ელზა პაპოშვილი
18.02.2019

 ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ხმაურიანი და სკანდალური განცხადებები არ წყდება. მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა დამძიმდა და ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საპატარიაქრომ მისი ზიარების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ოჯახი აქციებს კვლავ აგრძელებს, იმის მოთხოვნით, რომ მისი შეწყალება მოხდეს.

სწორედ დეკანოზის შეწყალების შესახებ საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

"ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა," - ამბობს მეუფე.

რაც შეეხება დეკანოზის ზიარების საკითხს, მეუფე დანიელი ამბობს, რომ ზიარება მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. დეკანოზის ოჯახი მამა გიორგის ზიარებას რამდენიმე თვე ითხოვდა, თუმცა, ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში აზიარეს.

მიტროპოლიტი განმარტავს, რომ მამალაძის ოჯახის წევრები და მისი მხარდამჭერები ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომ, სავარაუდოდ, ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი ინფორმირებული არ არის.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მხარდამჭერებს ვერ აკონტროლებს.

"დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან და შეიძლება ეს არ არის ყოველთვის მისი სურვილი, ის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც ხდება მისი გარემოცვისგან, იმიტომ, რომ ის ფაქტიურად ციხეშია და ეს ადამიანები მოქმედებენ და მე მგონი, მათ მოქმედებაში არის ელემენტარული შეცდომები," - ამბობს მეუფე დანიელი.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მეუფე დანიელის განცხადებას პასუხობს და სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, კომისიის წევრების მხრიდან მისი შეწყალების შესახებ ყველას დადებითი რეკომენდაცია არ გაუცია. ამიტომაც, პრეზიდენტმა შეწყალებაზე ექსკლუზიური გადაწყვეტილება აღარ გამოიყენა.

„მაშინ, პირადად ჩემი ინიციტივით, განსაკუთრებული გარემოებით კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. დებულება, როგორც ითვალისწინებდა, რომ კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა, ანუ, კონსესუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე.

"მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები," - აცხადებს ზვიად ქორიძე.

დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან" მეუფე დანიელის განცხადებას აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა დეკანოზის არ შეწყალებაზე პირდაპირი მითითება სწორედაც საპატრიარქოდან მიიღო. მისი განცხადებით მარგველაშვილი მზად იყო, რომ დეკანოზი შეეწყალებინა, თუმცა მას ეს გადაწყვეტილება საპატრიაქროდან შეაცვლევინეს.

რამიშვილი ფიქრობს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, მათ ხელის გაშვერა სხვისკენ დაიწყეს.

„წარმოუდგენელია, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ამ საკითხზე რაიმე სახის კონსულტაციები მომხდარიყო. მათ შორის ასეთი კარგი ურთიერთობა არ ყოფილა და ეს საკმაოდ აბსურდული განცხადებაა. ეს იყო მარგველაშვილის პირადი გადაწყვეტილება, რადგანაც მან ეს დაკვეთა საპატრიარქოდან მიიღო.

"ორჯერ შევიტანეთ განცხადება და მისი სიტყვებიც ძალიან კარგად მახსოვს, რომ ის დეკანოზის საქმეში ბევრ უზუსტობას ხედავდა.

"ასევე, შეწყალების კომისიის წევრებთან გვქონდა პირდაპირი კონტაქტი და ყველაფერს დეტალურად ვაწვდიდით. მიუხედავად ამისა, მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მეუფე დანიელის განცხადება იმის მცდელობაა, რომ დეკანოზის მძიმე მდგომარეობის გადაბრალება ვინმეზე მოხდეს. ეს იყო პირდაპირი მითითება საპატრიაქროდან, რომელიც მან შეასრულა",- აცხადებს რამიშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×