საქართველოში 54 000 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული, აქედან უმრავლესობის პრობლემა ფინანსური მდგომარეობაა და სწავლას მხოლოდ იმიტომ ვერ აგრძელებს, რომ სწავლის გადასახადი არ აქვს დაფარული. ასეთი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება.
სტუდენტთა ამ საერთო რიცხვში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და შეიჩერეს სტუდენტის სტატუსი, რადგანაც ვერ დაფარეს სწავლის მიმდინარე გადასახადი და იძულებული გახდნენ, ამ ხერხისათვის მიემართათ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, 2009-12 წლებში განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოში 54 ათას სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული, რომელთაგან 17 ათასი სწავლას გადასახადის გადაუხდელობის გამო ვერ აგრძელებს. ადრე ასეთი სტუდენტების რაოდენობა 4 ათასი იყო.
"მახსოვს, 2011-12 წლებში, როდესაც განათლების მინისტრი ვიყავი, სამინისტროსთან ტარდებოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ იყო 4 ათასი სტუდენტი, რომელთაც 2011 წელს სტატუსი შეუჩერდა გადაუხდელობის გამო. ჩვენთვის ეს უდიდესი პრობლემა იყო.
განათლების სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხით, ახლა საქართველოში დაახლოებით 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია. 17 ათასზე მეტი ამბობს, რომ სწავლის საფასურის გადახდის ფული არ აქვს და სტატუსი ამიტომ შეუჩერდა. ეს ინფორმაცია არის ნებაყოფლობითი, ანუ სტუდენტს, რომელსაც უჩერდება სტატუსი, აქვს უფლება თქვას ან არ თქვას, რის გამო შეუჩერდა სტატუსი. 17 ათასი პირდაპირ ამბობს, რომ ფული არ აქვს, დანარჩენი ზოგი მალავს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ იყო 4 ათასი და ახლა არის 54 000", - განაცხადა შაშკინმა.
სტუდენტებისთვის არ არის შესაბამისი სამუშაო ადგილები ქვეყანაში, რომ იმუშაონ და თავიანთი სწავლის გადასახადი თვითონ გადაიხადონ. ევროპის ყველა ქვეყანაში აქვთ სტუდენტებს ამის საშუალება, საქართველოში კი გრაფიკი და ანაზღაურება ერთმანეთთან სრულ წინააღმდეგობაშია.
ლილე ქმოსტელი 21 წლისაა ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც სტატუსი შეიჩერა იმის გამო, რომ რთულ ფინანსურ სიტუაციაშია:
"მეორე კურსზე ვარ და მთელი ზაფხული ვმუშაობდი, რომ ერთი სემესტრის თანხა მაინც გადამეხადა, ასეც მოვიქეცი. ამ სემესტრიდან კი უკვე მომიწია სწავლის შეწყვეტა და მეორე სემესტრს ვეღარ ვაგრძელებ. სწავლასა და მუშაობას ერთად ვერ ვახერხებ, ამიტომ მომიწევს, ეს სემესტრი ვიმუშაო და ასე ნელ-ნელა დავამთავრო ბაკალავრიატი. მესმის, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა, მაგრამ სტუდენტებს განათლების საშუალება უნდა მოგვეცეს, იყოს ნორმალური სამუშაო ადგილები ადეკვატური გრაფიკითა და ანაზღაურებით.
არავის ვთხოვთ, რომ უფასოდ გვასწავლონ და თვითონ გადაგვიხადონ ფული, ჩვენ გადავიხდით, მაგრამ ელემენტარული სამუშაო პირობები მაინც ხომ უნდა შეიქმნას. ევროპაში კაფეში მიმტანებს უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე აქ ნორმალურ სამსახურში გვაქვს ჩვენ. ასე სწავლობენ იქ და კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც იყოს მსგავსი პირობები.
50 ჯგუფელი მყავს. მეორე სემესტრიდან ცხრამ უკვე სტატუსი შევაჩერეთ. წლის დასაწყისშიც მოგვაკლდა რამდენიმე. ამაზე ძალიან მწყდება გული. სწავლა უნდათ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ აძლევთ, ვერ აგრძელებენ განათლების მიღებას", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ლილე ქმოსტელმა.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია. სამუშაო ადგილების შემცირება, დაბალი ანაზღაურება და ყოველდღიური მოხმარების საგნების გაძვირება ამ ყველაფრის დასტურია. გიორგი სოლომონიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა გამოც მოუწია ორი წლით აკადემიურის აღება.
"რაიონიდან გადმოვედი ჩაბარების მერე თბილისში და ყველანაირი ხარჯი კისერზე დამაწვა: ბინის ქირა, საკვები, ყოველდღიური მოხმარების საგნები, გზის ფული, კომუნალური გადასახადები. მივხვდი, რომ ელემენტარულად თან კვებას და თან სწვალას ვერ ვახერხებდი ერთდორულად. ამიტომ ორი წლით ავიღე აკადემიური, ვმუშაობ. ვცდილობ, ფული დავაგროვო, რომ შემდეგ სწავლის გაგრძელება შევძლო.
ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა. საშუალო ფენაც კი ცოტა ხანში უმაღლესი განათლების მიღებას ვერ შეძლებს, რაზეც ძალიან მწყდება გული. ამასწინათ მოვისმინე, რომ აპირებენ უფასო პროგრამების დამატებას და იმედია ასეც იქნება, რომ სტუდენტებს გვქონდეს საშუალება, მივიღოთ განათლება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გიორგი სოლომონიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სასკოლო კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, განათლების სფეროს სპეციალისტი მუხრან გულიაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა კომლექსურია და გარდა ფინანსური სიდუხჭირისა, დაკავშირებულია არასწორ პრიორიტეტებთან, როცა პროფესიული განათლების ნაცვლად, თითქმის ყველა მოსწავლე უმაღლესში სწავლას წყვეტს.
"რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის დიდი პრობლემაა, როცა ამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი სწავლას ფინანსური პრობლემის გამო წყვეტს, თუმცა პრობლემა გაცილებით მასშტაბური მგონია. რატომღაც სავალდებულოდ ითვლება, რომ ყველამ უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს და არა პროფესიულ განათლებას მიჰყოს ხელი, რომელსაც სახელმწიფო მეტად აფინანსებს და, იმავდროულად, დასაქმების შანსიც მეტია. საინტერესო იქნებოდა კვლევა და მონაცემები, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა საკუთარი პროფესიით.
ბოლო განცხადებებით გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ აქვს განსაზღვრული პოზიცია, უმაღლესი განთლების ნაწილს მაინც დააფინანსებს თუ არა. განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებში ყოველთვის იქნებიან ძალიან ნიჭიერი, დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები, რომლებსაც სწავლის ფული არ ექნებათ და მათი დაფიანსება აუცილებლად უნდა მოხდეს.
როცა უცხოელებთან ვსაუბრობ ჩვენთან არსებულ სტუდენტურ სესხებზე, მე თვითნაც მიკვირს, იმდენად გაოგნებული არიან ამ სფეროს დაბალი განვითრებით. საბნკო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად უნდა შეიმუშაოს ისეთი საკრედიტო სიტემა, როგორიც უცხოეთშია, ყველაფერთან ერთად ესეც მნიშვნელოვანი დახმაება იქნებოდა და მოტივაცია სტუდენტებისათვის, უკეთ ესწავლათ და შემდეგ დასაქმებულიყვნენ", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" გულიაშვილი.