ხაზარაძე და ჯაფარიძე ყველა მიმართულებით სათანამშრომლოდ მზად არიან
თამარ მუკბანიანი
19.02.2019

 "თიბისი ბანკის" მმართველებმა "ფულის გათეთრების" საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთეს. ხაზარაძე და ჯაფარიძე ფაქტს სრულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მზად არიან, ტრანზაქციის ყველა დოკუმენტი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გააცნონ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურორ სალომე ჩიქობავას თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო "თიბისი ბანკის", მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. პროკურორის თქმით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს პროკურატურას.

ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ჩიქობავას თქმით, მათ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. კითხვაზე, რატომ დაიწყო 2008 წლის საქმეზე გამოძიება 10 წლის შემდეგ, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ ინფორმაცია მიაწოდეს.

სებ-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 13 თებერვლის სხდომაზე მიიღეს. ამასთან, გადაწყვეტილება არც ერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულს წილებს ბანკში არ ეხება.

საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად "თიბისი ბანკის" შემოწმებისას აღმოჩენილ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს" უკავშირებს, რომელიც 2007-08 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. სებ-ი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გამოვლინდა.

"ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი", მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანასა და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. "თიბისი ბანკი" ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული "თიბისი ბანკზე".

"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც "თიბისი ბანკის" შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს", - წერია სებ-ის განცხადებაში.

"თიბისი" კი აცხადებს, რომ ბანკი საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს. თემა, იმთავითვე ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუკავშირეს და გაჩნდა ეჭვი, რომ სამართლებრივი დავის მიღმა პოლიტიკური მოტივია, რასაც, როგორც ჩანს, არ გამორიცხავს არც თავად ხაზარაძე.

ჯაფარიძემ და ხაზარაძემ, საქმესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური კომენტარი 18 თებერვალს გააკეთეს. "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესში ინვესტორს სახელმწიფო გვერდში უდგას, თუმცა ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებები მას აშფოთებს.

"მე არანაირ დასკვნას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. სიტუაცია გვაქვს შემდეგი: თქვენ იცით, რომ ბოლო 5 წელია, მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ სწორედ ამ დროს და ველოდებით ფინანსურ თანხმობას მაისი-ივნისის თვეში.

ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და მას მოჰყვა ინფორმაციის გაჟონვა საერთაშორისო პრესაშიც კი (თითქოს მე და ბადრის კავშირი გვაქვს რაღაც დანაშაულთან), პირდაპირ ემუქრება იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორსა და თავმჯდომარესთან, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე.

ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მხარში გვიდგას. ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს, თუმცა, მეორე მხრივ, მე მაშფოთებს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს განცხადებას მაშინ, როცა გამოძიება დამთავრებული არ არის და სასამართლო დანიშნული არ არის", - აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ მზად არის, აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საბუთები გააცნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს და "ფულის გათეთრების" ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×