"აკრძალვა უკვე გაცემულ ნებართვებსაც უნდა შეეხოს"
მარი ჩიტაია
15.02.2019

 კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის "გაყიდვა" აიკრძალება, მაგრამ უკვე გაცემულ ნებართვებს მერია ვერაფერს უხერხებს. კომპანიებს, რომლებსაც ეს ნებართვა უკვე ნაყიდი აქვთ, სართულიანობის ზრდას უპრობლემოდ მოახერხებენ. თბილისის მერის გადაწყვეტილებით ახალი რეგულაცია მხოლოდ სამომავლო პროექტებს შეეხება. 

მერის ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე არქიტექტორებსია და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა მხრიდან, თუმცა დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ გადასახედია სხვა კოეფიციენტებიც, რათა პრობლემა კომპლექსურად მოგვარდეს და ქალაქში ურბანული საკითხები საბოლოოდ მოწესრიგდეს.

"სამწუხაროა, მაგრამ  ფაქტია, რომ  წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და  ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას.

მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული  პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ  გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები", - განაცხადა კალაძემ. 

მერიაში აცხადებენ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიზნესი გაგებით მოეკიდა. მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, რეგულაცია ძალაში უახლოეს მომავალში შევა. 

"არც ერთი კოეფიციენტი არ იქნება მომატებული, არც ინდივიდუალურად და არც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც დეველოპერული კომპანია მოაწყობს უბანს, არ ჰქონდეთ შიში, რომ წინ რომელიმე დეველოპერული კომპანია იყიდის კოეფიციენტით დამატებით ფართს და საერთოდ დაჩრდილავს მის მიერ აშენებულ კორპუსებს. ეს იწვევს უბნების ღირებულების გაუფასურებას, ეს იწვევს უძრავი ქონების გაუფასურებას. ჩვენ უკვე ვიცით, თბილისში ძალიან ძვირფას და ცენტრალურ ადგილებში ქონება რამდენად გაუფასურებულია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ შენობების სიმაღლეზე, საუბარია სიგანეზეც, როდესაც სივრცეები არის სრულად შეჭმული", - აცხადებს ბითაძე.

გენგეგმის ავტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, 6 მილიონ კვ/მ ფართობზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, მათზე კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაცია არ გავრცელდება.

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნებართვებიდან რამდენს აქვს K2 კოეფიციენტი ნაყიდი.

„იყო ასეთი მავნე პრაქტიკა, რომ გარკვეული საფასურის ფასად ხდებოდა სართულების და ფართის მატება. ამით კი დიდ მოგებაზე გადიოდა ინვესტორი, მაგრამ ქალაქს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. ჩვენ მივიღეთ მახინჯი და არაადეკვატური შენობები, რომელიც 4-5-სართულიანი კორპუსების გვერდით განთავსდა.

საქმე ისაა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმით (გრგ) ეს კოეფიციენტის მატების უფლება მაინც დარჩა ინვესტორს. კალაძის წინადადება ძალიან გაბედული ნაბიჯია და ეს დაშვება, რომლის მიხედვითაც გრგ-თი კოეფიციენტის მატება შესაძლებელი იყო, აღარ იარსებებს. ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს", - განაცხადა სალუქვაძემ.

მერის გადაწყვეტილებას სამშენებლო სექტორის მიესალმება, თუმცა, როგორც "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე ამბობს, გადაწყვეტილება კომპლექსურად უნდა იყოს მიღებული და უკვე გაცემულ ნებართვებზეც გავრცელდეს.

"ერთი გადაწყვეტილება თავისთავად ვერ შექმნის ამინდს, თუკი კომპლექსურად არ იქნება მიღებული. საკითხი გადაწყდა და ეს კარგია, მაგრამ ამას უნდა დაემატოს სარეკრეაციო ზინებში მშენებლობის შეზღუდვა და სტანდარტების გამკაცრება. რა ეშველება იმ K2 კოეფიციენტებს, რომელიც უკვე გაცემულია, მაგრამ მშენებლობა არ არის შესრულებული? წესით, აკრძალვა მათაც უნდა შეეხოს. მიმაჩნია, რომ წარსულში გაცემული ნებართვა არ უნდა შესრულდეს, მით უმეტეს, როცა პროექტი შეიძლება არც იყოს დაწყებული. 

ბევრი დეტალი არის გასარკვევი, კომპლექსური დაკვირვება სჭირდება, თუ საუბარია იერსახის გაუმჯობესებასა და ურბანული მდგოამრეობის გაუმჯობესებაზე, დამატებით სხვა რეგულაციებიც არის მისაღები. მთავარია, ნაჩქარევი, სხვა მოტივით მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს. ურბანული მდგომარეობა არა მარტო დიზაინურ-ვიზუალურ მხარეს, არამედ სწორ ფუნქციონირებას ნიშნავს. თუკი გადაიტვირთება, ქალაქი სწორ ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს, რეგულაციებს რა ფასი აქვს?! მიმაჩნია, რომ სხვა კოეფიციენტებიც უნდა გადაიხედოს, რომელიც სამშენებლო პროცესესს და თბილისის ურბანულ განვითარებას უკავშირდება", - აცხადებს "რეზონანსთან" გუჯაბიძე.

სამშენებლო სფეროს სპეციალისტი მანუჩარ მაჩაიძე კალაძის პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ საჭირო, მაგრამ თბილისისთვის დაგვაინებული გადაწყვეტილებაა. 

"რეგულაციების უქონლობის გამო თავის დროზე თბილისი დამახინჯდა და ამ პრობლემის მოგვარება ზოგ შემთხვევაში უკვე შეუძლებელია. აშენებულ კორპუსებს არავინ დაანგრევს, ქალაქის იერსახე კი დამახინჯდა. ცალკე საკითხია კორპუსის მდგრადობა, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. წინასწარ უნდა განისაზღვროს, თუ რამდენი სართული უნდა აშენდეს, დამატება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ სართულიანობა შეიძლება შემცირდეს. შეიძლება, დააკლო, მაგრამ ფუნდამენტი 12 სართულზე  თუა გათვლილი და 16-სართულიან კორპუსს ააშენებ, რისკს უქმნი იქ მცხოვრებ ხალხს! სწორი გადაწყვეტილებაა, ადრეც უნდა მიეღოთ. 

თურქეთში ჩამონგრევა რომ მოხდა, დამტკიცდა, რომ 5-სართულიან შენობას კიდევ დაამატეს 5 სართული და ამიტომაც დაინგრა. აბა, რა დაემართებოდა! შენობას სჭირდება სწორი გათვლა და გაანგარიშება. ამ თვალსაზრისით, კალაძის პოზიცია სავსებით სწორია და მივესალმები", - განუცხადა "რეზონანსს" მაჩაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×