"ვინც კარგად ერკვევა ბიზნესის ანაბანაში, იცის, რომ, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ბიზნესმენებს ყოველთვის შეუძლიათ შეთანხმება.
"თუ ხაზარაძისათვის გარიგება იქნება სასურველი შედეგის მომტანი, შეიძლება, ამოვიდეს იმ ალტერნატივიდან, რომელიც მას არ დააზარალებს", - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმიდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
"რეზონანსი": ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი, რომელიც "თიბისი ბანკთან" მიმართებაში დაიწყო, არის პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა და ქონების გადანაწილების მცდელობა ვიღაცის მხრიდან, თქვენც ასე ფიქრობთ?
არჩილ გამზარდია: ბუნდოვანი თემაა და შეიძლება, მხოლოდ ვერსიების დონზე მსჯელობა, თუმცა ის, რაც ზედაპირზე დევს, გამორიცხული არ არის, რომ იყოს როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კონტექსტი.
პოლიტიკური იმ თვალასზრისით, რომ ხაზარაძე შეიძლება იყოს მზად სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ფინანსური ის, რომ სახელისუფლებო გავლენიან ჯგუფებს აწყობთ ხაზარაძის გაყვანა თამაშის ველიდან, ანაკლიის ნაწილში. ეს არის ის ვერსიები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვისმენთ.
რაც შეეხება ქონების გადანაწილების მცდელობას, პერსონალიების ინტერესებზე თავს შევიკავებდი და ვერც ამ ვერსიას დავადასტურებ, თუმცა გვახსოვს, წინა ხელისუფლებას როგორი ხისტი მეთოდები ჰქონდა. დღევანდელი ხელისუფლება უფრო კანონებით ჟონგლიორობს, ისეთ სიღრმეებში შედის, რომ სპეციალისტებსაც უჭირთ გარკვევა, რა ხდება.
"რ": ოპოზიცია და არასამათავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხაზარაძეს დიდი სოციალური კაპიტალიც აქვს, მისთვის დაცვის ყველაზე კარგი მექანიზმი საჯაროობაა?
ა.გ: მესმის, რომ ხაზარაძის "კეისის" მიმართ დიდი ინტერესია, მაგრამ მან თავად უნდა გადაწყვიტოს, საჯაროობა უფრო გამოადგება თუ ლოიალობა ხელისუფლებასთან. გააჩნია, რა რიტორიკა და ინსტრუმენტი ექნება თავის დასაცავად. დღეს ხაზარაძე რაღაცას ამბობს, რაღაცას - არა, განცხადებების იქით არ მიდის, სიჩუმის რეჟიმშია.
რაც შეეხება მის სოციალურ კაპიტალს, ეს კაპიტალი მას აქვს, მაგრამ ზოგადად ბანკებისა და ბანკირების მიმართ მოსახლეობის ემპათია დაბალია, "მყვლეფავებად" აღიქვამენ, ივანიშვილის შემთხვევაში ასე არ იყო, მის ბექგრაუნდში იყო მხოლოდ ხარჯვა და არა ის, როგორ იშოვა ფული.
ჩვენ არც ის ვიცით, რა პერსპექტივა ექნება ხაზარაძეს სასამართლო დავების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დროში გაიწელოს. ბოლო ფინანსურ დავებს თუ გავისხენებთ, ყველა დავა ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა.
"რ": ხაზარაძე აცხადებს, რომ იგი არავის გაურიგდება, როგორ შეიძლება ეს საქმე დასრულდეს?
ა.გ: არ არის გამორიცხული, რომ თემის გაპასიურების პროცესი წავიდეს ან სულაც გარიგება მოხდეს, ეს პერსპექტივა ბიზნესში ყოველთვის არის.
ვინც კარგად ერკვევა ბიზენესის ანბანში, იცის, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ბიზნესმენებს ყოველთვის შეუძლიათ შეთანხმება, ანუ კარგი შეთავაზების შემთხვევაში ბევრი უმსხვილესი კომპანია გაყიდულა ან სხვა კომპანიასთან შერწყმულა.
თუ ხაზარაძისთვის გარიგება იქნება სასურველი შედეგის მომტანი, შეიძლება, ამოვიდეს იმ ალტერნატივიდან, რომელიც მას არ დააზარალებს.