ელზა პაპოშვილი
18.02.2019

 სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს - კანონის ინიციატორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა. სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების გარანტია არც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობას ექნებათ. სამინისტრო პარლამენტში აღნიშნულ ახალ კანონპროექტს წარადგენს.

ინიციატივას ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი უკვე აკრიტიკებს. მათთვის გაუგებარია, რატომ უწესებენ შეზღუდვებს მოქალაქეებს, რომლეებსაც საჯარო სამსახურში მუშაობის სურვილი აქვთ.

სამხედრო ექსპერტები კი ამბობენ, რომ როდესაც შენ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და მოქალაქეები ელემენტარულ სამხედრო მომზადებას უნდა გადიოდნენ. მათი აზრით, ასევე აუცილებელია რეზერვის შექმნა, რათა სამხედრო ინტერვეციის შემთხვევაში მოსახლეობას საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეზე მორგებული გეგმაა და ის ჯერ კანონპროექტი არ არის.

„ეს არის გეგმა, რომელზეც მუშაობს სამინისტრო, ეს ნორმა არის მოქმედი ნორმა, დღეის მდგომარეობით კანონში, რომელიც მიღებულია 1999 წლიდან, ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ამ ნორმის დაზუსტება და, პირიქით, მოქალაქეზე იქნას მორგებული, იქ არ არის დათქმა, რომ ეს ნორმა არ გავრცელდება იმ პირებზე რომლებსაც კანონით აქვს გადავადებული ან გათავისუფლებულები არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, შესაბამისად ეს ჩანაწერი გაჩნდება.

"მიმღებ უწყებას აქვს ეს, რომ შეიძლება დააწესოს, იმათ ვეღარ დაუწესებს, ვისაც გადაუვადდა, ან კანონის საფუძველზე გათავისუფლდა,"- ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით მეტრეველი.

სამხედრო ჟურნალის „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კარგი იქნება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენა მაინც ჰქონდეს სამხედრო სამსახური რა არის. ალადაშვილი ამბობს, რომ დღეს სამწუხაროდ არმიასა და მოქალაქეებს შორის დაახლოვება ნაკლებად იგრძნობა.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვეყნის დამცველების ბედი არ ადარდებს. ალადაშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, რომ პირი სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობას ვერ დაიკავებს, თუ მას სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არა აქვს. მისი აზრით, საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა ეს იყოს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახური, ასევე რეზერვი.

„მივესალმები და მგონია, რომ უკეთესი იქნება, თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურს ახალგაზრდები თავდაცვის ძალებში გაივლიან. ყოველ შემთხვევაში ის მოსამზადებელი კურსი რაც ელემენტარულ სამხედრო უნარჩვევებს ეხება, ყველას უნდა ჰქონდეს გავლილი და ეს ერთ ადგილას იქნება თავმოყრილი. რაც შეეხება საყარაულო სამსახურს, რომელიც ასეთი ყბადაღებული თემაა, მგონია, რომ აბსოლუტურად არასწაორი მიდგომაა.

"საყარაულო სამსახური იგივე საბრძოლო მომზადებაა. ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, სადაც იარაღი, საბრძოლო მასალა ინახება, არავინ იფიქროს, რომ საყარაულო სამსახური მეორადია", - აცხადებს ალადაშვცილი „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ამბობს, რომ სტარტეგიული მნიშვნელობის ობიექტების და ხიდების დაცვაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მისი აზრით, საკონტრაქტო სამსახურში სპეციალურად გაწავრთნილი ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე გვჭირდება, ამისთვის არ უნდა მოვაცდინოთ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ინიციატივა გაუგებარია და უკეფექტის მომტანი იქნება. მისი განცახდებით, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში სამხედრო სარეზერვო სისტემა გააუქმა. შაშკინა ამბობს, რომ ქვეყანაში უკვე 7 წელია წვევამდელთა ინსტიტუტი სრულიად დაკნინებულია. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ 7 წლის შემდეგ ხელისუფლება ახლა მიხვდა, რომ თურმე რეზერვი საჭიროა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებას 2013 წელს რეფორმა რომ არ გაეფუჭებინა, ახლა ქვეყანას 70 ათასიანი რეზერვი და პლუს რეგულარული ჯარი ეყოლებოდა. ამით კი იმ კონკრეტულ ამოცანაზე გავდიოდით, რომელიც ჩვენი თავდაცვის დოქტრინის მიერ იყო დასახული. ეს კი ამერიკელი და ევროპელი მრჩევლების მიერ შემუშავებული რეფორმა იყო.

„ახლა რეფორმას გაურკეველი მანიაკალური აკრძალვების მეშვეობით იწყებენ. თუ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობდით ჯარში სამსახურისთვის მოტივაციას და ვახალისებდით მათ, ამ რეფორმით გამოდის, რომ პირიქით, მათ ჯარს შევაჯავრებთ. ჩვენ გვქონდა ასეთი ინიციატივა, რომ თუ სტუდენტი ვერ გადაიხდიდა სასწავლებლის ფულს, მაშინ ის ერთი წელი ჯარში წავიდოდა და ამ თანხას ჩვენ დავუფარავდით. ესეთი წახალისებით შესაძლებელია, რომ კარგი სამხედრო სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც შემდეგ რეზერვს შექმნის.

"ასეთი აკრძალვები უკუშედეგის მომცემი იქნება. წარმატებული და ნიჭიერი ხალხი საჯარო სექტორში აღარ წავა. ის ეცდება რომ სამსახური კერძო სექტორში ეძებოს. როდესაც 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასწავლებელს ამთავრებს, ეუბნები, რომ სამსახურის ძებნის მაგივრად ჯერ ჯარში წადი თორემ ვერ დასაქმდები, რა თქმა უნდა, ის ეცდება, რომ თავი აარიდოს. ჩვენ ქვეყანაში ამ ასაკში უკვე ოჯახები აქვთ შექმნილი. მის ცოლ-შვილს ვინ მიხედავს, სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ამიტომაც სახელმიწფო სამსახურში დაიწყება ნეპოტიზმი. გაჩნდება გრკვეული გამონაკლისები და კორუფცია", - აცხადებს შაშკინი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×