(რეზონანსი)ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში წერს:
„საპატრიარქოზე გამახსენდა :
2014 წელი იყო... გამალებით ვემზადებიდით „კაზანტიპისთვის" ანაკლიაში .
უცებ მაცნობეს ძალიან წინააღმდეგნი არიანო მღვდელთმთავარნი .
ყურადღება არ მივაქციე თავიდან. ვიფიქრე სად ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სამეგრელოს ბოლო ორ სოფელში და სად სულიერი მამები თბილისის ცენტრში.
კვირიკაშვილმა დამირეკა , ღამე იყო, ასე 11 საათი.
„გიორგი , ახლა გამოვედი საპატრიარქოდან , დამიბარეს, სასტიკი წინააღმდეგი არიან ამ პროექტის და უნდა ჩავშალოთო".
გამიკვირდა, „დაგიბარეს რას ქვია, ამხელა ვიცეპრემიერი კაცი, ქურდები არიან თუ პროკურორები მეთქი" - ხუმრობით ვკითხე. გაწიწმატდა - „არა, ვერ წავალ მე მათი ნების წინ, უნდა ჩავშალოთო."
„არაფერს ჩავშლი კაცო, მიხედონ მაგათ ლოცვას და ფსალმუნს, ჩვენ ტურიზმს მივხედოთ მეთქი", - ვუპასუხე.
„შენ თვითონ დაელაპარაკეო".
კარგი მეთქი, - დავურეკე მეორე დღეს შორენა თეთრუაშვილს, ვიცოდი , ეგ ატრიალებდა მანდ ამბებს.
რა გნებავთ, რა გაინტერესებთ, მგონი ჯობია აგიხსნათ, მობრძანდით ამაღამო, დამპატიჟა .
მივედი, შვიდი თუ რვა მეუფე დამხვდა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში.
გადავხედე, რა გნებავთ აბა, ბრძანეთ მეთქი.
ისაო , ესაო, უკრაინამ კაზანტიპის გამო დაკარგა ყირიმიო, ღმერთმა დასაჯა, მანდ გარყვნილება და უბედურება ტრიალებს და ვერ დავუშვებთ ჩვენც იგივე დაგვემართოსო.
ვა, მაინც რა ხდება ისეთი , რამაც თქვენის ღრმა რწმენით ღვთის რისხვა უნდა გამოიწვიოს მეთქი ვკითხე, იაკობი იყო მგონი, მეუფეს.
რაო და , მანდ უფასო ნარკოტიკებს დაარიგებენ, შიშველი რუსი გოგოები ივლიან პლაჟზე და ორგანიზებულ ორგიებს ექნება ადგილი, ეს რომ აღვკვეთოთ ჩვენ ყველა ეკლესიაში ვიქადაგებთ ამასო გამომიცხადა.
თქვენ თუ მაგას მოყვებით ეკლესიებში და მსგავს ხმებს გაავრცელებთ, აურაცხელი ხალხი ჩავა წელს ანაკლიაში მეთქი ღიმილით ვუპასუხე.
არაო, გაცხარდნენ, ეს თუ დავუშვით, ცეცხლის სვეტი ჩამოეშვება ციდან, შავი ზღვა დაიწვება და ცეცხლის წვიმა მოვაო, მეორე მეუფემ ბრძანა.
ერიჰაა, უფასო ნარკოტიკებს და მოსაწევს მგონი თქვენთან არიგებენ მეთქი, ქუდი დავიხურე და ამ კლოუნებს დიდი პატივისცემით დავემშვიდობე. მეორე დღეს განცხადება გაავრცელეს სადაც მკაცრად დაგმეს ელექტრონული მუსიკა, გართობა და ცეკვა.
კაზანტიპი ანაკლიაში ავირჩიე, დიდი რევერანსებით იხადა პარლამენტში ბოდიშები ჩემს გამო, აქაოდა ჩენოვნიკმა "სექსი პლაჟზე" როგორ ახსენაო , თვითონ ზუსტად იმ პარლამენტში კეთილების ჯიგარი უტრიალა ნიკა მელიას .
მე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დავკარგე, კაზანტიპი დიდი ხმაურის და მასკარადის ფონზე ანაკლიაში მაინც ჩავატარეთ, ღმერთს არც უფიქრია ჩვენი დასჯა. სექტემბერში საპატრიარქოში მივედი , მოვრიგდით , დავლაგდით და 2015 წლიდან GEM FEST ის კეთება დავიწყეთ, გაგიკვირდებათ და მთავარი სპონსორი და ინვესტორი წყალი "სნო" იყო , რომლის 20% მეწილე სწორედ საპატრიარქო გახლავთ, უბრალოდ ნაკურთხი იყო და იმუნიტეტი გვქონდა ღვთის რისხვაზე."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე