"ეს არის ძვირადღირებული რეკეტი, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ რეკეტი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბით" - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული პროცესების შესახებ.
"სენსიტიური გრძნობები ხაზარაძის მიმართ არ მაწუხებს, მაგრამ საინეტერესოა, საქმეზე, რომელიც ორი თვეა აღძრულია, რა დაადგინა პროკურატურამ. ამ ორ თვეში ალბათ მიდიოდა ვაჭრობა ან დათმე ან... ხომ, გამოვიდა ხმები, რომ ხაზარაძეს თხოვდნენ დათმოს ანაკლიის პორტი და უარი თქვას "თიბისი ბანკის" მენეჯმენტზეო? გინდა-არგინდა კაცი იფიქრებს, რომ გამოძიება კი არ მიდის, მიდის შანტაჟი.
საქმე ის კი არ არის, ხაზარაძე გაკოტრდება თუ არა. არა მგონია, რომ მან ამის გულისთვის თავი მოიკლას, მაგრამ საქმე სხვა რამეშია, პრობლემები ექმნება საერთოდ საბანკო სისტემას. ეს ხომ ეკონომიკა არ არის, ერთი საწარმო გაკოტრდება და მეორე მოგებაშია. აქ არის ჯაჭვური რეაქცია, თუ "თიბისი ბანკს" შიდა ბაზარზე პრობლემები შეექმნა, და ალაბთ უკვე შეექმნა, რადგან მეანაბრეებს თანხები გააქვთ, როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი ფულს ახლა "საქართველოს ბანკში" შეიტანს? საბანკო სისტემისადმი, რა თქმა უნდა, ნდობა დაეცემა და იგივე რისკები შეექმნება სხვა ბანკებსაც. ჩვენთან ხომ არ არის ისეთი ბანკი, რომელიც დაცულია შიდა რყევებისგან. ასე რომ, ივანიშვილის ნებისმიერ კაპრიზს ათასობით ადამიანის ბედი ეწირება.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იანი წლები, როგორ იშოვეს რუსეთში "ახალმა რუსებმა" დიდი ფული. თვითონ კი არ ქმნიდნენ, უკვე გამზადებულ ბიზნესს ართმევდენენ ხალხს, ყაჩაღობით მილიადებს შოულობდნენ. საკითხავია, როგორ იშოვა ივანიშვილმა ფული რუსეთში? ბილ გეითსივით თავად შექმნა ბიზნესი, წიგნი დაწერა თუ ახალი მანქანის მოდელი გამოიგონა, თუ რა? მაფიოზური ჯგუფი ბიზნესმენს რომ 100 ათას დოლარს წააართმეს, რეკეტი ხომ ჰქვია? ამას კი ჰქვია ძვირადღირებული რეკეტი" - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.