„ოხანაშვილს დავურეკე, ვკითხე და მითხრა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნავდა (იურიდიული კომიტეტის სხდომას)... მე მგონია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მორალურად ყველა ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას," - აცხადებს „ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.
„რეზონანსთან" საუბრისას ფოფხაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ, სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩატარდება:
„მე აღარ ვარ იურიდიული კომიტეტის წევრი და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. არამგონია, რომ ძალიან გააჭიანურონ ეს პროცესი. გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ამ კვირაში განიხილავენ. მე ანრი ოხანაშვილს დავურეკე, ვკითხე და მითხრა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნავდა", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ ადამიანს თავისი პოზიცია აქვს და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება იურიდიულ კომიტეტის სხდომა, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკითხი საპარლამენტო სესიაზე გავა და იქ დეპუტატებს თავად ექნებათ კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება:
„მე პროგნოზები რატომ უნდა ვაკეთო? არიან კომიტეტის წევრები და პარლამენტარები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სამართლებრივად ეს ინიციატივა არაა სრულფასოვანი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ჩვენც ასე რომ მიგვაჩნდეს, ასეთი ინიციატივით არ შემოვიდოდით.
„საბოლოო ჯამში, როგორი კამათიც არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით კონსტიტუციურია თუ არა, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს. პარლამენტში ყოფილა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუუქმებია და, ჩემი აზრით, არასწორადაც გაუკეთებია ეს.
„ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც უვადოდ დანიშვნებმა მიიღო ძალიან ცუდი ხასიათი და სასამართლო სისტემა ამით ზარალდება.
„ხოლო თუ ჩვენ ვფიქრობთ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, იქ ახალი სისხლის, ახალი ადამიანების საჭიროებაზე, ერთი კლანის მიერ, ერთადერთი მოტივაციით დანიშნული ადამიანები - რომ შემდეგ ისინიც ამ კლანის ნაწილი ყოფილიყვნენ და ემსახურონ არა ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ რაღაც ჯგუფურ ინტერესებს - ამ მოტივაციით დანიშნული ადამიანები მართლმსაჯულებას კარგს არაფერს არ მოუტანენ, მითუმეტეს თუ ისინი უვადოდ ინიშნებიან.
„ამიტომ, საჭიროა, რომ ახლა ეს საკითხი შეჩერდეს და საერთოდ, ვიფიქროთ იმაზე -ხომ არ ჯობია, რომ კონსტიტუციაში გაუქმდეს ეს ჩანაწერი და აღარ იყოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები ქვეყანაში. ეს იმდენად ღირებულია, რომ ამ თემაზე პარლამენტი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს.
„თუ ჩვენ სამართლებრივ ფორმაზე შევთანხმდებით, მაშინ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ, რადგან ამას აქვს თავის პოლიტიკური ფასი.
„რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის გეგმებს, ის ამ პროექტის განხილვას ვერ შეაჩერებს. კომიტეტს უბრალოდ შეუძლია, რომ უარყოფითი დასკვნა დადოს, მაგრამ სესიაზე კანონპროექტი მაინც გავა და პარლამენტის წევრებს მაინც ექნებათ იმის საშუალება, რომ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა.
„მე მგონია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მორალურად ყველა ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას," - განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ვერ განსაზღვრავს თუ როგორი ვითარება შეიქმნება სხდომის მსვლელობისას, მაგრამ, მისი თქმით, ფაქტია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უფრო და უფრო ცოტას ტოვებენ.
„მე იურიდიული კომიტეტიდან გამომიწვიეს და, ჩემი აზრით, სწორედ იმიტომ გააკეთეს ეს, რომ არ უნდოდათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი კომიტეტში -ერთითნაკლები დატოვეს ის ადამიანები, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს.
„მე ამ გადაწყეტილებას არ დავეთანხმე, დავაფიქსირე ეს პოზიცია და, მიმაჩნია, რომ სიმართლის დადგენა რაოდენობით არ უნდა ხდებოდეს. მესმის, რომ უმრავლესობა შეიძლება ჩვენზე, მის გარკვეულ წევრებზე მეტად კონფორმისტი იყოს, მაგრამ ასე არ უნდა წყდებოდეს საკითხები. უნდა გვქოდეს საშუალება, რომ ჩვენი განსხვავებული აზრი სადღაც, რაღაც სივრცეში ვამტკიცოთ", - ამბობს ფოფხაძე „რეზონანსთან" საუბრისას.