„ბანკების ეს მახინჯი სისტემა ბანკირების შექმნილი არ არის. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებების შექმნილია, მათმა ძალიან მოკლე ხედვებმა შექმნეს ეს მახინჯი სისტემა. ამიტომ აუცილებლია ამ სისტემის ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაყანება, მაგრამ როგორ მოახერხებს ამას ხელისუფლება, ეს მათი პრობლემაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი და ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ბანკების წინაშე წაყენებული ბრალდებების უამრავი შემთხვევა არასებობს და არაერთი ტოპ-ათეულის ბანკიც კი დაისაჯა ფულის გათეთრების, მენეჯერის უკანონო ქმედებების გამო და ა.შ. ასე რომ, ბანკის კონკრეტული მფლობელის ან მენეჯერის მიმართ წაყენებული ბრალდება სულაც არ ნიშნავს ბანკების მიმართ ბრძოლას.
„არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლება ბანკის წინაღმდეგ იბრძვის, რადგან ბანკის წინააღმდეგ ბრძოლა, წინასწარ წამგებული საქმეა.
„ამიტომ, არ მესმის, რა უნდა ემუქრებოდეს „თიბისი ბანკს“? თუ რაიმე დანაშაული არსებობს, საუბარია კონკრეტულ პირებზე, რომლებიც სულაც არ არიან მიამიტები და ისინი შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას და ვერც ხელისუფლება ჩამოკიდებს მათ ხელოვნურად რაიმე დანაშაულს.
„რაც შეეხება მოსახლეობაში შექმნილ პანიკას, კერძოდ „თიბისი ბანკის“ მეანაბრეებში, ვფიქრობ, რომ საფუძველს მოკლებულია. ჯერ ერთი, რომ თუ არ იქნება ერთი მენეჯერი, იქნება მეორე და ბანკი ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას. თუ რაღაც მიზერული პრობლემა მაინც შეიქმნება, ესეც ბაზრის მომენტალური რეაქცია იქნება, რომელიც დროში გასწორდება. ამიტომ საპანიკო არაფერი არ არის.
„ზოგადად კი საქმე ის, არის, რომ ბანკების ეს მახინჯი სისტემა ბანკირების შემნილი არ არის. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებების შექმნილია, მათმა ძალიან მოკლე ხედვებმა შექმნეს ეს მახინჯი სისტემა, ამიტომ აუცილებელია ამ სისტემის ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაყენება, მაგრამ როგორ გააკეთებს ამას ხელისუფლება ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ დემურ გიორხელიძემ.