუწოდებდი, რომელსაც სახელმწიფოს გვერდის ავლით ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძის ფაქტორი პოლიტიკური დევნის სამიზნედ შეიძლება ჩაითვალოს. ფინანსური ორთაბრძოლის კვალიფიკაციის მინიჭება კი შესაძლებელია," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ცნობისათვის, „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, - 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი მ"-მა და „სამგორი თრეიდმა" „თიბისი ბანკისგან" საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი მ"-სა და არც „სამგორი თრეიდის" მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×