ელზა პაპოშვილი
17.02.2019

 

 რუსთვაში 13 წლის მოზარდის სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვალერი ირემაძის მეგობრები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცი მკვლელობის დღეს, სავარუდოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

 

მათი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდამ თავი ცუდად იგრძნო, სავარაუდოდ, მან ექიმის დანიშნულების მიხედვით, რეცეპტის მეშვეობით ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება დაიწყო. მათი განცხადებით, ის დღის განმავლობაში 10-მდე აბს სვამდა, რადგანაც ამბობდა, რომ პრეპარატი არ შველოდა და ჰალუცინაციები უფრო და უფრო უძლიერდებოდა. 

მათივე თქმით, მამაკაცი ნარკოდამოკიდებული არასდროს ყოფილა და ის მხოლოდ მარიხუანის მომხმარებელი იყო. 

სავარაუდოდ, პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები იპოვა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ირემაძის ფსიქიკური აშლილობის მიზეზი, რადგანაც მას აქამდე მსგავსი პრობლემა არ ჰქონია და ის ორჯერ სხვადასხვა ბრალდებით ნასამართლევი უკვე იყო. 

მისი მეგობრები ამბობენ, რომ მკვლელობამდე ის 10 დღის განმავლობაში სახლში იკეტებოდა და გარეთ გამოსვლაზე და კონტაქტზე უარს ამბობდა. ის წლების წინანდელ ამბებს ყვებოდა და სჯეროდა, რომ ეს ფაქტები დღეს ხდებოდა. მას დროის და რელობის აღქმა დაკარგული ჰქონდა. გარდაცვლილი მოზარდი გოგიტა ირემაძე კი მათ ეუბნებოდათ, რომ ბიძას ჰალუცინაციები ჰქონდა და ამბობდა, რომ მას უთვალთვალებენ და ამიტომ ყველას დახოცავდა. 

„ბავშვის მეურვე ის იყო და ფაქტობრივად პატარა მან გაზარდა. მკვლელობის წინა დღეს მამა უცემია. ამიტომაც ბავშვმა გადაწყვიტა, რომ რადგანაც ბიძას ასე ძალიან უყვარდა, მის შეჩერებას შეძლებდა. ბავშვმა პაპას თავი არ დაანება და მკვლელობის დილას სახლიდან არ წავიდა. 

„საავადმყოფოში წინა დღეს მისულ ვალერის მამას უთქვამს, რომ კიბეზე დაგორდა და დაზიანებები ამიტომ ჰქონდა მიღებული. მეორე დღეს კი მან მამის ცემა ისევ დაიწყო. ბავშვი საქმეში ჩაერია და პაპას დახმარება სცადა. ეგონა, რომ რადგანაც ასე ძალიან უყვარა ბიძას, მას არაფერს დაუშავებდა. 

„სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო. მან, დიდი ალბათობით, ძმიშვილი ვერ იცნო და სრულიად სხვა ადამიანად წარმოიდგინა“, - აცხადებს ბრალდებულის ახლობელი ამირან ჯანჯღავა. 

ვალერი ირემაძის ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული მკვლელობამდე ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა. მისი თქმით, გამოძიება ამ ეტაპზე ყველა მხრივ მიმდინარეობს და ჯერჯერობით რაიმეს დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებს. 

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული ახლა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში იმყოფება და შესაბამის ექსპერტიზას გადის. ადვოკატის ინფორმაციით, ის 20 დღე დარჩება სტაციონარში, თუ ექსპერტმა მისი დატოვება კიდევ არ მოითხოვა. 

„მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ პასუხები 2-3 თვეში უნდა იყოს ცნობილი. ის ახლა ექსპერტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.იღებდა თუ არა ის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ჯერჯერობით ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, საკმაოდ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფება. მასთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ მომხდარის შესახებ არ საუბრობს. არ ვიცით ჯერჯერობით ეს არის გონების დაკარგვასთან არსებული პრობლემა, თუ მას უბრალოდ ამის გახსენება არ უნდა, ამიტომ დუმილის უფლებას იტოვებს. 

„ჩემი შთაბეჭდილებით, მას მომხდარი არ ახსოვს და ჩადენილს ვერ ათვითცნობიერებს. ახლა ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ადვოკატი დალაქიშვილი „რეზონანსთან“. 

ამ ეტაპზე ბრალდებული ვალერი ირემაძე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 10 თებერვალს დილის საათებში მოხდა, ბიძამ ძმისშვილი დანით მოკლა, მეგობრების თქმით მათ ვალერი ირემაძე წინა დღეს თბილისში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს თუმცა მათ ადგილზე თანხა მოსთხოვეს, რისი არ ქონის გამოც შენობა დაატოვებინეს, აღნიშნულ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულების ადმიინისტრაცია უარყოფს.

ბრალდებულს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვალერი ირემაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სხდომაზე ბრალდებული დამამშვიდებელი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსამართლის მადონა მაისურაძის მიერ წაკითხული ბრალი ბრალდებულისთვის გაუგებარი იყო. მისი თქმით ვერ ხვდებოდა, თუ რაში მიუძღვოდა დანაშაული და რატომ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში. 

„კი მაგრამ მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე“, - განაცხადა სასამარრთლო სხდომაზე ძმიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა. 

ფსიქიატრი ნინო ლეჟავა კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სანამ ექსპერტიზის დასკვნები ცნობილი არ იქნება, მანამდე რაიმე კონკრეტულზეწ საუბარი - თუ რამ გამოიწვია მამაკაცის ფსიქიკური აშლილობა, რთული სათქმელია. მანამდე კი მხოლოდ ზოგადად ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. 

მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა პირიქით, უკუჩვენება გამოიწვიოს, თუ ის კონკრეტული გამოკვლევის შემდეგ არ არის დანიშნული. ასევე არც ის არის გამორიცხული, რომ მისმა ჭარბმა მოხმარებამ სხვა ნივთიერებებთან ერთად სიტუაცია უკიდურესად გაართულოს. 

„ძალიან რთულია კონკრეტული დასკვნების და გამოკვლევების გარეშე რამის მტკიცება. თუმცა, ფსიქოტროპულ პრეპარატებს უკუჩვენებებიც აქვს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის ასეთი მოულოდნელი აშლილობა ნარკოტიკულმა ნივთიერებებმაც გამოიწვიოს. 

„ხშირად ჰგონიათ, რომ მარიხუანა არ არის საფრთხის შემცვლელი , თუმცა მისი მოხმარების შედეგად ფსიქიკური აშლილობა ბევრჯერ ყოფილა. 

„გამოსაკვლევია რა სახის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა და რა სიხშირით. ან მისი მიღება იმ პრეპარატთან ერთად ხომ არ ხდებოდა, რამაც უკუჩვენება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ყოფილა ფაქტები, რომ ფსიქიკური აშლილობის შედეგად მომხდარა გონების სრული ამნეზია, ანუ ცნობიერების დაკარგვა. არ არის გამორიცხული, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც საქმე მეეხსიერების დაკარგვასთან გქვონდეს“, - აცხადებას ფსიქიატრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×