ეკატერინე ბასილაია
17.02.2019

 „ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხაზარაძის გაფრთხილებას, რომ ან რაღაც გააკეთე, ან რაღაც არ გააკეთო, თორემ კიდევ რაღაც მოხდება... ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი. ასეთია მოცემულობა," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი": ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. პროკურატურა ამ ადამიანებს 11 წლის წინ 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. „ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ეს სამართლებრივი დავაა. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა, რომლის უკან ივანიშვილი დგას. თქვენ თუ გაგიჩნდათ კითხვები?

გია ხუხაშვილი: კითხვები რა თქმა უნდა მაქვს. გარკვეული ეჭვები ჩნდება, რომ ეს შეტევაა, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს შეტევა პოლიტიკური მოტივებით იყოს განპირობებული. შესაძლებელია, რომ ბიზნეს ინტერესი იყოს და თუ ასეა, ეს პოლიტიკურ ინტერესზე არაფრით უკეთესი არ არის. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ აქ არის ქონების გადანაწილების მცდელობა ვიღაცის მხრიდან, ეს კიდევ უარესია, ვიდრე პოლიტიკური ინტერესი.

კითხვები ჩნდება ასევე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ნებისმიერ ტრანზაქციაზე ინფორმაციას ოპერატიულად ფლობს და 11 წლის წინანდელი საქმის რევიზირება დღეს და სანქციების შემოღება 11 წლის დაგვიანებით, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

თუ სანქციები უკავშირდება პროკურატურაში აღძრულ საქმეს, მაშინ ისმის კითხვა - პროკურატურაში გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მაშინვე რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა? ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხაზარაძის გაფრთხილებას, რომ ან რაღაც გააკეთე, ან რაღაც არ გააკეთო, თორემ კიდევ რაღაც მოხდება.

„რ": თქვენი მოსაზრებით, რას ითხოვენ ხაზარაძისგან და ვინ ითხოვს?

გ.ხ.: ეს უკვე ხაზარაძემ უნდა თქვას. მე არ ვფიქრობ, სასარგებლო იქნება რაღაც თეორიების განვითარება და ვერსიებს გამოთქმა. ხაზარაძემ ყველაზე კარგად იცის რეალური ვითარება და ამ საკითხში გარკვეულობა მან უნდა შეიტანოს. ჩვენ თუ ვერსიების გამოთქმას დავიწყებთ, ამით დავაზიანებთ იმაზე კიდევ უფრო სერიოზულ ინტერესს, ვიდრე ხაზარაძეა.

„თიბისი ბანკი" არ არის ჩვეულებრივი ბანკი, ეს არის ჩვენი საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტია და იქ რაღაც სუბიექტური მიზეზები, რაღაც შეთქმულების თეორიების გამო შეიძლება ვითარება ძალიან დაიძაბოს და საერთოდ, ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილურობას შეექმნას საფრთხე. ამიტომაა განსაკუთრებით შემაშფოთებელი მთელი ეს ყველაფერი.

ვიღაც თუ იმაზეა წამსვლელი, რომ ბიზნეს ინტერესის გამო ძალიან სერიოზულ სახელმწიფოებრივ თემებს ასე უხეშად შეეხოს, ჩვენ უკვე ძალიან მძიმედ გვქონია საქმე და სასწრაფო ზომებია მისაღები.

„რ": მამუკა ხაზარაძემ მიანიშნა კიდეც, რომ მასზე შეტევა უკავშირდება ანაკლიის პორტს. ანაკლიის პროექტზე საუბრისას კი ორი მიმართულება იკვეთება. პირველი - ბიზნეს გავლენებზე ხომ არ არის ბრძოლა და სხვა ბიზნესმენს ხომ არ სურს ამ პროექტის ხელში ჩაგდება; და მეორე - რუსეთს არ სურს ამ პროექტის დაწყება და რუსეთის დაკვეთას ხომ არ ასრულებს ხელისუფლება?

გ.ხ.: რუსეთზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის ამდენად მნიშვნელოვანი თემა იყოს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს შეტევა ანაკლიის პორტის გამო იყოს, თუმცა თვითონ საბანკო სისტემაც საკმაოდ საინტერესოა.

მე თავს შევიკავებდი აქ რაღაც ვერსიების გამოთქმისაგან ძალიან მარტივი მიზეზის გამო - თვითონ ხაზარაძემ უნდა თქვას. ხაზარაძისთვის დღეს საუკეთესო თავდაცვა ეს საჯარობაა, ამაზე კარგი დაცვის მექანიზმი მას არ აქვს. ხაზარაძემ ძირითადი მოტივები უნდა გვითხრას იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესად ვიყოთ შეიარაღებული მისი და ბანკის ინტერესების დაცვის საქმეში.

თუ ხაზარაძეს აქვს ილუზია, რომ კულუარებში შეუძლია რაღაცაზე მოლაპარაკება, ეს ფუჭია და ის ამით მოქმედებას აგვიანებს. რადგან ასე ღრმად წავიდა საქმე, არ მგონია მოლაპარაკებით გამოვიდეს რაღაც. თუმცა, არის თეორიული შანსი, რომ ვინც ამას აკეთებს, გონს მოეგოს და უფრო ცივილიზებული სახე მისცეს ამ ყველაფერს.

„რ": გონს მიეგება ვინც ამას აკეთებსო - ამბობთ, ყველა დარწმუნებულია, რომ ამ ამ შეტევის უკან პირადად ივანიშვილი დგას და თქვენ ასე არ თვლით?

გ.ხ.: საერთოდ ასეა, ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი. ასეთია მოცემულობა, რომ ყველაფერზე მას აკისრებენ პასუხისმგებლობას.

„რ": პასუხისმგებლობის ზოგადად დაკისრებაზე არ არის საუბარი, არამედ ივანიშვილის მიერ დაანონსებულ შეტევაზე. ივანიშვილმა გასულ წელს თქვა, რომ „თიბისი ბანკმა" გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ვალებიდან ვერ ამოდის, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გაუწია, როდესაც მისი თხოვნით „თიბისის" წინააღმდეგ მოგებული საქმე სასამართლოდან გამოიტანა, ხაზარაძეს კი ნორმალური მადლობაც არ უთქვამს ამის გამო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კიდეც პროკურატურამ ხაზარაძის საქმე.

გ.ხ.: კი, გასაგებია. გეთანხმებით, რომ რაც ითქმევა, ამ ეჭვებს აქვს საფუძველი, მაგრამ მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ, რომ ეჭვების საფუძველზე პირდაპირ ვერდიქტი გამოვიტანო?! არ გამოვრიცხავ ალტერნატიულ ვარიანტსაც, როდესაც გარკვეული ინტერესჯგუფი მოქმედებს და ზუსტად ამ მოქმედებებისთვის იყენებს თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ განწყობას ხაზარაძისადმი.

არ არის აუცილებელი თვითონ ივანიშვილის დავალებით ხდებოდეს ეს ყველაფერი. მისი განწყობით მანიპულირება ძალიან ბევრმა ისწავლა ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ხელი ივანიშვილს ეხოცება, რატომაც არა?! ამიტომ ვერ ვიქნები კატეგორიული, ვერც ერთ და ვერც - მეორეში ვერსიაში. აქ რომ რაღაც ინტერეს ჯგუფი მოქმედებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.

„რ": ვინ არის ეს ინტერესჯგუფი და მას ივანიშვილის დიდი მხარდაჭერის გარეშე შეუძლია ეროვნული ბანკი ჩართოს პროცესში?

გ.ხ.: მე ვერსიაზე ვლაპარაკობ და არცერთ ვერსიას არ ვამტკიცებ. ივანიშვილს კი არ ვამართლებ ამით. მან შექმნა ვითარება, როცა ყველაფერი მას ბრალდება. თვითონ აიკიდა ტოტალური პასუხისმგებლობა თავის მხრებზე და უწევს ამის ზიდვა. ივანიშვილი მოქმედებს თუ სხვა მოქმედებს მისი რეპუტაციის ხარჯზე, ამას იმედია, ვნახავთ.

ჩვენ ძალიან რთულ პროცესში ვართ ახლა, არა მარტო ხაზარაძის და ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, არამედ დააკვირდით რა ხდება ყველაგან. ეკლესიაში ძალიან მწვავე დაპირისპირებებია, სასამართლოში საერთოდ კატასტროფა ხდება, ვხედავთ, სპორტშიც რა ხდება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ" ააშენა ბაბილონის გოდოლი, სადაც უკვე ერთმანეთის ენა არ ესმით.

დაპირისპირება უკვე ჯგუფების შიგნითაა, მმართველ პარტიაში ვხედავთ რაც ხდება. ქვეყანაში არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ არსებობს, მხოლოდ ნეგატივი და დაპირისპირებაა. ბაბილონის გოდოლს კი ის თვისება აქვს, რომ ის ბოლოს ინგრევა და ახლა სწორედ ამ ნგრევის პროცესში ვართ.

ყველას გვახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ოცნებამ" ლამის დაგვიჩოქა - ამ ერთხელაც გვაპატიეთ, ხმა მოგვეცით და კარგი ბიჭი გავხდებიო. ამის შემდეგ კი რეალურად რა გააკეთეს - ფაქტობრივად პოლიტსაბჭოს მიერ მოსამართლეებზე გამოქვეყნებული წერილით ამ ხალხს უთხრეს, რომ კი შეგპირდით, რომ გამოვსწორდებოდით, მაგრამ უკაცრავად და გამოგიყენეთ და გადადაგდეთ.

ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტიურობაა. ასე გაგრძელებით ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრევა, ახლა მიდის საზოგადოებრივი ბრძოლა სახელმწიფოებრიობისათვის, ინსტიტუტების შენარჩუნებისთვის და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×